უკრაინის ოფიციალურმა პირებმა, ორშაბათს, 23 სექტემბერს განაცხადეს, რომ რუსეთმა უკრაინის ქალაქ ზაპორიჟიაზე გვიან ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა. შედეგად, დაზიანდა რამდენიმე მაღალსართულიანი კორპუსი და დაიჭრა, მინიმუმ, 16 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 15 წლის ბიჭი.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მაშველებს რამდენიმე დაზიანებული შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია დასჭირდათ.
ასევე ნახეთ: კრემლი: გასაჯაროების შემთხვევაში, ზელენსკის "გამარჯვების გეგმას" შევისწავლითზაპორიჟიაზე განხორციელებულ თავდასხმას, წინ უსწრებდა უკრაინელი ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული კიდევ ერთი განცხადება, რომლის მიხედვითაც, ქალაქ ხარკივში, საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის დარტყმების შედეგად, 21 ადამიანი დაშავდა.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ წინასწარი ინფორმაციით, ზაპორიჟიაზე თავდასხმისას რუსეთმა "KAB-ის" ტიპის მართვადი ბომბები გამოიყენა. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ძალებმა, ისინი ასევე გამოიყენა ხარკივზე ბოლო თავდასხმაშიც.
ზაპორიჟიას გუბერნატორმა ივან ფედოროვმა განაცხადა, რომ აფეთქების ტალღამ და ნამსხვრევებმა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა, რამაც ხანძარი გამოიწვია.
ფედოროვმა თქვა, რომ მთლიანობაში, ზაპორიჟიას 12 დასახლებულ პუნქტზე, რუსეთმა 363 საჰაერო და სახმელეთო დარტყმა განახორციელა.