ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის გამო დაწყებული საპროტესტო აქციები მსოფლიოს მოედო. რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები არ წყდება ავსტრალიის რამდენიმე დიდ ქალაქში.
ათასობით ადამიანი მივიდა დღეს ქვეყნის დედაქალაქ კანბერაში გამართულ სოლიდარობის აქციაზე. ფიქრობენ, რომ გაცილებით მეტი ადამიანი შეიკრიბება შაბათისთვის დაგეგმილ დემონსტრაციებზე, რაც მოსახლეობას პანდემიის გამო, დამატებით რისკებს შეუქმნის. თუმცა, აქციის ორგანიზატორები ცდილობენ თავი დაიზღვიონ და მონაწილეებს ნიღბებს უფასოდ ურიგებენ.
ავსტრალიის მთავრობა შიშობს, რომ სოციალური დისტანციების დაცვა ძალიან გართულდება და ამან შესაძლოა პანდემიის გავრცელების მხრივ, სიტუაცია გაცილებით უფრო გაართულოს. ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქის, მელბურნის მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს არ გავიდეს აქციაზე.
სიდნეის პოლიცია აქამდე სასამართლო გადაწყვეტილებას ელოდებოდა, რომელიც ავსტრალიის ყველაზე დიდ ქალაქ სიდნეიში, შაბათის საპროტესტო აქციას აკრძალავდა. დღეს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება ქალაქის პოლიციის სასარგებლოდ გამოიტანა და ჩათვალა, რომ საპროტესტო აქციები არ დაუშვას, რადგან მასობრივი თავშეყრა კორონავირუსის გავრცელების ძალიან მაღალ რისკს შეიცავს.