აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივენ ბიგანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს არანაირი მინიშნება არ აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი სამხედო გზით გეგმავს ბელარუსში მიმდინარე მოვლენებში ინტერვენციას. ამავე განცხადებაში, რომელიც ბიგანმა დღეს გააკეთა, მან ბელარუსის მთავრობას მოუწოდა გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები.
"ამ ფაქტს არ მივესალმებოდით, მაგრამ არანაირი მინიშნება არ გვაქვს, გარდა საჯარო განცხადებებისა, რომლებიც მოვისმინეთ," - თქვა აშშ-ის რიგით მეორე დიპლომატმა ვილნიუსში. ლიეტუვის დედაქალაქში იგი ბელარუს ოპოზიციონერს სვიატლანა ციხანოუსკაიას შეხვდა.
მიმდინარე კვირის განმავლობაში, ბიგანს ოფიციალური ვიზიტები აქვს ლიეტუვაში, რუსეთში, უკრაინასა და ავსტრიაში. ოფიციალური ტურისას, იგი მთავრობების წამყვან ოფიციალურ პირებთან ერთად რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავს. ავსტრიაში ის შეხვდება ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) წარმომადგენლებს და მათთან რეგიონში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს.