ყოფილი ვიცე-პრემიერი, ჯო ბაიდენი, 20 დემოკრატ საპრეზიდენტო კანდიდატს შორის, გამოკითხვების თანახმად, ის წამყვანი კანდიდატია, ვინც 2020 წელს პრეზიდენტ ტრამპის დამარცხებას აპირებს. მიუხედავად დებატების ორივე ტურში ლიდერობისა, ბაიდენი ხშირად უშვებს შეცდომებს თავის სიტყვით გამოსვლებში.
ბაიდენი, რომელსაც ამერიკულ პოლიტიკაში 40 წელზე მეტი გამოცდილება აქვს, ხშირად გამხდარა განხილვის საგანი საკუთარ გამოსვლებში გაუგებარი, შეცდომით ნათქვამი სიტყვების გამო. ეს ხშირად აძლევს 67 წლის პოლიტიკოსის ოპონენტებს საშუალებას, რომ გააკრიტიკონ ის.
ბოლო შემთხვევა, აიოვის შტატში, დემოკრატ მომხრეებთან შეხვედრის დროს მოხდა. ბაიდენი ამომრჩევლებს ფერმაში, ყოველწლიურ ფესტივალზე შეხვდა, სადაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გაკრიტიკების დროს თქვა: „ჩვენ ვირჩევთ მეცნიერებას და არა გამოგონილ ამბებს, ჩვენ ვირჩევთ სიმართლეს და არა ფაქტებს“.
ბაიდენის კომენტარს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელმაც თავის "ტვიტერზე" დაწერა: „ნუთუ ვინმეს გგონიათ, რომ ის მენტალურად მზადაა საპრეზიდენტოდ?“ მანვე დასძინა: „ჩვენ „ვთამაშობთ“ ძალიან დიდ და რთულ სამყაროში. ჯოს წარმოდგენაც არ აქვს!“
მედიასთან საუბარში, თავად ტრამპიც ხშირად ისეთ განცხადებებს აკეთებს, რაც შემდეგ განხილვის საგანი ხდება. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, 4 დემოკრატ კონგრესმენ ქალზე მან თქვა, რომ ისინი შინ, თავიანთ სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყვნენ. თუმცა, 4-იდან სამი ამერიკაში დაბადებული ამერიკის მოქალაქეა, ხოლო მესამე ამერიკაში ლტოლვილის სტატუსით ჩამოვიდა და დღეს, ამერიკის ნატურალიზებული მოქალაქეა.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი, რომელიც მასობრივი მკვლელობის შედეგად დაღუპულებს ეხებოდა, ტრამპმა ქალაქ დეიტონის ნაცვლად, ტოლედო ახსენა. სროლა დეიტონში მოხდა, ხოლო ტოლედო ამ ადგილიდან 240 კილომეტრით დაშორებული ქალაქია.
მსგავსი ტიპის შეცდომა დაუშვა ბაიდენმაც მასობრივი მკვლელობის ინციდენტზე საუბრისას და თქვა, რომ მკვლელობა ჰიუსტონში მოხდა, ტეხასის ქალაქ ელ-პასოს ნაცვლად.
ბაიდენის ოპონენტები ასევე არ ივიწყებენ მის გამოსვლას, სადაც მან თქვა: „ღარიბი ბავშვები ისეთივე ჭკვიანი და ნიჭიერები არიან, როგორც თეთრკანიანი ბავშვები“, ამ ტექსტმა ხალხს შთაბეჭდილება დაუტოვა, რომ ბაიდენმა ღარიბი ბავშვები შავკანიან ბავშვებთან გააიგივა. თუმცა, მალევე პოლიტიკოსმა სიტყვას შემდეგი წინადადება დაამატა: „ჯანმრთელი ბავშვები, შავი ბავშვები, აზიელი ბავშვები, ამას ვგულისხმობ, თუმცა განსაჯეთ, თუ როგორ ვფიქრობთ ჩვენ ამაზე.“
დემოკრატების დებატების მეორე ნაწილში ბაიდენი საუბრობდა იმაზე, თუ რამდენ ხანს დაიკავებს დონალდ ტრამპი პრეზიდენტის სავარძელს გამარჯვების შემთხვევაში. მან თქვა, რომ ტრამპი კიდევ 8 წლის განმავლობაში იქნებოდა პრეზიდენტი, როდესაც მაქსიმუმ მას კიდევ 4 წლით შეუძლია იყოს ამერიკის პრეზიდენტი.
დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატების შემდეგი დებატები სექტემბერში გაიმართება.