„ტიტანიკისადმი“ ინტერესმა საუკუნეს გაუძლო

მსოფლიოში და განსაკუთრებით კი შეერთებულ შტატებში ლეგენდარული ხომალდისადმი ინტერესი არ ცხრება

ზუსტად საუკუნის წინ, 1912 წლის 15 აპრილს „ტიტანიკი“ ჩრდილოეთ ატლანტიკის ოკეანეში აისბერგს შეეჯახა. სამ საათზე ნაკლები დრო აღმოჩნდა საჭირო იმისთვის, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდი და მდიდრული ხომალდი ჩაძირულიყო.

გიგანტური საოკეანო ლაინერის დაღუპვის 100 წლისთავი ჰოლივუდმა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმის, „ტიტანიკის“ სამგანზომილებიანი ვერსიის საერთაშორისო პრემიერით აღნიშნა. ლას ვეგასში კი ოკეანის ფსკერზე ნაპოვნი ნივთების გამოფენა მოეწყო. ექსპონატებს შორის გემზე ნაპოვნ ჭურჭელთან, სუნამოს ბოთლებთან, სამკაულებთან და ტანისამოსთან ერთად „ტიტანიკის“ კორპუსის უზარმაზარი ნაჭერიცაა.

კატასტროფას 2 ათასი მგზავრიდან მხოლოდ 710 გადაურჩა. „ტიტანიკზე“ მაშველი ნავების რაოდენობა მათთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ნავების უმეტესობა ქალებით და ბავშვებით გაივსო. მამაკაცები და მესამე კლასის მგზავრები გაყინულ ოკეანეში დასაღუპად განწირულნი აღმოჩნდნენ.

პოლ კურსმანი იზადორ და იდა სტრაუსების შთამომავალია. უმდიდრესი ნიუ-იორკელი წყვილი პირველი კლასის ბილეთებით მგზავრობდა. ისინი ცნობილი „მეისის“ მაღაზიების ქსელის ერთ-ერთი მფლობელები იყვნენ. იზადორ და იდა სტრაუსებმა იმ საშინელ ღამეს უმაღლესი კლასის პრივილეგიებზე უარი თქვეს.

„ბაბუამ განაცხადა: სანამ გემზე ერთი ბავშვი ან ერთი ქალი მაინც არის დარჩენილი, მე, როგორც მამაკაცი მაშველ ნავში გადასვლაზე უარს ვამბობ“ - ყვება მათი შვილიშვილი, პოლ კურსმანი.

მისი თქმით აიდამ, იზადორის მეუღლემ ქმარი არ მიატოვა. სტრაუსების დიდსულოვანი, ღირსეული საქციელი მთელი დრამატიზმით არის ნაჩვენები ერთ-ერთ პირველ ფილმში „ტიტანიკის“ დაღუპვის შესახებ.

„ასე, ერთმანეთს ჩახუტებულები შეხვდნენ ისინი აღსასრულს, როცა გემბანი უზარმაზარმა ტალღამ დაფარა“ - ამბობს პოლი.

ჩაძირული გემის აღმოჩენას 1985 წელს მრავალი ექსპედიცია, ფოტო და ვიდეომასალა მოჰყვა. ნივთები კი მალე სამუზეუმო ექსპონატებად იქცა.

„დაღუპულთა საპატივცემულოდ თავად გემის გადარჩენილ ნაწილს ხელი არ ახლეს. ბევრისთვის ის ოკეანის ფსკერზე დარჩენილ საკრალურ ხომალდად რჩება“ - ამბობს არლან ეტინჯერი, ნიუ იორკის აუქციონის პრეზიდენტი. აუქციონზე „ტიტანიკზე“ გადარჩენილი 5 500 ნივთია წარმოდგენილი.

„ჩრდილოეთ ატლანტიკის სასტიკ ბუნებრივ პირობებს გემი დიდ ხანს ვერ გაუძლებს. ეს კოლექცია კი „ტიტანიკის“ სევდიან მოგონებებს სამუდამოდ აცოცხლებს“ - დასძენს აუქციონის დირექტორი.

რიჩარდ დავენპორტ-ჰაინსი წიგნში „ტიტანიკის მგზავრები“ თითოეული მგზავრის ცხოვრებას აღწერს - უღარიბესით დაწყებული, უმდიდრესით დამთავრებული. ის „ტიტანიკის“ საუკუნოვანი ჯადოსნური ხიბლის საიდუმლოს ტექნოლოგიის ეროგანტული ხასიათით ხსნის.

„ტიტანიკი“ ამის საუკეთესო მაგალითია. ის ჩაიფიქრეს, როგორც მსოფლიოს უდიდესი, უსწრაფესი, ჩაუძირავი ხომალდი. ყინულოვან ოკეანეს „ტიტანიკი“ უმაღლესი სისწრაფით კვეთდა, რაც მაშინ ძალზე სახიფათო უნდა ყოფილიყო“ - აღნიშნავს წიგნის ავტორი.

ბედმა გრანდიოზული, თავის დროზე მსოფლიოს უდიდესი გემი აუქციონზე მცირე ნარჩენებად, ნაწილ-ნაწილ გაყიდვისთვის გაწირა. ინჟინრების თქმით გემის კორპუსის ქანჩებიც კი ძალზე სუსტი და არასწორად გათვლილი იყო. გემთმშენებლებს უნდა გაეთვალისწინებინათ, რომ მცირე დარტყმის შემთხვევაშიც კი კორპუსი ადვილად დაიშლებოდა. ექსპერტების თქმით „ტიტანიკის“ დაღუპვაში ტექნიკურმა ხარვეზებმაც დიდი როლი ითამაშა.