რიტორიკა თუ სტრატეგია: ბაიდენის მიდგომა რუსეთთან

„პრეზიდენტ [ვლადიმირ] პუტინს ნათლად ვუთხარი, რომ მე ძალიან განვსხვავდები ჩემი წინამორბედისგან. დასრულდა დრო, როცა შეერთებული შტატები წინ არ აღუდგებოდა რუსულ აგრესიულ ქმედებებს” , - განაცხადა ჯო ბაიდენმა სახელწიფო დეპარტამენტში, საგარეო პოლიტიკაზე საკუთარი ხედვის წარდგენისას.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის და მისი ადმინისტრაციის წევრების განცხადებები რუსეთის მიმართ, მწვავეა. რიტორიკის მიღმა ჯერ-ჯერობით თეთრ სახლს კონკრეტული ნაბიჯები არ გადაუდგამს.

გადატვირთვა თუ არა?

ბაიდენის წინამორბედები ჯორჯ ბუშ უმცროსი, ბარაკ ობამა და დონალდ ტრამპი - რუსეთთან ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყებას ცდილობდნენ. თუმცა, არცერთი ეს მცდელობა არ დასრულებულა წარმატებით.

2001 წელს ჯორჯ ბუშ უმცროსმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა: „მე კაცს თვალებში ჩავხედე. აღმოვაჩინე, რომ ის ძალიან პირდაპირი და სანდოა“. თუმცა, მეორე საპრეზიდენტო ვადის ბოლოს, 2008 წელს მას რუსეთის ქმედებების დაგმობა მოუხდა რუსეთის საქართველოში შეჭრის გამო.

ასევე ნახეთ: ანალიტიკოსები: "ბაიდენის ადმინისტრაციამ კრემლს უნდა აჩვენოს, რომ ოკუპაცია მიუღებელია"

პრეზიდენტმა ობამამაც რუსეთთან ურთიერთობა „გადატვირთვით“ დაიწყო, მეორე ვადის წინ ის მოსკოვს უფრო მეტ „მოქნილობას“ პირდებოდა, მაგრამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ობამასაც მოუწია რუსეთის წინააღმდეგ ზომების მიღება.

რუსეთთან დიალოგი სურდა პრეზიდენტ ტრამპსაც - მაგრამ მისი რუსეთთან კავშირების ორწლიანმა გამოძიებამ, ამის საშუალება არ მისცა. ტრამპი თავს იკავებდა პუტინის პირდაპირი კრიტიკისგან, რაც ხშირად ხდებოდა მისი ოპონენტების შეშფოთების საგანი.

თუმცა, ამ ფონზე მისმა ადმინისტრაციამ რუსეთის შეკავების მიზნით, ბევრი ნაბიჯი გადადგა. მათ შორის იყო საქართველოსა და უკრაინისთვის ანტისატანკო რაკეტების, ჯაველინების გადაცემა, ევროპის თავდაცვის ინიციატივის დაფინანსების გაზრდა, ყირიმის ანექსიასთან და მილსადენი ჩრდილოეთის ნაკადი2-თან დაკავშირებული სანქციები. ხოლო დიდ ბრიტანეთში, ყოფილი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის საბჭოთა დროინდელი, ნერვული აგენტით "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ ტრამპმა ამერიკიდან 60-მდე რუსი დიპლომატი გააძევა.

თუმცა, ყოფილი პრეზიდენტის საპრეზიდენტო ვადის ბოლოს, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის, ამავე საწამლავით მკვლელობის მცდელობა, თეთრმა სახლმა უპასუხოდ დატოვა.

ასევე ნახეთ: ექსპერტები: რუსეთი არაფრის გადატვირთვას არ აპირებს, ბაიდენმა კი ამერიკის ინტერესები და ღირებულებები უნდა დაიცვას

აქედან რამდენიმე თვის თავზე, ბაიდენის ხელისუფლებაში მოსვლა ალექსეი ნავალნის გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებას და მის დაკავებას დაემთხვა.

ვაშინგტონი დღეს რუსეთს მოუწოდებს ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ, აკრიტიკებს მოსკოვს მასშტაბური კიბერ-თავდასხმის და ამერიკის არჩევნებზე გავლენის მოხდენის გამო და აცხადებს, რომ ეს მას „ძვირი დაუჯდება“.

მწვავე რიტორიკას, თეთრი სახლის მხრიდან, ხშირად თან ახლავს მინიშნებები დიალოგის აუცილებლობაზე. ეს კი აჩენს კითხვებს, ხომ არ იქნება კიდევ ერთი გადატვირთვა?

ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ შექმნილი გარემოებების გამო ბაიდენის მხრიდან ეს ნაკლებად მოსალოდნელია.

“ბაიდენი უფრო მკაცრი იქნება [რუსეთთან], ვიდრე პრეზიდენტი ობამა იყო. ობამამ რუსეთთან „გადატვირთვა“ დაიწყო, რაც საბოლოო ჯამში, საკუთარი თავის მოტყუების სავარჯიშო იყო… რუსეთი არაფრის გადატვირთვას არ აპირებს. ვფიქრობ, ჯო ბაიდენს ეს ესმის. იქნება თანამშრომლობა ზოგიერთ სფეროში, მაგრამ ასევე შენარჩუნდება დაძაბული ურთიერთობაც, რომელიც ალბათ, მხოლოდ რიტორიკით შემოიფარგლება“ , - ამბობს რობინ შეპარდი, „ჰალიფაქსის ფორუმის“ ვიცე-პრეზიდენტი.

