სენატორი კარდინი: რუსეთის ჩარევა ჩვენს არჩევნებში ნათელია

ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი დემოკრატი სენატორი ბენ კარდინი ამერიკის ხმის სერბულ განყოფილებასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ კონგრესის რამდენიმე გამოძიება, რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესასწავლად 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, გაგრძელდება, მიუხედავად პრეზიდენტის და რესპუბლიკელი კონგრესმენების ამასწინანდელი მოწოდებებისა, რომ კანონმდებლებმა დროულად დაასრულონ მუშაობა ამ საკითხზე. „მე არ ვფიქრობ, რომ ამ საკითხის შესწავლის დასასრულს ვუახლოვდებით“, თქვა მან და ამით ერთგვარი პასუხი გასცა პრეზიდენტის განცხადებას, რომ ამერიკელები დაიღალნენ ამ თემით.

კარდინის თქმით, ყოველდღე ახალი და ახალი ინფორმაცია ვრცელდება რუსეთის სავარაუდო მონაწილეობის შესახებ ამ პროცესში. მისი რწმენით, ნათელია, რომ მოსკოვი მართლაც შეეცადა ინტერვენციას, და კიბერ მეთოდებით ყველაფერი გააკეთა, რომ ერთერთი კანდიდატის-დონალდ ტრამპის სასარგებლოდ წარმართულიყო პროცესი.