ევროპა-აზიის 49 ქვეყანა ეკონომიკურ სამიტს მართავს

ეკონომიკური კავშირების გამყარება, ვაჭრობის გაძლიერება და რეგიონალური სტაბილურობის ხელშეწყობა ის თემებია, რომლებსაც ბანკოკში 49 ქვეყნის ლიდერები სამიტზე განიხილავენ. „ამერიკის ხმის" კორესპონდენტი, რონ კორბენი მოგვითხრობს დეტალებზე ბანკოკიდან.

ეს რიგით მეცხრე სამიტია. მას აზია-ევროპის რეგიონის 49 ქვეყნის ლიდერები ესწრებიან, მათ შორის ისეთი ქვეყნებისაც, რომლებიც მძიმე ფინანსურ და ეკონომიკურ კრიზისში არიან.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ ბაროზომ, კვირას, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამიტის დანიშნულება ქვეყნებს შორის ახლო ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებაა. გარდა ამისა, სამიტზე განხილული იქნება რეგიონალური სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითები.

„ჩვენი მთავარი მიზანი „ასემი“-ის სამიტის მონაწილე აზიურ ქვეყნებთან პარტნიორობის გამყარებაა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აზია დღითი დღე მნიშვნელოვანი რეგიონი ხდება. ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით კი, ევროპასა და აზიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შეუზღუდავი პოტენციალი არსებობს. ჩვენ ამ საკითხების განხილვა გვსურს აზიელ მეგობრებთან. კონკრეტულად კი იმის, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გლობალური გამოწვევები ერთად გადავლახოთ.“

ტაილანდი ასემის სამიტის პირველი მასპინძელი 1996 წელს იყო. მაშინ ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოების საკითხებთან ერთად, განათლების და სოციალური განვითარების თემებიც იყო განხილული.

ტაილანდის პრემიერ მინისტრმა, ინგლუკ შინავატრამ განაცხადა, რომ მსოფლიოს ამ ორ მნიშვნელოვან რეგიონს შორის თანამშრომლობის სფეროების განხილვა ორდღიანი სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემაა:

„ევროპასა და აზიას შორის თანამშრომლობისთვის „ასემი", ჩემი აზრით, კარგი მექანიზმია და ახლა საუკეთესო დროა ამ ფორმატის გამოსაყენებლად. ყველასთვის კარგი შესაძლებლობაა ერთმანეთთან შეხვედრა და დიალოგის წარმოება. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს მექანიზმი ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდას შეუწყობს ხელს.“

პრემიერ მინისტრის, შინავატრას განცხადებით,განხილული იქნება ასევე ადამიანის უფლებები და ადამიანების ტრეფიკინგის საკითხები, რომლებიც რეგიონალური უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ევროკავშირი ტაილანდთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პირობების განხილვასაც აპირებს.