ბაიდენის შვილს იარაღთან დაკავშირებული კრიმინალური ბრალი წარედგინა

ხუთშაბათს, შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შვილ ჰანტერ ბაიდენს კრიმინალური ბრალი წაუყენეს, რომ მოატყუა იარაღის გამყიდველი, რათა მისთვის ცეცხლსასროლი იარაღი მიეყიდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც თანამდებობაზე მყოფ პრეზიდენტის შვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა ხდება.

ბრალდება ხუთშაბათს, დელავერში, შეერთებული შტატების საოლქო სასამართლოში გაფორმდა და ჰანტერ ბაიდენს ბრალი სამ კრიმინალურ ეპიზოდში ედება, რაც დაკავშირებულია მის ტყუილთან იმ ფაქტის შესახებ, რომ იმ დროს ის უკანონო ნარკოტიკებს მოიხმარდა, რაც კანონის შესაბამისად მას ცეცხლსასროლი იარაღის ფლობას აუკრძალავდა.

ბრალდებები უზრუნველყოფს, რომ სასამართლო დრამა დიდ როლს ითამაშებს 80 წლის ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო კამპანიაში. ბაიდენს ხელმეორედ არჩევა სურს და სავარაუდოდ, კვლავ მოუწევს მეტოქეობა თავის 77 წლის რესპუბლიკელ წინამორბედ დონალდ ტრამპთან, რომელიც მომავალი ოთხი სასამართლო გარჩევის წინაშე დგას.

ასევე ნახეთ: ჰანტერ ბაიდენის პროკურორებმა საპროცესო გარიგება უკან გაიწვიეს

ცოტა ხნის წინ დანიშნულ საგანგებო პროკურორ დევიდ ვაისის მიერ ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ წარმოდგენილ ახალ ბრალდებებში, ამერიკული საგადასახადო კანონის დარღვევის შესახებ არაფერია ნათქვამი. ადრინდელი შეთანხმების საფუძველზე, 53 წლის ჰანტერ ბაიდენს შეეძლებოდა თავი დამნაშავედ ეცნო ორ არა კრიმინალურ საგადასახადო დარღვევაზე და ჩაწერილიყო პროგრამაში, რათა იარაღთან დაკავშირებული სამართლებრივი დევნა თავიდან აეცილებინა. ივლისში, სასამართლო მოსმენაზე ეს შეთანხმება ჩავარდა.

პროკურორებმა უმცროს ბაიდენს ბრალი დასდეს, რომ იცრუა ნარკოტიკების მოხმარების შესახებ, როდესაც 2018 წლის ოქტომბერში „Colt Cobra” რევოლვერი შეიძინა.

ეს მოხდა ორ დღეში მას შემდეგ, რაც წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელებმა ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხზე მოკვლევა დაიწყეს, რომელიც ჰანტერ ბაიდენის უცხოურ ბიზნეს გარიგებებს შეეხება.

ჰანტერ ბაიდენის ადვოკატთან კომენტარისთვის დაკავშირება ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა.