"პატრიოტთა ალიანსი" აჭარას ოკუპირებულად წარმოაჩენს

"პატრიოტთა ალიანსის" ბანერი გონიოსთან, სადაც აჭარა ოკუპირებულადაა წარმოდგენილი

საქართველოს „პატრიოტთა ალიანსმა“, პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოში, რომელიც 2016 წლის არჩევნების შემდგომ პარლამენტში 6 წევრით შევიდა, აჭარაში, რამდენიმე ადგილას ბანერი განათავსა, რომელზეც აჭარა საქართველოს ოკუპირებულ ნაწილადაა წარმოდგენილი. ნარატივი, რომლის თანახმად საქართველოს მთავარი ოკუპანტი თურქეთია, რუსული პროპაგანდის მნიშვნელოვან ძარღვს წარმოადგენს.

პრორუსულად განწყობილი ძალები მუდმივად ავითარებენ დისკურსს იმის თაობაზე, რომ თურქეთს ისტორიული ტაო-კლარჯეთი აქვს მიტაცებული და რომ საფრთხის ქვეშ დგას ბათუმიც, რადგან აქ „ბევრი კაფე და სასტუმროა, რომელსაც თურქი მეპატრონე ჰყავს“. როგორც წესი, ამგვარი „არგუმენტაცია“ იმ დროს მოჰყავთ, როდესაც საუბარი ეხება რუსეთს, როგორც ოკუპანტს. „პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოს „ნეიტრალიტეტს“ მოითხოვს და ეწინააღმდეგება მის ინტერგაციას ნატოში. ამდენად, პარტია, რომელიც პარლამენტში მანდატებს ფლობს, ღიად მხარს უჭერს და იმეორებს რუსული პროპაგანდის მიერ შექმნილ მითს იმის თაობაზე, რომ საქართველოს მტერი არა რუსეთი, არამედ თურქეთია.

Your browser doesn’t support HTML5

აჭარლები რუსული პროპაგანდისა და პატრიოტთა ალიანსის წინააღმდეგ

საქართველოს ერთიანობასა და სუვერენიტეტს მსოფლიოს ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო გაერთიანება და ალიანსი აღიარებს, მათ შორის გაერო, ეუთო, ევროკავშირი, ნატო. ყველა მათგანი საქართველოს ტერიტორიას მოიაზრებს ერთიან სივრცედ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით, თუმცა ამ საზღვრებში არსად ფიგურირებს ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორია. ეს ბუნებრივია, იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიომ საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრებიდან გამომდინარე ცნო (სადაც ასევე არ შედიოდა ტაო-კლარჯეთი).

რაც შეეხება უშუალოდ ბათუმსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, ის საქართველოს განუყოფელი ნაწილია როგორც საქართველოს პირველი რესპუბლიკის, ასევე საბჭოთა კავშირის პერიოდში, და ახლაც. უფრო მეტიც - თურქეთს, მთელი ამ დროის განმავლობაში არასდროს განუცადებია პრეტენზია საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის არც ერთ მონაკვეთზე. ამის მიუხედავად, „პატრიოტთა ალიანსი“ სიმართლის გამრუდებას ცდილობს - სურს, რეალურ ოკუპანტს უჩინმაჩინის მოსასხამი მოარგოს, მის ნაცვლად კი ილუზიონისტის "შლაპიდან" სხვა ამოაძვრინოს.

„პატრიოტთა ალიანსის“ ტრიუკი, როგორც ჩანს, თავად აჭარლებს ძალიან არ მოეწონათ, რადგან ბანერმა, ოკუპირებული აჭარით, 24 საათსაც ვერ გაძლო ადგილზე. ის ჩამოხსნეს.

