ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ლიდერი საქართველოზე განცხადებას ავრცელებს

ატილა მესტერჰაზი, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას აქვეყნებს. მისი თქმით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის არის შანსი აჩვენოს, რომ იგი ერთგულია იმ ფასეულობების, რომლებსაც ნატო ეფუძნება.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი შეწუხებულია, რომ არ შესრულდა დაპირება 2020 წლისთვის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ის ამბობს, რომ მეტ კითხვას აჩენს და შეშფოთებას იწვევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განკარგულება ოპოზიციის ლიდერის, გიგი უგულავას საქმეზე.

ატილა მესტერჰაზი შიშობს, რომ უგულავას განაჩენთან დაკავშირებული გარემოებები კიდევ უფრო ზრდის პოლიტიკურ პოლარიზაციას, დაძაბულობას და რისკის ქვეშ აყენებს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ, მნიშვნელოვან პოლიტიკურ დიალოგს.