ბევერლი ჰილსის აუქციონი

ცნობილი პიროვნებების აუქციონზე ჰოლივუდის ისტორია იყიდება
ლოს ანჯელესში მოწყობილ ცნობილი პიროვნებების აუქციონზე ჰოლივუდის ისტორია იყიდება. ამ მოვლენას სპორტული შეჯიბრის ჟინი ახლავს.

აუქციონის მონაწილეები, დარბაზშიც და მთელს მსოფლიოშიც, ჰოლივუდის ისტორიის ნაწილებს ეცილებიან ერთმანეთს. მაგალითად, ამ ყალბი ბრილიანტის საყურეებს, რომელსაც მერილინ მონრო ატარებდა.

კერპად ქცეული ვარსკვლავების ნაქონი სხვა ნივთებიდან აქ არის ტანსაცმელი და თმის დასახვევი. აქ არის პრეზიდენტ ჯონ კენედის დაბადების დღის წვეულებაზე მისაწვევი ბარათიც კი. წვეულება ნიუ იორკის „მედისონ სქვეარ გარდენში“ გაიმართა, სადაც მსახიობმა ქალმა პრეზიდენტს უმღერა.

„ჯულიენს აუქშენს“ წარმომადგენელი მარტინ ნოლანი ამბობს, თაყვანისმცემლები იმიტომ ყიდულობენ სამახსოვრო ნივთებს, რომ ვარსკვლავებთან კავშირი იგრძნონ.

„ადამიანები ძალიან სენტიმენტალურები არიან. ცნობილი ადამიანების გაცნობას თუ ვერ ახერხებენ, შემდეგი, უფრო იოლი გზა რჩებათ. ისინი ცდილობენ ამ ცნობილი პიროვნების ნაქონი რამე შეიძინონ, რაც მათ ცხოვრებასთან ან კარიერასთანაა დაკავშირებული, ან თუნდაც უბრალოდ რაიმე ნივთი მათი საცხოვრებლიდან.“

ცნობილი პოლიტიკოსების ზოგიერთ ისტორიულ საგნებს განეკუთვნება 1994 წლის საარჩევნო ბიულეტენი სამხრეთ აფრიკიდან, როცა ნელსონ მანდელა პრეზიდენტად აირჩიეს.

მე 19-ე საუკუნის დოკუმენტი, რომელზეც ყოფილი მონის და აბოლიციის გმირის, ფრედერიკ დაგლასის ხელმოწერაა. სხვა დოკუმენტზე, დეპრესიის პერიოდის პრეზიდენტის, ფრანკლინ დელანო რუზველტის ხელმოწერაა დაფიქსირებული.

მაგრამ ნივთების უმეტესობა ჰოლივუდიდანაა. აქ შედის ზოგიერთი ნივთი მსახიობ დევიდ ჰასელჰოფისგან, რომელიც მან საქველმოქმედო მიზნით გამოიტანა აუქციონზე. ის ოთხმოციანი წლების სერიალის, „ნაით რაიდერის“, ხანგრძლივი შოუ „ბეივოჩის“ ნივთებს და მულტსერიალ „სპონჯ ბობ სქვეარ პანთ“-ისთვის შექმნილ დიდი ზომის ფიტულს ყიდის.

„ეს ის ნივთებია, რომლებსაც სინამდვილეში დიდი ხანია აღარ ვიყენებ და ჩემს სახლში უქმად დევს. ეს ჩემი ყველაზე გასაოცარი საგანია „სპონჯ ბობიდან“, ჩემი 3.6 მეტრიანი, 340 კილოგრამიანი ფიტული.“

აუქციონზე ასევე გამოტანილია ხელბორკილი, რომელიც ილუზიონისტ ჰენრი ჰუდინის ეკეთა და კუნგ ფუს ვარსკვლავის, ბრიუს ლის სავარჯიშო აღჭურვილობა და სხვა ნივთები.

რესტორნის და ბარის მფლობელი დანიელ ნელსონი ნივთებს საკუთარი სახლისთვის და ბიზნესისთვის ყიდულობს.

„ასეთი შესაძლებლობა იშვიათიად გეძლევა. ამაღელვებელია შეიძინო ისეთი რამ, რაც დაკარგული იყო და ხელახლა გამოჩნდა.“

მარტინ ნოლანი ამბობს, რომ აუქციონი ბევრი კატეგორიის მყიდველს იზიდავს, კინოს მოყვარულებიდან მუზეუმებამდე. ზოგიერთისთვის ეს ინვესტირებას წარმოადგენს, რადგან ცნობილ პიროვნებებთან დაკავშირებული ნივთების ღირებულება, შესაძლოა დროთა განმავლობაში გაიზარდოს.