ავსტრიაში საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ ულტრა-მემარჯვენე "თავისუფლების პარტიას" მთავრობის დასაკომპლექტებლად კოალიციის შექმნა დასჭირდება.
ეს ევროპაში მემარჯვენე ძალების დაწინაურების კიდევ ერთი მაგალითი იყო. ევროსკეპტიკოსი, რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილმა პარტიამ კვირის არჩევნებში ხმათა უმრავლესობა - 29 % მოიპოვა, თუმცა კანცლერ კარლ ნეამერის კონსერვატიულ "ხალხის პარტიას" სულ რაღაც 2.5 %-ით გაუსწრო. მისმა სხვა ოპონენტებმა, "თავისუფლების პარტიის" ლიდერს - ჰერბერტ კიკლს შედეგების გამოცხადებისთანავე სატელევიზიო გადაცემაში უთხრეს, რომ მას მთავრობის ჩამოყალიბებაში არ დაეხმარებოდნენ. კიკლი მეტოქეებს ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლაში ადანაშაულებს.
"ეს ლურჯი ორშაბათი იქნება, შემდეგ კი ჩვენ ამ 29 %-ს ამ ქვეყნის პოლიტიკურ რეალობად ვაქცევთ", - უთხრა მან კვირას ჟურნალისტებს, რადგან ლურჯი მისი პარტიის ფერია.
კიკლი უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის მოკავშირე, პროვოკაციული და პოლარიზების გამომწვევი პოლიტიკური ფიგურაა, ამჯერად მან მოლაპარაკება ავსტრიის ყველა პოლიტიკურ პარტიას შესთავაზა. მისი გამარჯვება შესაძლოა უშედეგო აღმოჩნდეს, თუ მას მთავრობის ფორმირებაში რომელიმე სხვა პარტია ან პარტიები არ დაუჭერენ მხარს.
პრეზიდენტმა ალექსანდერ ვან დერ ბელენმა, "მწვანეების" ყოფილმა ლიდერმა, ვინც მთავრობის ფორმირების პროცესს ზედამხედველობს, ყველა პარტიას მოუწოდა გამართონ მოლაპარაკებები და მოსახლეობა გააფრთხილა, რომ პროცესი შესაძლოა გაიწელოს.
კიკლის გამარჯვებას ევროპელი ულტრა-მემარჯვენე პარტიები მიესალმნენ, მათ შორის ნიდერლანდებში, საფრანგეთსა და გერმანიაში. საფრანგეთში, ივნისში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, მემარჯვენეების პირველ რაუნდში გამარჯვება უშედეგო აღმოჩნდა, რადგან მეორე რაუნდში სხვა პარტიების მხარდამჭერებმა ხმა მათ წინააღმდეგ, მემარცხენე ძალებს მისცეს.