მას შემდეგ, რაც სირია დატოვა, ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა, სიჩუმე 16 დეკემბერს დაარღვია. თავისი პირველი განცხადება ქვეყნიდან რუსეთში გაქცევის შემდეგ, ასადმა ინგლისურად და არაბულად "ტელეგრამის" არხზე გამოაქვეყნა.
განცხადების მიხედვით, დასაკოში ასადი 8 დეკემბრის გამთენიამდე დარჩა, შემდეგ კი, მას მერე, რაც ისლამისტები ქალაქში უფრო ღრმად შევიდნენ, მან რუსეთის ავიაბაზაზე გადაინაცვლა. 8 დეკემბერის საღამოს ის სამხედრო ბაზიდან მოსკოვში გაფრინდა.
სირიის ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთში სასწრაფო ევაკუაცია მას მოსკოვმა შესთავაზა. „ეს მოხდა დამასკოს დაცემის მეორე დღეს, ბოლო სამხედრო პოზიციების დაკარგვის და, შედეგად, ყველა დარჩენილი სახელმწიფო ინსტიტუტის პარალიზების შემდეგ“, - ნათქვამია "ტელეგრამზე" გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ასევე ნახეთ: დასავლეთი სირიის ახალ ხელისუფლებასთან კავშირს აღრმავებსიქვე ვკითხულობთ, რომ სირიაში ანტისამთავრობო ჯგუფების თავდასხმის ფონზე განვითარებული მოვლენების დროს, ასადი არ განიხილავდა გადადგომის და ქვეყნიდან გაქცევის შესაძლებლობას. „როდესაც სახელმწიფო ტერორისტების ხელში აღმოჩნდება, აზრს კარგავს ნებისმიერი თანამდებობა, რაც მასზე ყოფნას უაზრობად აქცევს,“ აღნიშნა ასადმა. მან ასევე დაწერა, რომ კვლავ ღრმა კავშირს გრძნობს სირიასთან და იმედოვნებს, რომ ქვეყანა „ისევ გახდება თავისუფალი და დამოუკიდებელი“.
განცხადების გამოქვეყნების ადგილად მითითებულია მოსკოვი და ის 16 დეკემბრითაა დათარიღებული.
8 დეკემბერს, სირიაში ბაშარ ალ ასადის ხელისუფლება დაემხო. ამბოხებულთა შეიარაღებული ჯგუფები ქვეყნის დედაქალაქ დამასკოს აკონტროლებენ.
მომხდარის შემდეგ, სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადისა და მისი ოჯახისთვის რუსეთში თავშესაფრის მინიჭების გადაწყვეტილება კი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიიღო. ამის შესახებ ინფრომაცია კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა გაავრცელა.
რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად ასადს ყოფილ პრეზიდენტს უწოდებს და აცხადებს, რომ ის ოპოზიციას შეუთანხმდა ხელისუფლების გადაცემაზე. პუტინი არაერთხელ შეხვედრია ასადს, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალებით სირიის სამოქალაქო ომში ეხმარებოდა.