ბაიდენი მაღალ პოსტებზე ფერადკანიანი ქალების წარდგენას აგრძელებს

სიუზან რაისი, აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების დარგში და მანამდე, ამერიკის 27-ე ელჩი გაეროში

შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მაღალ პოსტებზე ნომინანტების წარდგენას აგრძელებს. მათ შორის კვლავ არიან ფერადკანიანი ქალები.

ბაიდენ-ჰარისის გარდამავალი პერიოდის გუნდის განცხადებაში, რომელიც ხუთშაბათს გამოქვეყნდა, ახალ ნომინაციებს შორის, სამი ფერადკანიანი ქალი სახელდება. ესენი არიან: წარმომადგენელთა პალატის წევრი მარსია ფაჯი, ამერიკის ყოფილი ელჩი გაეროში სიუზან რაისი და კონგრესის ერთ-ერთი კომიტეტის იურისტი კეტრინ ტაი.

ასევე ნახეთ: ჯო ბაიდენმა თავდაცვის მდივნის კანდიდატურა დაასახელა

მარსია ფაჯი დასახელებულია შეერთებული შტატების განსახლების და ურბანული განვითარების ადმინისტრაციის ხელმძღვანელად. სიუზან რაისი - შიდა პოლიტიკის საბჭოს დირექტორად. კეტრინ ტაი კი შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლის პოსტზეა წარდგენილი. ფაჯს და რაისს აფრო-ამერიკული წარმოშობა აქვთ, ტაის მშობლები კი ტაივანელი იმიგრანტები არიან.

დამტკიცების შემთხვევაში, ფაჯი ახალი ადმინისტრაციის მაღალ პოსტებზე დასახელებულ ქალთა ჯგუფში აღმოჩნდება. მასთან ერთად, იქ იქნებიან ამერიკის არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და გაეროს ელჩის პოსტზე წარდგენილი, ლინდა ტომას-გრინფილდი.

ასევე ნახეთ: ბაიდენი ფედერალურ მთავრობაში მაღალ თანამდებობებზე რამდენიმე ქალს დანიშნავს

ბაიდენმა ხუთშაბათს რამდენიმე სხვა ნომინაციაც დაასახელა. აიოვის ყოფილი გუბერნატორი ტომ ვილსაკი, დამტკიცების შემთხვევაში, ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს ჩაუდგება სათავეში. მან პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში ამ პოსტზე 8 წელი დაჰყო. დენის მაკდონაჰი, რომელიც ობამას დროს თეთრი სახლის ადმინისტრაციას მართავდა, ახლა ვეტერანთა მომსახურების დეპარტამენტის მდივნადაა წარდგენილი.