ოჰაიოს თავდასხმა შესაძლოა ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოს" უკავშირდებოდეს

Police respond to reports of an attack on campus at Ohio State University, Nov. 28, 2016, in Columbus, Ohio.

აბდულ რაზაკ ალი არტანმა, პიროვნებამ, რომელმაც პოლიციის განცხადების თანახმად, ოჰაიოს შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტში 28 ნოემბერს შეტევა განახორციელა, ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ის ამერიკას ბრალს დებდა მუსლიმების მკვლელობაში საზღვარგარეთ და ალ-ყაიდას ერთ-ერთი, აწ უკვე გარდაცვლილ, სასულიერო ლიდერს, ანვარ ალ-ავლაკის მხარდაჭერას უცხადებდა. ალ-ავლაკი იემენში ალ-ყაიდას ედგა სათავეში. სამართალდამცავები ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირებს არ გამორიცხავენ, თუმცა ჯერჯერობით, სატელეფონო თუ ონლაინ კომუნიკაცია არ დასტურდება.

სამართალდამცავები ჯერ კიდევ ცდილობენ არტანის მოტივის ამოცნობას. მის პოსტში ფეისბუქზე ის აცხადებდა, რომ იგი მზად იყო „მილიონობით ურწმუნო“ მოეკლა. რათა ამერიკის მიერ „სხვა ქვეყნების საქმეში ჩარევას“ წინ აღდგომოდა.

„თუ გსურთ, რომ მუსლიმებმა მსგავსი ცალკეული თავდასხმები შეწყვიტონ, მაშინ მშვიდობა დაამყარეთ... ჩვენ არ მოგცემთ ძილის შესაძლებლობას მანამ, ვიდრე თქვენ მუსლიმების მკვლელობას გააგრძელებთ“, - ნათქვამია პოსტში.

ქალაქ კოლამბუსის პოლიციის უფროსის კიმ ჯეიკობსის თქმით, თავდასხმის მოტივად შესაძლოა ტერორიზმი იქნას განხილული. არტანი ჯერ მანქანით დაეჯახა ფეხით მოსიარულეებს, შემდეგ კი დანით დაჭრა რამდენიმე ადამიანი. პოლიციის ოფიცერმა მას ესროლა, რის შედეგადაც თავდამსხმელი ადგილზე გარდაიცვალა.

ინციდენტისას 11 ადამიანი დაშავდა, თუმცა თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

არტანი სომალელი იმიგრანტი იყო ოჰაიოს უნივერსიტეტის პირველ კურსზე. იგი ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლობდა და ამერიკაში ლეგალურად ცხოვრობდა. კოლამბუსის მუსლიმი და სომალელი თემის ლიდერებმა მომხდარი დაგმეს და განაცხადეს, რომ ინციდენტმა ისინი „გულნატკენნი“ დატოვა.

კოლამბუსის სომალის თემის ასოციაცის უფროსის ჰასან ალი ომარის თქმით, მომხდარმა ოჰაიოს სომალელი მაცხოვრებლები შოკში ჩააგდო.

„რამდენიმე ქალმა ჩემთან საუბარში აღნიშნა, რომ ამ ყველაფერმა ცუდად გახადა, გული ატკინა და შოკში ჩააგდო. მათ აქამდეც ბევრი სირთულე გამოიარეს“, - განაცხადა მან.

ომარი თავდამსხმელის ოჯახთან მივიდა. მისი თქმით, არტანის ოჯახის წევრები „ძალიან იტანჯებიან და განიცდიან დანაკარგს“. მათი თქმით, „არტანი შრომისმოყვარე ადამიანი იყო, ზრდილი და მისგან არაფერ მსგავს არ ელოდნენ“

ოჰაიოს უნივერსიტეტში დაახლოებით 60,000 სტუდენტი ცხოვრობს. დაშავებულებს შორის უნივერსიტეტის თანამშრომლები და სტუდენტები არიან.

18 ნოემბრის პრესკონფერენციაზე, ჯეიკობსმა გაიხსენა ტერორიზმის წინა შემთხვევა, როდესაც წარმოშობით სომალელი, ამერიკის მოქალაქე აბდირაჰმან შეიკ მოჰამუდი, რომელიც 2015 წელს დააკავეს სირიიდან დაბრუნების შემდეგ, ტერორისტების მხარდამჭერ მასალებს ავრცელებდა.

2016 წლის სექტემბერში, სომალელმა ამერიკელმა მამაკაცმა ათი ადამიანი დაჭრა მინესოტაში, სენტ-კლაუდის სავაჭრო მოლში. ოფიციალური პირების თქმით, ეჭვმიტანილმა მის რამდენიმე მსხვერპლს ჰკითხა, იყვნენ თუ არა ისინი მუსლიმები.

კოლამბუსსა (ოჰაიო) და მინეაპოლისში (მინესოტა) სომალელი ამერიკელების ყველაზე მრავალრიცხოვანი თემი ცხოვრებს.