საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა დღეს, ავსტრალიის ქალაქ პერთში, ATP თასის სადებიუტო გათამაშების პირველი მატჩი ესპანეთთან 0:3 დათმო. საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომლის მაღალი რეიტინგის წყალობითაც მოხვდა საქართველო მსოფლიოს 24 საუკეთესო საჩოგბურთო ქვეყანას შორის, მსოფლიოს პირველ ჩოგანთან, რაფაელ ნადალთან ორ სეტში დამარცხდა 3:6 5:7.
ქართველმა, რომელიც ახლა მსოფლიოს 26-ე ჩოგანია, ჩოგბურთის ესპანელი ლეგენდა მეორე სეტის მიწურულს ძალიან ანერვიულა. 2:5-დან ზედიზედ სამი გეიმის მოგება შეძლო, მათ შორის ორი ნადალის მოწოდებაზე მოიგო, ანგარიში გათაანაბა 5:5, თუმცა საბოლოოდ 5:7 მაინც წააგო. რაფაელ ნადალმა მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ შეხვედრა საკმაოდ რთული გამოვიდა:
ეს იყო ახალ სეზონში რთული პირველი მატჩი, მარტივი დასაწყისი ნამდვილად არ მქონდა, ბასილაშვილი ძალიან კარგი მოთამაშეა და ეს დღესაც აჩვენა, როცა ბოლოს ძალიან მოუმატა“რაფაელ ნადალი, მსოფლიოს პირველი ჩოგანი
„ეს იყო ახალ სეზონში რთული პირველი მატჩი, მარტივი დასაწყისი ნამდვილად არ მქონდა, გარკვეული შეცდომები დავუშვი, თუმცა საბოლოოდ გამარჯვებული გამოვედი. ბასილაშვილი ძალიან კარგი მოთამაშეა და ეს დღესაც აჩვენა, როცა ბოლოს ძალიან მოუმატა“ - თქვა 33 წლის რაფა ნადალმა.
ბასილაშვილი-ნადალის მატჩამდე საქართველო უკვე აგებდა ესპანეთთან. ლეგენდარული ალექსანდრე მეტრეველის შვილიშვილი, 26 წლის სანდრო მეტრეველი, რომელიც 2016 წელს თბილისში მომხდარი ავტოავარიის შემდეგ, ორი წელი რეაბილიტაციას გადიოდა, მსოფლიო მე-9 ჩოგანთან, რობერტო ბაუტისტა აგუტთან განადგურდა 0:6 0:6. მსოფლიო რეიტინგში 679-ე ადგილზე მყოფ მეტრეველს რამდენჯერმე ჰქონდა გეიმის აღების შანსი, მაგრამ ყველა გაანიავა.
სამწუხაროდ, დავმარცხდით წყვილებშიც, ალექსანდრე ბაკშიმ (რეიტინგში 868-ე) და გიორგი ცივაძემ (860) პაბლო კარენო ბუსტას და ფელისიანო ლოპესის წყვილთან ვერაფერი გააწყვეს 3:6 4:6. საქართველოს ნაკრებს ATP Cup-ზე B ჯგუფში კიდევ ორი შეხვედრა ელის: 6 იანვარს იაპონიასთან და 8 იანვარს ურუგვაისთან. დღეს იაპონიამ ურუგვაის ასევე მშრალად 3:0 მოუგო.
ATP სადებიუტო თასმა უკვე მიიქცია არა მხოლოდ ჩოგბურთის გულშემატკივრის, არამედ მთელი მწვანე კონტინენტის ყურადღება, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, რამდენიმე მილიონ ჰექტარზე მოდებულ კოშმარული ხანძრის კერებს ებრძვის.
ავსტრალიელი ჩოგბურთელის ნიკ კირიოსის იდეას ATP თასზე, ყველა შესრულებულ ეისზე, ხანძრის სალიკვიდაციო ფონდში 100 დოლარი გადაერიცხათ, მხარი დაუჭირეს, როგორც ორგანიზატორებმა, ისე ჩოგბურთელთა ნაწილმა. ნიკ კირიოსი, რომელმაც პირველ შეხვედრაში 20 ეისი შეასრულა. ამბობს:
ასეთ ვითარებაში ძალიან ძნელია ჩოგბურთზე კონცენტრირება, ყოველი ეისის დროს ვფიქრობდი მათზე ვინც ახლა ხანძარს ებრძვის, მე ტვიტერით მოვუწოდე კოლეგებს და ძალიან ბევრი ვარსკვლავი გამომეხმაურა. ვიმედოვნებ, რომ ტურნირის ბოლოს მეხანძრეების, მაშველებისა და დაზარალებულებისთვის დიდი თანხა შეგროვდება"ნიკ კირიოსი, ავსტრალიელი ჩოგბურთელი
„სიმართლე გითხრათ, ასეთ ვითარებაში ძალიან ძნელია ჩოგბურთზე კონცენტრირება, ყოველი ეისის დროს ვფიქრობდი მათზე ვინც ახლა ხანძარს ებრძვის, ჩემს მშობლიურ ქალაქ კანბერაში დღეს ყველაზე ტოქსიკურია ჰაერია, აუცილებელია რომ ყველანი გავერთიანდეთ ამ უზარმაზარი პრობლემის გარშემო.
მე ტვიტერით მოვუწოდე კოლეგებს და ძალიან ბევრი ვარსკვლავი გამომეხმაურა. ვიმედოვნებ, რომ ATP Cup-ის ბოლოს მეხანძრეების, მაშველებისა და დაზარალებულებისთვის დიდი თანხა შეგროვდება“ - თქვა კირიოსმა.
ATP თასზე, რომლის საპრიზო ფონდი 15 მილიონ დოლარია, მსოფლიოს საუკეთესო 24 ნაკრები ექვს ჯგუფში არის განაწილებული. მათი შერჩევა შარშან, თითოეული ქვეყნის საუკეთესო ვაჟი ჩოგბურთელის პირადი რეიტინგის მიხედვით მოხდა. ვინაიდან, ნიკოლოზ ბასილაშვილი იმ დროს ATP რეიტინგის ოცეულში იყო, საქართველო ახალ ტურნირზე ავტომატურად მოხვდა.
ექვსი ჯგუფიდან ATP Cup-თვის ბრძოლას ორი საუკეთესო ნაკრები გააგრძელებს. სადებიუტო გათამაშება ავსტრალიის სამ ქალაქში, პერთში, ბრისბენსა და სიდნეიში იმართება. გამარჯვებული 12 იანვარს სიდნიეში გამოვლინდება, ოლიმპიურ არენაზე, რომელიც ლეგენდარული ავსტრალიელი ჩოგბურთელის კენ როზუოლის სახელს ატარებს.
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია (Association of Tennis Professionals ATP) 1975-2012 წლებში, გერმანიაში World Team Cup-ს მართავდა, ეს ტურნირი 5-5 ჯერ აშშ-მ და გერმანიამ მოიგეს, 4-4 ჯერ კი ესპანეთმა, არგენტინამ და შვედეთმა. 2011-2012 წლებში ფინანსური პრობლემების გამო ATP-მ "მსოფლიო თასი" გააუქმა, 8 წლის შემდეგ კი ATP თასის სახელით და 1000%-ით გაზრდილი საპრიზო ფონდით ხელახლა გააცოცხლა.