ავსტრიის მთავრობა უერთდება შეერთებულ შტატებს და უნგრეთს და უარს აცხადებს ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელიც იმ ფაქტორების შემსუბუქებას ისახავს მიზნად, რომლებიც მიგრანტებს საკუთარი სამშობლოს დატოვებისკენ უბიძგებს.
დეკემბერში, გაეროს ეგიდით, მაროკოში შეხვედრა გაიმართება, რომელზეც საერთაშორისო თანამეგობრობის წევრები არა-დამავალდებულებელ ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს. შეთანხმება “მოწესრიგებული და რეგულარული მიგრაციის გლობალური კომპაქტი უსაფრთხოებისთვის,” ბოლო ორი წლის განმავლობაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მზადდებოდა.
ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი აცხადებს, რომ შეთანხმება ქვეყნების ეროვნულ სუვერენიტეტს საფრთხეს შეუქმნის და ის ლეგალურ და არაკანონიერ მიგრაციას შორის ზღვარს შლის.
ავსტრიის მთავრობის განცხადებით, მიგრაცია ადამიანის უფლება არც ამ ეტაპზეა და არც მომავალში უნდა იყოს.
უნგრეთმაც დაახლოებით იგივე განცხადება გააკეთა და ივლისში განაცხადა, რომ ხელშეკრულებას ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე არ მოაწერს ხელს.
შეერთებული შტატები პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც გაეროს შეთანხმების ხელმოწერაზე უარი თქვა. შარშან დეკემბერში, მაშინ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა, განაცხადა, რომ შეთანხმება “არ შეესაბამება შეერთებული შტატების საიმიგრაციო და ლტოლვილების მიღების პოლიტიკას.”