ორგანიზაციის „საერთაშორისო ამნისტია“ ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამშვიდობოებმა არაფერი იღონეს აბეის რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და იქ განლაგებულ სამშვიდობოებს მოუწოდეს მათთვის დაკისრებული საერთაშორისო მისია უკეთ შეასრულონ.
2011 წლის მაისში სუდანს და სამხრეთ სუდანს შორის მომხდარი დაპირისპირების გამო დასახლება გადაიწვა და 100 ათასზე მეტი ადამიანი ლტოლვილად იქცა. „და ეს ყველაფერი გაეროს სამშვიდობოების თანდასწრებით მოხდა“, აცხადებს „საერთაშორისო ამნისტიის“ კრიზისის მართვის უმაღლესი მრჩეველი -დონატელა როვერა.
მან აბეიდან გახიზნულ ლტოლვილთა ბანაკები ახლახან მოინახულა. იძულებით გადაადგილებულებს სამშობლოში დაბრუნებისთვის უსაფრთხოების გარანტიები ჯერ კიდევ არ აქვთ.
წლის დასაწყისში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აღნიშნული ტერიტორია სამხრეთ სუდანს და სუდანს შორის ჯერ კიდევ გადაუჭრელ სადაო საკითხად რჩება.