პიკასოს საიუველირო ნაწარმი ნიუ იორკში

პიკასოს საიუველირო ნაწარმი ნიუ იორკში

ამერიკაში ისეთ შემოქმედები, როგორიცაა პიკასო, კალდერი თუ როზენბერგი, კარგად იციან. მათ ნამუშევრებს ხელოვნების მოყვარულები სწრაფად ცნობენ და უამრავ სხვა ფერწერულ ტილოში თუ ქანდაკებაში იოლად გამოარჩევენ. მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ისინი საიუველირო ნაწარმზეც მუშაობდნენ. ნიუ იორკში გახსნილი ახალი გამოფენა ბევრი ამერიკელისთვის აღმოჩენა იყო.

დაიან ვენეტს საიუველირო ნაკეთობების კოლექციაზე არასოდეს უფიქრია. მისი თქმით ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ახალგაზრდობაში ფრანგი მოქანდაკე -ბერნარ ვენეტი- შეუყვარდა.

ჩემს მომავალ ქმარს პირველად 26 წლის წინ შევხვდი. ძალიან მალე მან ვერცხლის ნაკეთობა თითზე უცნაურად შემომახვია. ასე გახდა ნიშნობის ბეჭედი პირველი იუველირული ნაწარმი ჩემს კოლექციაში “ - ამბობს ის.

ბერნარ ვენეტის მეგობრების უმრავლესობა ხელოვანი იყო. ისინი საკუთარ ნამუშევრებს ერთმანეთს ხშირად ჩუქნიდნენ. ერთ-ერთი ასეთი საჩუქარი იყო ფრანგი მოქანდაკის, ცეზარის, ექსპერიმენტული ნაკეთობა. როგორც ქალბატონი დაიანა ამბობს, დაახლოებით ამ დროს დაავადდა ის კოლექციონერთა ვირუსით.

დღეს მისი კოლექციიდან 130 ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში ნიუ იორკის ხელოვნების და დიზაინის მუზეუმშია გამოფენილი. ქალბატონი დაიანა მისი კურატორია. გამოფენაში სხვადასხვა კოლექციონერის კიდევ 70-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი. „პიკასოდან კუნამდე, ხელოვანი - იუველირი“ - ასე ჰქვია ექსპოზიციას, რომელიც 200-მდე საინტერესო სამკაულის დათვალიერებას სთავაზობს მნახველს.

მუზეუმის დირექტორი, ჰოლი ჰოხნერი, ამბობს, რომ მათი მიზანი იყო ისეთი იუველირული ნაწარმის წარმოდგენა, რომელიც ჭეშმარიტი ხელოვანი ადამიანების მიერ არის შექმნილი და ამით ძალზე გამოირჩევა ტრადიციული ძვირფასეულობისგან.

„საიუველირო ნაკეთობა თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია. სხვადასხვა პერიოდი, კულტურა, სქესი, რასა და სიხარბის დონე მას ძალზე მრავალფეროვანს ხდის. ჩვენი გამოფენა ძვირფასეულობას სრულიად ახალი, განსხვავებული კუთხით წარმოადგენს. ზოგჯერ ეს არის ქანდაკება, რომელიც მინიატურულ ზომაშია წარმოდგენილი. ოღონდ ხელოვანის ეს

თავისებური ხედვა ადამიანის სხეულსაც უნდა მოერგოს“- ამბობს მუზეუმის დირექტორი.

ასეთია მაგალითად პიკასოს მიერ შექმნილი გულქანდა, სახელწოდებით „ფავნუსი“, რომელიც რომაულ მითოლოგიაში ნაყოფიერების, მინდვრების და ტყეების მფარველია. ექსპოზიციაზე პიკასოს 8 ნამუშევარია წარმოდგენილი. გამოფენის კურატორი, ქალბატონი დაიანა ამბობს, რომ სამკაულები პიკასოს პიროვნების უფრო თბილ და ნაზ მხარეს აჩვენებს.

ფავნუსი“ იმით გამოირჩევა, რომ პიკასოს ძალზე პირად მხარეს აჩვენებს. ხელოვანი მაშინ მარი ტერეზ ვოლტერზე იყო შეყვარებული და ნამუშევარი მას მიუძღვნა. ასევე გაუკეთა სხვა სამკაული თავის შეყვარებულს დორა მარს. ასე რომ, ეს ნაკეთობები ერთგვარად უმეტესად პიკასოს სიყვარულის ისტორიებია“ - აღნიშნავს ის.

ქალბატონი დიანა ყვება, რომ მეუღლის მეგობრებმა მისი გატაცების შესახებ რომ შეიტყვეს, სტუმრად ყოველთვის ხელდამშვენებულები მოდიოდნენ. კალდერი უბრალო სადილზეც კი თავისი გაკეთებული სამკაულით შემოივლიდა ხოლმე, თუმცა პიკასოს და ბევრ სხვა ხელოვანს პირადად არასოდეს შევხვედრივარ, ყვება ის.

ასე მაგალითად, გამოფენის გახსნამდე ორი დღით ადრე დიზაინერმა ელზა ჩიაპარელიმ ორი ბრონზის ღილი გამოგვიგზავნა, რომლებიც ცნობილი მოქანდაკის -ალბერტო გიაკომეტის- მიერ არის შექმნილი. თავის დროზე დიზაინერს მისთვის ღილები დაუკვეთავს. ისინი ისეთი დიდი და მძიმე იყო, რომ უკან დაუბრუნეს. მოგვიანებით მოქანდაკემ ღილები გულსაბნევებად გადააკეთა და მეგობრებს დაურიგა. ასე თანდათანობით შეგროვდა დიან ვენეტის კოლექცია, რომელიც დღეს ნიუ იორკლელებს ძალზე საინტერესო სანახაობას სთავაზობს.