ვინ არის მთიანი ყარბაღის სამშვიდობო შეთანხმებაში გამარჯვებული?
რუსეთი.
მაშინ, როცა 9 ნოემბერს მიღწეულ შეთანხმებაზე ჯერ მელანიც არ შემშრალა, მის გარშემო მრავალი შეკითხვა ჩნდება და მრავალი საკითხია გასარკვევი. ერთი რამ ახლავე ნათელია: კრემლმა გაიმარჯვა.
ყოველ შემთხვევაში, მოსკოვმა კიდევ უფრო გაიმყარა პოზიციები რეგიონში, სადაც იყო თურქეთის გავლენის ზრდისა და კრემლის გავლენის შემცირების საფრთხე.
„რუსეთი წარმატებული იყო ამ საქმეში… პუტინი დომინირებდა, ამ ვითარებაში ის განსაზღვრავს, ვინ იქნება [რეგიონში] ვითარების ბატონ-პატრონი,“ განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა მეთიუ ბრაიზამ, რომელიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებისთვის შექმნილი მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე იყო.
ასევე ნახეთ: ერევანში აზერბაიჯანთან დადებულ შეთანხმებას აპროტესტებენროგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, სამშვიდობო შეთანხმების მთავარი სიახლეა რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ჯარების განლაგება. ამ მხრივ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი განსხვავდებოდა პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა მსგავსი რეგიონებისგან.
თუმცა ყველა არ იზიარებს აზრს, რომ შეთანხმება რუსეთის უპირობო გამარჯვებაა. მათ შორისაა ლონდონელი პოლიტოლოგი მარკ გალეოტი.
„ეს დამატებითი ტვირთია მისი არმიისა და ხაზინისთვის. ის რეგიონის გეოპოლიტიკაში თავისთვის როლს იქმნის, მაგრამ ეს მსოფლიოს ის ნაწილია, რომელშიც ის ისედაც დომინანტად მიიჩნეოდა,“ წერს გალეოტი "Moscow Times"-ში. „როცა შენი პოზიციის შესანარჩუნებლად მეტი აქტიურობა გიწევს, ეს არა იმდენად წინსვლას ნიშნავს, რამდენადაც ძალისხმევას, რომ შეაჩერო დაღმასვლა.“
დიახ, მინსკის ჯგუფი მკვდარია. ასე ჩანს...მეთიუ ბრაიზა, მინსკის ჯგუფის ყოფილი თანათავმჯდომარე
27 სექტემბრის შემდეგ, როცა რეგიონში საბრძოლო მოქმედებები განახლდა, მინიმუმ 2000 სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პირი დაიღუპა.
ისტორიულად ეთნიკური სომხებით დასახლებულ, აზერბაიჯანის კუთვნილ მთიან ყარაბაღში კონფლიქტს დიდი ხნის ისტორია აქვს. ის გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო და 26 წელია, ტერიტორიას ადგილობრივი სეპარატისტები აკონტროლებენ ერევნის დახმარებით.
1994 წლის საზავო შეთანხმების შემდეგ რეგულარულად ხდებოდა შეტაკებები სომხურ და აზერბაიჯანულ ძალებს შორის, მაგრამ ახალი სრულმასშტაბიანი ომი არ განახლებულა.
რეგიონის გაურკვეველი სტატუსის გამო ის მიეკუთვნება „გაყინული კონფლიქტების“ რიგს, როგორიც რამდენიმეა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, მათ შორის საქართველოში.
მათ შორისაა აღმოსავლეთი უკრაინაც, სადაც ადგილობრივი სეპარატისტები მოსკოვის ხელშეწყობით დღესაც იბრძვიან კიევისგან დამოუკიდებლობისთვის. ამ კონფლიქტში, როცა პრორუსულად განწყობილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ჩამოგდების საპასუხოდ მოსკოვმა 2014 უკრაინის წინააღმდეგ აშკარად აგრესიული ქმედებები დაიწყო, დღემდე 13000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ასევე ნახეთ: პრეზიდენტის მილოცვა, ამერიკელ დიპლომატს აკვირვებსმას შემდეგ, რაც 9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად, ერევანი პოლიტიკურმა კრიზისმა მოიცვა.
განრისხებული ხალხი პარლამენტში შეიჭრა და რამდენიმე სამთავრობო შენობა დაარბია.
