ევროკავშირის თანამშრომლობა "ასეანთან"

წევრ ქვეყნებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა სურთ

ევროკავშირის კომისარი ვაჭრობის დარგში, კარელ დე გუჩი ბლოკის ქვეყნებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ასოციაციასთან უფრო მჭიდრო ეკონომიკური კავშირების დამყარებისკენ მოუწოდებს.

კონფერენციაში, რომელიც კამბოჯის დედაქალაქ პნომპენში გაიმართა, მონაწილეობას ევროკავშირის და "ასეანის" ოფიციალური წარმომადგენლები იღებდნენ. ბატონმა დე გუჩიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებში "კონკრეტული პროგრესი" უნდა გამოჩნდეს, და ეს იქნება ხელშეკრულება ორ რეგიონს შორის დამყარებული თავისუფალი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის შესახებ.

ევროკავშირმა უკვე დაიწყო მოლაპარაკება სინგაპურთან და მალაიზიასთან ორმხრივი სავაჭრო გარიგებების თაობაზე და იგივე იგეგმება ვიეტნამთან დაკავშირებითაც. დე გუჩი შეეცადა აზიის ლიდერები დაერწმუნებინა იმაში, რომ ევროპაში ფინანსური კრიზისი უკვე დაძლეულია.

"ასეანთან" სავაჭრო ურთიერთობა ევროპის ქვეყნებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ის ევროკავშირის მესამე უდიდესი სავაჭრო პარტნიორია. "ასეანისთვის" კი ევროკავშირი მეორე უდიდეს სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს.