ინტერვიუს დასაწყისში სტამბოლში მდებარე ყადირ ჰასის სახელობის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ასოცირებულმა პროფესორმა მიტატ ჩელიკპალამ აღნიშნა, რომ აფხაზური პერსპექტივიდან ბაღაფშის ვიზიტი თურქეთში წარმატებული იყო, რადგან მან თურქეთში აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებთან კავშირები გაამყარა. ამას გარდა, ბაღაფშს შეხვედრები ჰქონდა თურქეთის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ პირებსა და ზოგიერთ პოლიტიკოსთანაც. ჩელიკპალას აზრით, ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი იყო ის, რომ აფხაზურმა მხარემ მნიშვნელოვნად გააღრმავა ურთიერთობა თურქეთის ბიზნეს წრეებთან.
რაც შეეხება ბაღაფში შეხვედრებს თურქ პოლიტიკოსებთან, ჩელიკპალამ კერძოდ აღნიშნა:
„მას პირველად მიეცა საშუალება შეხვედროდა მეორეხარისხოვან პოლიტიკოსებს როგორც მმართველი ისე ოპოზიციური პარტიებიდან. იმავდროულად მასთან შეხვედრით დაინტერესდნენ ახლად დაარსებული პარტიების წარმომადგენლებიც. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ბაღაფშს შეხვდენენ ძირითადად ის პოლიტიკოსები, რომლებიც აფხაზური დიასპორით დასახლებული რეგიონებიდან არიან. მაგალითად, ქალაქ ადაპაზარედან, საკარიასა და დუზჯეს პროვინციებიდან ისევე როგორც სტამბოლიდან და ანკარადან.“
თურქი ექსპერტის თქმით, ბაღაფშმა და აფხაზურმა დელეგაციამ ისევე როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყვეს, რომ ვიზიტის მსვლელობისას ადგილი ჰქონდა რაიმე ოფიციალურ შეხვედრებს. თუმცა გავრცელებული ცნობების თანახმად, არაოფიციალური შეხვედრები ბაღაფშსა და სამთავრობო წრეებს შორის მაინც შედგა. თურქი ესპერტის ვარაუდით, არაოფიციალური შეხვედრების ორგანიზებას ხელი შეუწყვეს ბაღაფშის ვიზიტის თურქმა ორგანიზატორებმა, რომლებმაც შუამავალის როლი შეასრულეს აფხაზურ დელეგაციასა და თურქეთის სამთავრობო წრეებს შორის.
კითხვაზე თუ რა იყო თურქეთში ბაღაფშის ვიზიტის მთავარი მიზანი ჩელიკპალამ შემდეგი პასუხი გასცა:
„ვიზიტი ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებასა და ვაჭრობის განვითარებას ისახავდა მიზნად. ბაღაფშმა განაცხადა, რომ მას თურქეთის პოზიცია და პოლიტიკური პრიორიტეტები კარგად ესმის. სამთავრობო წრეებთან მიმართებაში იგი თურქეთის საგარეო პოლიტიკის კრიტიკას განგებ თავს არიდებდა. მან არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს-დღეობით აფხაზებისთვის ვაჭრობა და ეკონომიკური განვითარება უმთავრეს პრიორიტეტებს წარმოადგენს, რაც თურქი პოლიტიკოსების მოლოდინს სავსებით შეესაბამება. ხსენებული პრიორიტეტების გათვალისწინებით არ არის გასაკვირი, რომ ბაღაფშის ვიზიტმა თურქულ ბიზნეს წრეებში როგორც სტამბოლში ისე ანკარაში ესოდენ დიდი ინტერესი გამოიწვია. ვიზიტის შედეგად მან თურქეთის ბიზნეს წრეებთან უდავოდ ბევრი ნაყოფიერი კავშირი დაამყარა.“
მიტატ ჩელიკპალას მიაჩნია, რომ ბაღაფშის გზავნილში მნიშვნელოვანი იყო ის, რომ აფხაზურ მხარეს სურს, რომ თურქეთმა სხვა გარე ძალების - რუსეთის, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების - ინტერესების დაბალანსებას შეუწყოს ხელი. ბაღაფშს სურს, რომ თურქეთმა აფხაზეთსა და საქართველოს შორის შუამავლის ფუნქცია შეასრულოს.
აფხაზეთსა და თურქეთს შორის მიმოსვლის გაადვილებასთან დაკავშირებით თურქმა ექსპერტმა დასძინა:
„დიასპორის ორგანიზაციებთან შეხვედრების დროს ბაღაფშმა რამდენიმეჯერ საჯაროდ განაცხადა, რომ ახლო მომავალში მოსალოდნელია გაიხსნას სანაოსნო მიმოსვლა ტრაბზონსა და სოხუმს შორის ბორანის საშუალებით. უფრო მეტიც, ბაღაფშმა აღნიშნა ისიც, რომ თურქეთსა და აფხაზეთს შორის საჰაერო მიმოსვლის დამყარების შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ ევროპელები მას ბლოკავენ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის გახლავთ, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის გაადვილებული სავიზო რეჟიმი სულ რაღაც რამდენიმე დღეში ძალაში შევა, რაც იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთში სტუმრობის მსურველი თურქი მოქალაქეები აფხაზეთში რუსეთის გავლით შევლენ. ამდენად არ გამოვრიცხავ, რომ თურქეთის შავი ზღვის სანაპიროდან სოხუმამდე სანაოსნო მიმოსვლა გაიხსნება. აქვე უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ ერთი ან ორი წლის წინ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა რამდენიმეჯერ განაცხადეს, რომ ისინი ამ საკითხზე მუშაობენ. მოგეხსენებათ, რომ ქართულმა მხარემ არაერთხელ თურქული სავაჭრო გემების კონფისკაცია მოახდინა. ეჭვი არ მეპარება, რომ თურქი დიპლომატები და სავაჭრო უწყების ოფიციალური პირები ქართულ მხარესთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ რათა საქართველომ ნება დართოს თურქეთს აფხაზეთთან კავშირის დამყარებაზე სანაოსნო ხაზების საშუალებით.“