რუსეთის დაბომბვას უკრაინაში მსხვერპლი მოჰყვა

რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაიჭრა რუსული დაბომბვის შედეგად აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის ხელისუფლებამ 8 ნოემბერს გაავრცელა.

დონეცკის აღმოსავლეთ რეგიონში სოფლის დაბომბვისას სამი ადამიანი დაიღუპა, განაცხადა გენერალურმა პროკურატურამ და დასძინა, რომ გამოძიება რუსეთის მიერ ომის კანონების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.

„რუსეთის არმიამ დაარტყა სოფელ ბაჰატირს, ვოლნოვას რაიონში, სავარაუდოდ, "სმერჩის" მრავალჯერადი სარაკეტო სისტემით“, - ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

"დარტყმის ეპიცენტრში იყო მჭიდროდ დასახლებული საცხოვრებელი ტერიტორია, რომლის გვერდითაც არ არის სამხედრო ობიექტები. აფეთქებების შედეგად ათზე მეტი კერძო სახლი დაზიანდა და განადგურდა", - ამბობენ უკრაინის მთავრობაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სახლის ნანგრევებში 58 წლის მამაკაცის, მისი 60 წლის მეუღლისა და 33 წლის მეზობლის ცხედრები აღმოაჩინეს.

ხარკივის რეგიონში, კუპიანსკის რაიონში კი, რუსეთის მიერ დაბომბვისას 57 წლის მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და სამი პოლიციელი დაიჭრა. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია მოცემული. სამინისტროში ამბობენ, რომ თავდასხმის შედეგად დაზიანდა რკინიგზის სადგურიც.

მსხვერპლი იყო ხერსონის რეგიონშიც. გუბერნატორ ალექსანდრე პროკუდინის თქმით, სულ მცირე, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და მეორე დაიჭრა რუსული დაბომბვის შედეგად.