არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის რჩეული ჯანდაცვის მდივნის პოზიციაზე კალიფორნიის გენერალური პროკურორი ჰავიერ ბესერაა.
თუკი სენატი ბესერას კანდიდატურას დაამტკიცებს, 62 წლის ყოფილი პროკურორი პირველი ლათინური წარმოშობის ამერიკელი იქნება, რომელიც ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი სერვისების დეპარტამენტს უხელმძღვანელებს. სააგენტოს 1 ტრილიონზე მეტი დაფინანსება და 80 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. მის ფუნქციებშია მედიკამენტებთან და ვაქცინებთან დაკავშირებული საკითხები, კლინიკური კვლევები და ჯანდაცვის პროგრამები, რომლებიც 130 მილიონზე მეტი ამერიკელის ჯანმრთელობის დაზღვევას უზრუნველყოფს.
ბაიდენის მიერ ბესერას შერჩევას წყაროები ადასტურებენ, თუმცა ოფიციალურად ამ პოსტზე კანდიდატს ბაიდენი სამშაბათს დაასახელებს.
ასევე ნახეთ: კვლევა: აშშ-ში კოვიდ-19 2019 წლის დეკემბერში უკვე ვრცელდებოდაამასთან, ბაიდენმა ახალი კანდიდატი შეარჩია ამერიკის "დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის" დირექტორის პოზიციაზეც. მისი რჩეული ჰარვარდის ინფექციური დაავადებების ექსპერტი, როშელ უალენსკია. ამ პოსტზე დამტკიცებას სენატის მხარდაჭერა არ სჭირდება.
ბესერა, დემოკრატიული შტატების კოალიციას ხელმძღვანელობდა, რომლის მიზანიც ე.წ. ობამაქეარის სახელწოდებით ცნობილი, ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის დაცვა იყო. დონალდ ტრამპი მის გაუქმებას ცდილობდა, თუმცა ეს საქმე უზენაეს სასამართლოში ჯერ კიდევ განხილვის მოლოდინშია.