„პატრიოტთა ალიანსის“ წინასაარჩევნო პოზირების სტილი დაგმო „ქართულმა ოცნებამ“. მისმა წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ „პატრიოტთა ალიანსის“ ქმედებას „მძიმე პროვოკაცია“ უწოდა, ალიანსი კი „შმატრიოტებად“ მოიხსენია: „ეს არის ძალიან მძიმე პროვოკაცია, იკვეთება, რა თქმა უნდა, დაკვეთის ნიშნები. ხშირად მიმართავენ ხოლმე ასეთ ნაბიჯებს „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები, რაც ბუნებრივია, იწვევს აღშფოთებას. ეს არაა შემთხვევითი, ესაა მიზანმიმართული პროვოკაცია და ძალიან მძიმე პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ.“

ოცნების წარმომადგენლები „პატრიოტთა ალიანსს“ პირდაპირ რუსული დაკვეთის შესრულებაში სდებენ ბრალს. ამის თაობაზე მამუკა მდინარაძემაც განაცხადა. ეს „პატრიოტთა ალიანსის“ ყველაზე მწვავე და ყველაზე თვალშისაცემი კრიტიკაა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომლის მსგავსიც აქამდე არ დაფიქსირებულა.

ამ დროისთვის უცნობია, წავა თუ არა საქმე რიტორიკაზე უფრო შორის და მოუწევს თუ არა „პატრიოტთა ალიანსს“ რაიმე ფორმით პასუხისგება ამ, „ქართული ოცნების“ შეფასებით, პროვოკაციულ ქმედებაზე. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ ალიანსი კვლავ იქცა განკიცხვის ობიექტად, როდესაც მისმა ორმა წარმომადგენელმა აფხაზეთში „იმოგზაურა“. ვის, რატომ და როგორ შეუთანხმდა ალიანსი აფხაზეთში „მომლოცველად“ წასვლაზე, მისი წარმომადგენლები დეტალებს არ ახმაურებენ. ილორის ტაძარში მათ მიერ შეწირული ხატი კი აფხაზებმა უკან გამოგზავნეს, მას შემდეგ, რაც მათი ვიზიტის შესახებ შეიტყვეს. დე-ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას თანაშემწეს, ლაშა საყანიას კი „პატრიოტებთან“ შეხვედრა თანამდებობის დატოვების ფასად დაუჯდა.

ირმა ინაშვილი, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ მათი პოლიტიკური ძალა, უკანასკნელი ათი წელია ცდილობს საზოგადოებას ყურადღება მიაქცევინონ აჭარაში თურქულ ეკონომიკურ და იდეოლოგიურ ექსპანსიაზე. „ყველა მნიშვნელოვანი ბიზნეს დაწესებულებები, კომპანიები, ობიექტები აჭარაში ეკუთვნის თურქეთის მოქალაქეებს, თურქ ბიზნესმენებს“,- აცხადებს ირმა ინაშვილი.

ირაკლი კუპრაძე „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელია. ის ბათუმში დაიბადა და გაიზარდა, სწორედ მან ჩამოხსნა გონიოსთან „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ განთავსებული ბანერი. „ყველას მოვუწოდებთ, სადაც ნახავთ მსგავს ბანერს, ჩამოხსნათ და უთხრათ „არა“ „პატრიოტთა ალიანსს“. უთხარით „არა“ იმ რუსულ კვალს, რომელსაც ეს პარტია ატარებს საკუთარ თავში. ეს არის მოღალატეობრივი პოლიტიკა, მცდელობა იმისა, რომ სამარცხვინოდ გვაჩვენონ, თითქოსდა, აჭარა არის საფრთხის ქვეშ. მათ აჭარა დააყენეს თანასწორად, როგორც ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალი. ესაა შეურაცხყოფა ყველა აჭარელის. ჩვენ ამას არასდროს დავუშვებთ“,- ამბობს ირაკლი კუპრაძე.

ბათუმის მერიამ კიდევ ორი ანალოგიური ბანერი თავად ჩამოხსნა, როგორც უკანონოდ განთავსებული. „შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი, რომელსაც ბათუმის სასამართლო განიხილავს,“- ამბობენ ბათუმის მერიაში. ამ განცხადებით ირკვევა, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ თავს უფლება მისცა არა მხოლოდ უხამსი შინაარსის ბანერი განეთავსებინა, არამედ იმისაც, რომ ამის თაობაზე ნებართვაც კი არ აეღო.