გამოითქვა ვარაუდები, რომ შეთანხმების შედეგად ფაშინიანი დაემხობა და ამ ვითარებაში ხელისუფლების სათავეში პრომოსკოვურად განწყობილი სომეხი ნაცინალისტები დაბრუნდებიან.
ფეისბუკში გამოქვეყნებულ განცხადებაში ფაშინიანი ახსენებს, რომ შეთანხმების ხელმოწერა „წარმოუდგენლად მტკივნეულია“.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მან მიიღო „სამხედრო ვითარების ღრმა ანალიზის“ შემდეგ. მანამდე ერთი დღით ადრე აზერბაიჯანის ჯარებმა მთიან ყარაბაღში სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი შუშა დაიკავეს.
შუშა ზემოდან დაჰყურებს მთიანი ყარაბაღის დედაქალაქ სტეფანაკერტს, რომელიც სულ რამდენიმე კილომეტრზე მდებარეობს.
„ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ არ იქნება მარცხი, სანამ არ აღიარებ, რომ დამარცხდი.“ წერს ფაშინიანი. „ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ, რომ დამარცხებულები ვართ და ეს უნდა იყოს ჩვენი ეროვნული გაერთიანებისა და აღორძინების დასაწყისი.“
საზავო შეთანხმების მიხედვით, სომხეთის ჯარებმა უნდა გაათავისუფლონ ტერიტორიები აზერბაიჯანის შვიდ რეგიონში, რომლებსაც ისინი ამჟამად აკონტროლებენ მთიანი ყარაბაღის გარშემო. ეს ტერიტორიები სომხებმა 90-იანი წლების პირველ ნახევარში დაიკავეს და ეს მდგომარეობა მას შემდეგ შენარჩუნდა.
აზერბაიჯანის ჯარების კონტროლქვეშ დარჩება ყველა ის ტერიტორია, რომელიც 27 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე პერიოდში დაიკავა, მათ შორის შუშას.
ბაქო რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალების განთავსებას დათანხმდა. რუსეთის ჯარები გააკონტროლებენ ახალ გზას, რომელიც აზერბაიჯანის ლაჩინის რაიონის გავლით დააკავშირებს სომხეთს მთიან ყარაბაღთან.
10 ნოემბერს რუსეთის სამხედრო ნაწილები უკვე გაემართნენ ახალი დისლოკაციის ადგილებისკენ.
ასევე ნახეთ: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ყარაბაღის სამმხრივ შეთანხმებაზეგარდა ამისა ფაშინიანი დათანხმდა, სომხეთის ტერიტორიაზე შეიქმნას ახალი სატრანზიტო დერეფანი, რომელიც აზერბაიჯანს დააკავშირებს დასავლეთით მდებარე მის ანკლავთან, ნახიჩევანთან.
ამ დერეფანსაც რუსეთის სამშვიდობო ძალები დაიცავენ.
შეთანხმებაში ბუნდოვანი მინიშნებაა „ზავის ერთობლივი მონიტორინგის ცენტრში“ თურქეთის მონაწილეობაზე. ამიტომ გაურკვეველია, რა როლს ითამაშებს თურქეთი სამშვიდობო ოპერაციებში.
ბაქოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის ანალიტიკოსის, ფუად შაჰბაზოვის თქმით, თურქეთის ხსენება აუცილებელი იყო ილჰამ ალიევისთვის, რათა დათანხმებულიყო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რუსეთის სამშვიდობო ძალების შეშვებას.
„აზერბაიჯანი რუსეთის სამშვიდობო ჯარებზე დათანხმდა მხოლოდ იმ პირობით, რომ იქ იქნებიან თურქი ჯარისკაცებიც. „დეტალებზე ჯერაც ვმარჩიელობთ - რას გააკეთებენ თურქეთის ჯარები და ზუსტად სად იქნებიან ისინი განლაგებული,“ უთხრა შაჰბაზოვმა რადიო თავისუფლებას.
თუმცა, მისი თქმით, რუსეთი აშკარად უკმაყოფილო იქნება, თუკი თურქი სამხედროების რიცხვი დიდი იქნება.
