შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ორშაბათს განაცხადა, რომ გაზსადენი "ჩრდოლოეთის ნაკადი 2" შეჩერდება, თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. ჯო ბაიდენმა განცხადება გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ბაიდენი დიდი ხნის მანძილზე ეწინააღმდეგებოდა მრავალწლიან პროექტს, რომელმაც რუსული ბუნებრივი აირი გერმანიას, ბალტიის ზღვის გავლით და უკრაინის გვერდის ავლით უნდა მიაწოდოს. 11-მილიარდიანი გაზსადენი ამ ეტაპზე დასრულებულია, თუმცა მისი ამუშავება, ფორმალური პროცესების გამო, ჯერ არ მომხდარა და მიმდინარე წლის მეორე ნახევრამდე არ განიხილება.
ასევე ნახეთ: ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის ამოქმედება შესაძლოა რუსეთის უკრაინაში გადადგმულმა ნაბიჯებმა გადაწყვიტოს"თუ რუსეთი შეიჭრება, ეს ნიშნავს, რომ ტანკები და ჯარები გადაკვეთენ... უკრაინის საზღვრებს კიდევ ერთხელ, მაშინ აღარ იქნება... "ჩრდილოეთის ნაკადი 2". ჩვენ მას დავასრულებთ... გპირდებით, რომ ამას შევძლებთ" - განაცხადა ბაიდენმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე. გერმანიის კანცლერის თქმით, ამერიკას და გერმანიას უკრაინასთან მიმართებაში, რუსეთთან და სანქციებთან დაკავშირებით, ერთი მიდგომა აქვთ. თუმცა, შოლცს კონკრეტულად არ უხსენებია გაზსადენი "ჩრდილოეთის ნაკადი 2".
"ჩვენ ერთიანი ვიქნებით. ერთად ვიმოქმედებთ. და ჩვენ ყველა საჭირო ნაბიჯს გადავდგამთ" - თქვა შოლცმა ინგლისურად. მან აქამდეც არაერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთს მაღალი საფასურის გადახდა მოუწევს, თუ ის უკრაინაში შეიჭრება.
შოლცი მომდევნო კვირაში უკრაინაში და რუსეთში ჩასვლას გეგმავს და ორივე ქვეყნის ლიდერებთან უკრაინის საზღვრებზე შექმნილი სიტუაციის დეესკალაციას შეეცდება. უკრაინის საზღვრებთან კრემლს დღეისთვის 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი და დიდი რაოდენობის სამხედრო ტექნიკა ჰყავს მობილიზებული. იგივე მიზნით, ორშაბათს, მოსკოვში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ჩავიდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა.
ასევე ნახეთ: მაკრონმა პუტინს უთხრა, რომ ომის თავიდან აცილება სურსოლაფ შოლცმა ვაშინგტონში ვიზიტის განმავლობაში შეხვედრები ამერიკელ კანონმდებლებთანაც გამართა. ის შეხვდა როგორც დემოკრატ, ისე რესპუბლიკელ სენატორებს და კონგრესმენებს, მათ შორის - ჩაკ შუმერს, სენატის დემოკრატთა ლიდერს და მიტჩ მაკკონელს - რესპუბლიკელთა ლიდერს.
პრეზიდენტ ბაიდენის თქმით, გერმანიის, როგორც პარტნიორის საიმედოობაში ეჭვის შეტანის "არანაირი" საფუძველი ამერიკას არ გააჩნია. გერმანია უკრაინისთვის რიგით მეორეა ყველაზე მსხვილ დონორებს შორის, რომელიც კიევს არასამხედრო დახმარებას აწვდის. თეთრი სახლის ადმინისტრაცია ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთზე დასაწესებელი სანქციების პაკეტი ბერლინთან ერთად განიხილება.
თუმცა, კიევის კრიტიკა დაიმსახურა, ბერლინის ნაბიჯმა არ დაეშვა მის მიერ წარმოებული იარაღის, უკრაინისთვის გადაცემა. შულცის ვაშინგტონში ვიზიტის პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევს ეწვია და იქ შეხვედრები გამართა. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, მას არ შეხვედრია.
უკრაინის საზღვრებთან 100 000-მდე რუსი სამხედროა მობილიზებული. რუსეთის შეიარაღებული ძალები ბელარუსში სამხედრო წვრთნებშიც მონაწილეობენ. უკრაინაში და დასავლეთის ქვეყნებში შიშობენ, რომ რუსეთი შესაძლოა უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრას. კრემლი ამას უარყოფს.