აგვისტოს საქართველოში არა მხოლოდ იმის გამოა განსაკუთრებული სიცხე, რომ ზაფხულია. 2008 წლის ომი და ემოციები, რაც მასთანაა დაკავშირებული, ტემპერატურას უფრო ზევით წევს.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლები ავნევი და ნული ომის ერთ–ერთი პირველი დანაკარგი იყო. შსს–ს დანაყოფებმა ეს ტერიტორია 8 აგვისტოს დატოვეს. რომიკო სიქტურაშვილი, რომელიც ამჟამად დევნილია და ხაშურის ერთ–ერთ კომპაქტურ ჩასახლებაში ცხოვრობს, 2008 წლამდე ავნეველი გახლდათ და მაშინ ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა.
ჩვენთან საუბრისას ის იმ პერიოდს იხსენებს, სანამ ესკალაცია სრულმასშტაბიან ომში გადაიზრდებოდა და ამბობს, რომ ჯერ კიდევ 1 აგვისტოს ნულის მშვიდობიანი მაცხოვრებლის, სიმონ ჟამერაშვილის სახლი დაიბომბა, სადაც მცირეწლოვანი ბავშვებიც ცხოვრობდნენ. ოჯახის ერთ–ერთი წევრი კი დაიჭრა.
„მათი სახლი ახლოს იყო ჩვენს პოზიციასთან. შეცდომით არ გამოისროდნენ, მაგრამ მათ სახლს მოხვდა. მცირეწლოვანი და თოთო ბავშვებიც ჰყავდათ. 6–ში საღამოს უკვე, 7 აგვისტო რომ თენდებოდა, დაღუპულებიც გვყავდა, კარისკაცები, ჩვენს გვერდზე ვინც იდგა. თაყაძე გორიდან და ტრაპაიძე ქუთაისიდან. 7–ში გამთენიისას ორი მშვიდობიანი მოსახლეც დაიჭრა, რომლებიც გადარჩნენ, საბედნიეროდ. ჩვენ 8–ში ღამე დავტოვეთ სოფელი, მას შემდეგ, რაც მოსახლეობა გამოვიდა“ - ყვება ის.
ომის თვითმხილველი "ამერიკის ხმასთან" ამბობს, რომ ავნევისა და ნულის ადგილას ახლა ტყეა, სადაც ორი ოჯახი ცხოვრობს. „ტყედ იქცა იქაურობა. საძირკველი აღარც ერთ სახლს არ ეტყობა. ავნევში ორი შერეული ქართულ–ოსური ოჯახია დარჩენილი, მოხუცების. მაშინ ვერ გამოვიდნენ, დარჩნენ. ნულში სამი–ოთხი ოჯახია ახლა, ასევე შერეული ოჯახები.“
ქართველი პოლიტიკოსებისთვის კი დღეს და გუშინ ყველაზე უფრო მეტად საკამათო თემა ისაა, აქვს თუ არა ადგილი საქართველოში მცოცავ ოკუპაციას. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გუშინ სკანდალური განცხადება გააკეთა: „ძალიან ხშირად, სამწუხაროდ, ამ ქმედებების აღწერისას გამოიყენება ტერმინი „მცოცავი ოკუპაცია“, რომელიც თავისი საფუძვლით არ არის სწორი. ეს არანაირი მცოცავი და ეტაპობრივი არ არის, ესაა, სამწუხაროდ, იმ ფარგლების, იმ საზღვრების დადგენა, რომელსაც 2008 წელს, ძალიან სამწუხაროდ ლეგიტიმაცია გაუკეთა მაშინდელმა მთავრობამ. არანაირ ახალ საზღვრებზე გადმოწევა არ ხდება“.
დღეს კი ჯანდაცვის სამინისტროს წინ ეკლიანი მავთულხლართი გაავლეს მინისტრის ნათქვამით აღშფოთებულმა „ნაციონალური მოძრაობის წევრებმა“.
მმართველი გუნდის ერთ–ერთმა სახემ გიორგი ვოლსკიმ ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე კომენტირებისას კი განაცხადა, რომ ოკუპაცია მცოცავია ის თუ არა, განპირობებულია წინა ხელისუფლების ქმედებებით, რომელმაც მოხაზა ოკუპაციის რუკა: „ყოფილი საბჭოთა ოლქის ტერიტორია, საზღვრები მოხაზა სააკაშვილმა თავის ბრძანებულებაში და აი ამ საზღვრების მიხედვით აკეთებენ სწორედ ოკუპაციის დამადასტურებელ, ყოვლად უკანონო ქმედებებს ოკუპანტები.“
იმ განცხადებების თანახმად რასაც ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში გამართული შეხვედრების დროს კეთდება, რუსეთი ბორდერიზაციას საბჭოთა კავშირის გენშტაბის 1984 წლის რუკის შესაბამისად ახორციელებს. ალტერნატიული ვარიანტია გენშტაბის 1987 წლის რუკა (1989 წლის რედაქციით).
„ევროპული საქართველოს წარმომადგენელი გიორგი ტუღუში აცხადებს: „როგორ უნდა მოვახდინოთ ჩვენ საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირება და ასევე მათი მხრიდან ზეწოლის განხორციელება რეალურად რუსეთზე, როდესაც საკუთარი ხელისუფლება მსგავსი მავნებლობით არის დაკავებული და საუბრობს იმაზე, რომ თურმე ოკუპაცია არ მომხდარა და რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ნორმალური პროცესი. ეს არის, როგორც მინიმუმ, შეგნებული მავნებლობა ხელისუფლების მხრიდან.“
2008 წლის ომის საქმეებზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში როგორც ინდივიდუალური, ასევე სახელმწიფოთაშორისი სარჩელებია შესული. მათთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა. ომის დანაშაულის საქმეებს კი ჰააგის სისხლის სამართლის პროკურორის ოფისი სწავლობს, რომლის დასკვნას ქართული მხარე ასევე ელოდება.