„მაგრამ აზერბაიჯანში საზოგადოებრივი აზრი ძალიან უარყოფითია,“ ამბობს ბაქოელი ანალიტიკოსი. „აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ნდობის პრობლემა დგას. ამიტომ აზერბაიჯანელები თურქეთის ჯარებს სტაბილურობის ნამდვილ გარანტიად მიიჩნევენ.“
ასევე ნახეთ: სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი დაპირიპისრების დასრულებაზე შეთანხმდნენ, ერევანში ფაშინიანის გადადგომას ითხოვენშაჰბაზოვის თქმით, მას არ გაუკვირდება, თუკი ბაქო განაცხადებს, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალებზე დათანხმდა „მხოლოდ იმ პირობით, თუკი თურქეთის ჯარისკაცებიც იქნებიან“ რეგიონში.
მაგრამ მოსკოვმა შეიძლება იმედი გაუცრუოს ალიევსა და აზერბაიჯანის მოსახლეობას.
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 10 ნოემბერს გამოაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში თურქეთის ჯარების განთავსების შესახებ არავითარი შეთანხმება არ არსებობს. მისი თქმით, თურქეთი ერთობლივი მონიტორინგის ცენტრში ითანამშრომლებს რუსეთთან.
აზერბაიჯანის ოპოზიციურ პარტიებს სხვადასხვაგვარი რეაქცია აქვთ საზავო შეთანხმებაზე.
პარტია მუსავათის თავმჯდომარე, არიფ ჰაჩილი უკმაყოფილოა, რომ ამ საკითხზე არ ყოფილა კონსულტაცია პოლიტიკურ პარტიებთან, პარლამენტის წევრებთან და აზერბაიჯანის მოქალაქეებთან.
მან „მიუღებელი“ უწოდა შეთანხმების გამოცხადების დროს და თქვა, რომ დოკუმენტი არღვევს აზერბაიჯანის კონსტიტუციას, ვინაიდან საქმე ეხება ქვეყანაში უცხო ქვეყნის ჯარების განლაგებას პარლამენტის თანხმობის გარეშე.
პოლიტიკური ანალიტიკოსი რაუფ მირკადიროვი 10 ნოემბერს აზერბაიჯანის ისტორიაში „შავ დღეს“ უწოდებს.
მისი თქმით, ალიევი ისტორიას არ შემორჩება როგორც „მხსნელი“, ვინაიდან მან რუსეთის ჯარებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შესვლის უფლება მისცა. ეს არის ის, რის თავიდან არიდებასაც ახერხებდა ბაქო მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარებმა 1992 წელს დატოვეს დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ტერიტორია.
აზერბაიჯანის ოპოზიციური სახალხო ფრონტის თავმჯდომარის მოადგილე, სეიმურ ჰაზი ამბობს, მისი აზრით, ომი საბოლოო გამარჯვებამდე უნდა გაგრძელებულიყო.
ისიც ფიქრობს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების ყოფნა საფრთხე შეუქმნის აზერბაიჯანის დამოუკიდებლობას.
ამის საპირისპიროდ, მეთიუ ბრაიზა მიიჩნევს, რომ სტეფანაკერტზე იერიშამდე ომის დასრულება ბაქოს მხრიდან გონივრული ნაბიჯი იყო.
მისი თქმით, „აზერბაიჯანში ბევრია ომის ციებ-ცხელებით შეპყრობილი ადამიანი“, ვისაც სურს, რომ ბაქოს ჯარებმა მთელი მთიანი ყარაბაღი დაიბრუნოს ეთნიკური სომეხი სეპარატისტებისგან.
„ეს არ იქნებოდა სწორი,“ ამბობს ბრაიზა. „მოპოვებით არაფერს მოიპოვებ. ერთადერთი - რისკავ უამრავი სამოქალაქო პირის დახოცვას.“
„აზერბაიჯანმა უკვე მოიგო ომი, როცა გასულ შაბათ-კვირას შუშა დაიბრუნა. ის აკონტროლებს სტეფანაკერტისკენ მიმავალ გზას. სამხედრო თვალსაზრისით უფრო მეტის მოპოვება შეუძლებელია, სამაგიეროდ პოლიტიკურად ყველაფრის დაკარგვა შეიძლება,“ მიაჩნია ბრაიზას.
ის ფიქრობს, რომ აზერბაიჯანი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გაირიყება, სტეფანაკერტზე იერიში რომ გააგრძელოს სომხეთის ჯარების დამარცხების შემდეგ.
