ამერიკის უშიშროების საბჭოს მდივანი ისრაელში ჩავიდა

ამერიკის უშიშროების საბჭოს მდივანი ისრაელში ჩავიდა

ამერიკის უშიშროების საბჭოს მდივანი ტომ დონილონი ისრაელის ლიდერებს შეხვდა და ირანთან არსებული დაძაბულობის შესახებ ისაუბრა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ისრაელს და ირანს შორის ბირთვული იარაღის საკითხზე შექმნილი დაძაბული ვითარების გამო ისრაელში საგანგებო მისიით აშშ უშიშროების საბჭოს მდივანი მიავლინა. ტომ დონილონი ისრაელის ლიდერებს შეხვდა და მათ მიერ ირანის ბირთვულ სადგურზე იერიშის მიტანის შესახებ გამოთქმული მუქარის გამო შეერთებული შტატების შეშფოთება გაუზიარა.

ამერიკის ერთ-ერთმა უმაღლესმა სამხედრო პირმა, გენერალმა მარტინ დემფსიმ განაცხადა, რომ ირანზე შეტევა ამ ეტაპზე "არაკეთილგონივრული" და "მოუმწიფებელი" ნაბიჯი იქნება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტომ დონილონიც ისრაელში ანალოგიური გზავნილით ჩავიდა. ანალიტიკოსი ური ბარ იოსიფი ისრაელიდან ამბობს, რომ "ეს ყოველივე შეერთებული შტატების მხრიდან ისრაელის მიერ ძალის გამოყენების შეჩერების მცდელობას გავს".

ამერიკა სამხედრო ინტერვენციას უკანასკნელ ღონედ თვლის და ისრაელს სთხოვს საერთაშორისო სანქციების შედეგებს დაელოდოს. ისრაელი დასავლეთის მიერ ეკონომიკური სანქციების გამკაცრებას მიესალმება, მაგრამ მათ ზემოქმედებას ხანმოკლეს უწოდებს.