რიტორიკის მიღმა

ამერიკის ახალი ადმინისტრაციისა და რუსეთის ურთიერთობებში პირველი ქმედითი ნაბიჯი „ახალი სტარტის ხელშეკრულების“ ხუთი წლით უცვლელად გაგრძელება იყო. "სტარტის შეთანხმება" ბაიდენის წინამორბედის, ბარაკ ობამას დროს გაფორმდა და მიზნად ბირთვული იარაღის კონტროლს ისახავს, მას ვადა ამ წლის თებერვალში გასდიოდა.

ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი, 2011 წელს მოსკოვში

მოსკოვს ასევე სურს დიდ შვიდეულში დაბრუნება, საიდანაც ის ყირიმის ანექსიის შემდეგ გარიცხეს. მისთვის მნიშვნელოვანია, „ჩრდილოეთის ნაკადი ორის“ მილსადენის ბედიც, რომლითაც კომპანია „გაზპრომი“ რუსულ გაზს, გერმანიამდე უკრაინის გვერდის ავლით მიიტანს.

პროექტის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ევროპის ენერგო-დამოკიდებულებას რუსეთზე მნიშვნელოვნად გაზრდის. ისევე როგორც დაასუსტებს უკრაინის, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლს.

ამერიკის კონგრესის ორპარტიული თანხმობით, ტრამპმა მილსადენს სანქციები დაუწესა. ამას ეწინააღმდეგებოდა ბერლინი, რომელსაც სურს მილსადენის პროექტი რაც შეიძლება მალე დაასრულოს.

ასევე ნახეთ: ბაიდენის აზრით, რუსული პროექტი "ჩრდილოეთის ნაკადი-2" ევროპისთვის ცუდია

„გერმანია ფიქრობს, რომ უნდა დაასრულონ ეს პროექტი, დაივიწყონ ის და მეტი არაფერი მსგავსი არ გააკეთონ მომავალში. ისინი ფიქრობენ, რომ ახლა ძალიან გვიანია პოზიციის შეცვლა. პოზიციების ცვლილება, ზოგადად ყოველთვის, რთული საკითხია ისეთი ქვეყნისთვის როგორიც გერმანიაა“, - ამბობს დიეტერ დეტკე, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი.

ევროპელი მოკავშირეები

პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია ხშირად უსვამს ხაზს, რომ ტრამპისგან განსხვავებით, ის ევროპელ მოკავშირეებთან ერთად იმოქმედებს საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებზე, და მათ შორის კრემლთან ურთიერთობებში.

თუმცა, "ჩრდილოეთის ნაკად 2"-თან ერთად, ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის სხვა ბევრი უთანხმოება არსებობს.

გასულ კვირას, აქტიური კრიტიკის ქვეშ მოექცა ევროპის წამყვანი დიპლომატი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი. ის მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით ალექსეი ნავალნის და 11,000-ზე მეტი დემონსტრანტის დაკავების ფონზე ჩავიდა. ეს ნაბიჯი ბევრმა არასწორად მიიჩნია. კრიტიკა კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც კრემლმა ბორელის ვიზიტის ფონზე, ევროპელი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა.

ასევე ნახეთ: ბაიდენს ინვესტიციების ჩადებას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ენერგო ინფრასტუქტურაში ურჩევენ

ბრიუსელი ახლა ახალი სანქციების შესაძლებლობას განიხილავს, შესაძლოა ვაშინგტონთან თანხვედრაში.

მაგრამ, გაერთიანება, ისევე როგორ ბაიდენის ადმინისტრაცია, ამის მიუხედავად, ხაზს უსვამს მოსკოვთან „დიალოგის მნიშვნელობას“, რასაც ზოგი ფუჭ ძალისხმევად მიიჩნევს.

„პუტინი ანადგურებს ჩეჩნებს? - ‘ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ’. პუტინი იჭრება საქართველოსა და უკრაინაში, - ‘ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ’. პუტინი მიწასთან ასწორებს ალეპოს, ჰომსს, იდლიბს - 'ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ'. პუტინი კლავს ჩემს მეგობარს და ჩემთვის მისაბაძ ანა პოლიტკოვსკაიას და სხვა რუს ჟურნალისტებს და ოპონენტებს - ‘ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ’. 20 წელია ვისმენთ ამ სიტყვებს ბრიუსელისგან, პარიზისგან, ბერლინისგან, კრიმინალურ რეჟიმთან თანამშრომლობის საჭიროებაზე. დროა გავიგოთ, რომ ისაა, ვისაც არ უნდა თანამშრომლობა“, - განაცხადა დიალოგის აუცილებლობაზე საუბრისას, ფრანგმა ევროპარლამენტარმა, რაფაელ გლუქსმანმა ევროპარლამენტში გამოსვლისას.

ასევე ნახეთ: გერმანია: ლავროვის განცხადება კავშირების გაწყვეტაზე "შემაცბუნებელია"

ევროკავშირი მომავალ კვირას განიხილავს დამატებით სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. მომავალ ნაბიჯებზე საუბრობენ ასევე ვაშინგტონშიც. მიუხედავად იმისა, თუ როგორ ფორმას მიიღებს ახალი ადმინისტრაციის საგარეო კურსი, ნათელია რომ ტრამპისგან განსხვავებით, რომელიც რუსეთს არ აკრიტიკებდა, დღეს ვაშინგტონში ტონი შეიცვალა.