ბელარუსში „ევრონიუსის“ მაუწყებლობა შეაჩერეს

ბელარუსში, ევროპული მედიის, „ევრონიუსის“ მაუწყებლობა შეაჩერეს. ეს ლუკაშენკოს მთავრობის კიდევ ერთი ნაბიჯია ქვეყანაში თავისუფალ მედიასთან საბრძოლველად. აგვისტოს საპროტესტო აქციების შემდეგ, ქვეყანაში თავისუფალი მედიის წარმომადგენლები მუდმივი ზეწოლის ქვეშ ცხოვრობენ.

ინფორმაციის მინისტრმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც განმარტებული იყო, თუ რატომ აღარ მაუწყებლობს ქვეყანაში „ევრონიუსი“. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, „ევრონიუსს“, რომელსაც 24-საათიანი სამაუწყებლო ბადე ჰქონდა და ინფორმაციას 12 ენაზე, მათ შორის რუსულადაც გადასცემს, მაუწებლობის ლიცენზია ამოეწურა.

ასევე ნახეთ: ბელარუსში ოპოზიციის ლიდერის წინააღმდეგ ტერორიზმის ბრალდებით საქმე აღიძრა

მინისტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ევრონიუსის“ ადგილს რუსული არხი „პაბედა“ (გამარჯვება) დაიკავებს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შესახებ ამზადებს სატელევიზიო მასალებს. ბოლო წლებში რუსეთი აქტიურად უწევს პროპაგანდას საბჭოთა კავშირის მიერ მოპოვებულ გამარჯვებას 1945 წელს და ამით დასავლეთის წინააღმდეგ პროპაგანდასაც უწყობს ხელს.

სამინისტროში აცხადებენ, რომ „ევრონიუსს“ მაუწყებლობის ლიცენზია აღარ გაუგრძელეს, ვინაიდან ტელეარხმა ქვეყნის კანონი დაარღვია და რეკლამებს ინგლისურ ენაზე უშვებდა, როდესაც ეს რუსულად, ან ბელარუსულად უნდა გაეკეთებინა. „ევრონიუსში“ მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ასევე ნახეთ: ქალების ბრძოლა ბელარუსისთვის

„გასული ზაფხულის შემდეგ ოფიციალური პირები სისტემატიურად გვიშენებენ ერთგვარ „ჩინეთის დიდ კედელს“ ბელარუსის საზოგადოების ირგვლივ. ისინი ატერორებენ ჟურნალისტებს და ხურავენ მედია გამომცემლობებს“, - ამბობს ბარის ჰარეტსკი, ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციიდან.

ბელარუსში სიტუაცია განსაკუთრებით 2020 წლის 8 აგვისტოს შემდეგ დაიძაბა, როდესაც ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და გამოცხადდა, რომ გამარჯვებული, კვლავ ალექსანდრ ლუკაშენკო იყო. ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. ხალხი დღემდე ითხოვს ლუკაშენკოს გადადგომას და ოპოზიციის გამარჯვებული კანდიდატის, სვეტლანა ციხანუსკაიას ქვეყანაში დაბრუნებას, ახალი არჩევნების ჩასატარებლად.

ასევე ნახეთ: ციხანუსკაია პოლიტპატიმრებს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

პროტესტის სამი ქალი ლიდერიდან, ორმა იძულებით დატოვა ქვეყანა, ხოლო მესამე სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაპატიმრებულია. ათასობით დემონსტრანტი დაკავებულია, დღემდე მიმდინარეობს რეპრესიები ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ.