ბაიდენი კაპიტოლიუმზე თავდასხმის წლისთავთან დაკავშირებით ისაუბრებს

ხუთშაბათს, 6 იანვარს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, გასულ წელს, ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერების კაპიტოლიუმზე თავდასხმის ისტორიული მნიშვნელობის შესახებ ისაუბრებს.

თავდასხმის ერთ წლისთავზე, ჯო ბაიდენი, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან ერთად, კაპიტოლიუმის ქანდაკებების დარბაზიდან ისაუბრებს.

ასევე ნახეთ: მედლები კაპიტოლიუმის სამართალდამცავებს - ბაიდენმა სენატის გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა

თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ საკიმ, სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე ჟუნალისტებს უთხრა: „პრეზიდენტი მომხდარის შესახებ სიმართლეს ისაუბრებს და არა იმ სიცრუეს, რომელსაც ზოგიერთები ავრცელებდნენ. ისაუბრებს იმ საფრთხეზე, რომელიც ამან კანონის უზენაესობას და დემოკრატიულ მმართველობას შეუქმნა... ის ასევე აღნიშნავს იმ დღეს, გაიხსენებს 6 იანვრის გმირებს, განსაკუთრებით მამაც სამართალდამცავებს, რომლებმაც კონსტიტუციის დასაცავად იბრძოლეს, დაიცვეს კაპიტოლიუმი და იქ მყოფი ადამიანების სიცოცხლე. მათი ძალისხმევით დემოკრატიამ ბრბოს თავდასხმას გაუძლო და იმ 150 მილიონზე მეტი ადამიანის ნება, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა მისცა, კონგრესმა საბოლოოდ აღრიცხა.“

ტრამპს ხუთშაბათისთვის ფლორიდაში პრეს-კონფერენცია ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ სამშაბათს განაცხადა, რომ მას აუქმებდა. ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ ღონისძიების ნაცვლად, შესაძლოა 15 ივლისს არიზონაში დაგეგმილ შეკრებაზე „მნიშვნელოვან საკითხებზე“ იმსჯელოს.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპუბლიკელთა დაახლოებით 70 პროცენტს, ბაიდენის არჩევნებში გამარჯვება არალეგიტიმურად მიაჩნია.