რაც შეეხება სომხეთში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას, მეთიუ ბრაიზას თქმით, კრემლი კმაყოფილი იქნება, თუკი სამშვიდობო შეთანხმებით გაწბილებული სომხები ფაშინიანს ჩამოაგდებენ.
ეს ალბათ ყველაზე უარესი რამაა, რაც სომხეთს მოუვიდა მას შემდეგ, რაც ბოლშევიკებმა ჩაიგდეს ის ხელში, და, შესაძლოა, 1915 წლის შემდეგაც.
„სომხეთმა ომი წააგო და ეს მისთვის უზარმაზარი სტრატეგიული მარცხია. ეს ალბათ ყველაზე უარესი რამაა, რაც სომხეთს მოუვიდა მას შემდეგ, რაც ბოლშევიკებმა ჩაიგდეს ის ხელში, და, შესაძლოა, 1915 წლის შემდეგაც.“
ბრაიზას თქმით, ფაშინიანს „ჰქონდა ბევრად უკეთესი შეთანხმების შანსი“, მაგრამ უარი თქვა წინა სამი საზავო შეთანხმებისას შეთანხმებული „ძირითად პრინციპებზე“.
სომხეთმა ომი წააგო და ეს მისთვის უზარმაზარი სტრატეგიული მარცხია.მეთიუ ბრაიზა
ერევნის რეგიონული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის, რიჩარდ გირაგოსიანის თქმით კი, ფაშინიანს „სხვა არჩევანი არ ჰქონდა“.
„გულწრფელად რომ ვთქვა... შუშის დაკარგვის შემდეგ იძულებული გავხდით, შევგუებოდით რეალობას. თუკი არ მივიღებთ რუსეთის მიერ ნაკარნახევ ამ შეთანხმებას, შესაძლოა მთელი მთიანი ყარაბაღი დავკარგოთ,“ - ფიქრობს გირაგოზიანი და დასძენს:
„ალტერნატივა არ გვქონდა. ამ შეთანხმების ხელმოწერით გადავარჩინეთ ხალხი, დანარჩენი მთიანი ყარაბაღი და შევწყვიტეთ ომი. ეს მნიშვნელოვანი მიღწევებია.“
გირაგოსიანის აზრით, ეს ფაშინიანის გედის სიმღერაა. მისი თქმით, ფაშინიანს „ხალხის მხარდაჭერა ჰქონდა, მაგრამ ეს არ იყო ორგანიზებული. არ მოხდა ამის კონსოლიდაცია პოლიტიკურ ძალად, რომელსაც შეეძლო წინ აღდგომოდა უკიდურეს ნაციონალისტებსა და ბიზნესის ფესვგადგმულ ინტერესებს“, რაც დომინირებს სომხეთის პოლიტიკაში.
„რუსეთმა იცოდა, რომ ამ ომში წაგების შემთხვევაში ფაშინიანის პოზიციები შეირყეოდა... და მისი პოლიტიკური კარიერა პრაქტიკულად დასრულდებოდა,“ უთხრა რადიო თავისუფლებას რიჩარდ გირაგოსიანმა.
ფაშინიანის დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა არაფერში ეპიტნავებოდა კრემლს. რიჩარდ გირაგოსიანის თქმით, „რუსეთის გაძლიერებული ბერკეტი არა მხოლოდ უფრო მყარად მოაქცევს სომხეთს რუსეთის ორბიტაში, ის კიდევ უფრო შეუმცირებს სომხეთს შესაძლებლობებს და ორიენტაციას დასავლეთთან დაახლოების საქმეში.“
როგორც მოსკოვის კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსმა არკადი დუბნოვმა შენიშნა სამშაბათს "Current Time"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, სტეფანაკერტის სომხური მოსახლეობისთვის არის ერთი დადებითი მხარე.
დუბნოვის თქმით, შუშის გამოკლებით, სომხებმა მოახერხეს „შეენარჩუნებინათ მთიანი ყარაბაღის ბირთვი“ იმ სახით, როგორიც მას ჰქონდა, როცა მისმა დე ფაქტო ლიდერებმა სტეფანაკერტში დამოუკიდებლობა გამოაცხადეს თითქმის სამი ათეული წლის წინ.
მაიკ ეკელი, რონ სინოვიცი
"რადიო თავისუფლება"