ბელარუს სპორტსმენს პროტესტში მონაწილეობისთვის 2.5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ბელარუსის სასამართლომ მსოფლიო ჩემპიონ კიკბოქსერ ალექსი კუძინს 2,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად დასდეს უსაფრთხოების ოფიცერზე თავდასხმა, რაც პროკურატურის მტკიცებით გასული წლის არჩევნების შემდეგ გამართული პრო-დემოკრატიული დემონსტრაციის დროს მოხდა.

ასევე ნახეთ: ბელარუსმა ოლიმპიელმა ტოკიოში პოლონეთის საელჩოს თავი შეაფარა

შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლ კუძინის, მეტსახელად “The Brick” (აგური), განაჩენი მინსკის მალადიეჟნას რაიონის სასამართლომ 11 აგვისტოს გამოაცხადა.

კუძინი იანვარში, მოსკოვში დააკავეს, სადაც ის 2020 წლის შემოდგომის შემდეგ გაიქცა.

ივლისში, რუსეთმა კუძინის ბელარუსში ექსტრადირება მოახდინა, მიუხედავად საფუძვლიანი ვარაუდისა, რომ შესაძლო იყო სპორტსმენი პოლიტიკური დევნის და წამების მსხვერპლი გამხდარიყო.

2020 წლის 9 აგვისტოს, ბელარუსში ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა, ავტორიტარულ ლიდერ ალექსანდრ ლუკაშენკოს პრეზიდენტის თანამდებობა ხმების დიდი გარღვევით, მეექვსე ვადით მიანიჭა. ამას მოჰყვა უმაგალითო პროტესტების ტალღა და ბრალდებები, რომ ხმის მიცემა გაყალბდა.

არჩევნების მეორე დღეს, კუძინმა პრო-დემოკრატიულ შეკრებაში მიიღო მონაწილეობა. უსაფრთხოების ძალები დემონსტრანტებს ცრემლსადენი გაზით და ხელკეტებით დაესხნენ თავს.

შეხლა-შემოხლის დროს, კუძინმა უსაფრთხოების ოფიცერი სავარაუდოდ ნოკაუტში გაგზავნა.

სპორტსმენი მოგვიანებით დააკავეს საავადმყოფოსთან, სადაც დაშავების გამო სამედიცინო დახმარების მისაღებად მივიდა.

ორკვირიანი პატიმრობისას კუძინი სავარაუდოდ სცემეს და რეზინის ტყვიები ესროლეს, შემდეგ ის შინაპატიმრობაში გაუშვეს.

ამის შემდეგ ის რუსეთში გაიქცა და ნოემბერში დანიშნულ სასამართლო მოსმენაზე არ გამოცხადდა.