გუშინ რუსულმა „კომერსანტმა“ პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. შინაარსთან ერთად ამ ინტერვიუმ მედიის და საზოგადოების ინტერესი საუბრის უჩვეულო ფორმით დაიმსახურა. ვლადიმირ პუტინი ჟურნალისტ ანდრეი კოლესნიკოვს ხაბაროვსკი-ჩიტას ტრასაზე მანქანაში ესაუბრა. საჭესთან კი თავად პუტინი იჯდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით დასავლელი ექსპერტების საინტერესო კომენტარები „ამერიკის ხმის“ რუსულმა განყოფილებამ მოამზადა. კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი დენიელ ტრეისმანი ამბობს: „ეს იყო პუტინის კლასიკური ინტერვიუ. აქ შენარჩუნებულია ის სტილი, რომელიც პუტინმა უკანასკნელი წლების განმავლობაში გამოიმუშავა. ცხადია, რომ მას სიამოვნებდა ანდრეი კოლესნიკოვთან საუბარი, რომლის უშფოთველი ირონიაც შესანიშნავ ფონად გასდევდა პუტინის აზრებს.“
როდ-აილენდის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკოლაი პეტრო კი ფიქრობს, რომ პრემიერ პუტინს და ჟურნალისტ კოლესნიკოვს პირადი ურთიერთობებიც აკავშირებთ ერთმანეთთან. ამას კი ის ფაქტი ადასტურებს, რომ მთელი ინტერვიუს მანძილზე ისინი ნახევრად ხუმრობით საუბრობდნენ. თავად პუტინმა კი კოლესნიკოვს ინტერვიუს დასაწყისში უთხრა: „მე ახლა ვისვენებ. მგონი ათი წლის მანძილზე პირველად.“
გერმანიის საგარეო პოლიტიკურ საბჭოსთან არსებული „რუსეთ-ევრაზიის“ ცენტრის დირექტორს ალექსანდრე რარს კი, ბონში ბრეჟნევის გასეირნება მოაგონდა. საბჭოთა ლიდერი იმ „მერსედესის“ საჭესთან იჯდა, რომელიც გერმანიის კანცლერმა ვილი ბრანდტმა აჩუქა. „მე ვფიქრობ, რომ პუტინი თავისი წინასაარჩევნო კამპანიითაა დაკავებული და უბრალოდ არ იცის, თუ რა უნდა მოიფიქროს კიდევ იმისთვის, რომ უბრალო ხალხს მოეწონოს. ხან ცხენით ჯირითობს, ხან ყვინთავს, ხან ვეშაპებზე ნადირობს. ერთადერთი რაც არ გაუკეთებია - ეს კოსმოსში გაფრენაა. ეს კი სავსებით ნორმალურია, “ - ასკვნის ალექსანდრ რარი.
როგორც ცნობილია, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წელს გაიმართება. ვლადიმირ პუტინს უმაღლესი პოსტი ორჯერ ეკავა. ცოტა ხნის წინ მან პრეზიდენტად დაბრუნების მცდელობა არ გამორიცხა. თუმცა, ნიკოლაი პეტრო არ მიიჩნევს, რომ ეს ინტერვიუ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. მისი თქმით, ჯერ კიდევ ადრეა მკითხაობა. თუმცა, უკვე ნათელია, რომ ამ ეტაპზე პრეზიდენტობის მთავარი პრეტენდენტები მედვედევი და პუტინი იქნებიან. პეტრო თვლის, რომ რუსული საზოგადოება სტაბილურობის პროგრამაზეა ორიენტირებული და ორივე კანდიდატი ხალხს სწორედ სტაბილურობას სთავაზობს. „კომერსანტის“ ჟურნალისტთან საუბარში პუტინმა აღნიშნა, რომ წარმოდგენაც კი არ ქონდა თუ ექს-ოლიგარქის მიხაილ ხოდორკოვსკსის საქმეზე მეორე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ასევე არ იცოდა რუსი როკ-მუსიკოსის იური შევჩუკის ვინაობის შესახებ. ეს ის შევჩუკია, მაისში პუტინის და კულტურის მოღვაწეების შეხვედრაზე რუსეთის პრემიერს მწვავე კითხვები, რომ დაუსვა. ალექსანდრ რარი დარწმუნებულია, რომ პუტინმა მშვენივრად იცის ვინ არის შევჩუკი და იმ შეხვედრაზე უბრალოდ გასაგები გახადა, რომ არ სურდა მასთან საუბარი. ინტერვიუში ვლადიმირ პუტინი ასევე შეეხო რუსეთის შიდა და საგარეო პოლიტიკურ საკითხებსაც.
ნიკოლაი პეტრო თვლის, რომ ამ ინტერვიუში რუსეთის საგარეო ან საშინაო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით ახალი იდეა არ გაჟღერებულა. „პუტინმა ქვეყნის მთავარ იდეად კვლავ ხელისუფლების ბალანსირება დასახა, რომელიც ეკონომიკური სისტემის სრულყოფით მიიღწევა,“ - ამბობს ალექსანდრ რარი. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას პუტინი კვლავ მართებულად მიიჩნევს იმ აქცენტებს, რომელიც მან 2007 წლის თებერვალში მიუნხენის კონეფერციაზე გააკეთა. მაშინ ბევრმა დამკვირვებელმა პუტინის გამოსვლა ახალი „ცივი ომის“ დასაწყისად ჩათვალა. ახლა კი „კომერსანტთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ დაინტერესებულია შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვით, თუმცა მას დასავლეთის არ სჯერა, რადგან დასავლეთი რუსეთს ხშირად ატყუებს. ფიჩბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ჯოშუა სპერო აღნიშნავს, რომ პუტინი საგარეო პოლიტიკაში კორექტივების შეტანას არ აპრებს. ის კვლავ თვლის, რომ რუსეთმა შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის უთანხმოების ჩამოგდება უნდა გააგრძელოს. პროფესორი სპეროს აზრით, ბუნებრივი რესურსების გამოყენებით რუსეთის ხელისუფლებას საშუალება ეძლევა დემოკრატიის და საერთაშორისო სამართლის საკუთარი ვარიანტი ჩამოაყალიბოს. ბოლო პერიოდში რუსეთში ხომ საკმაოდ პოპულარული გახადა ტერმინი სუვერენული დემოკრატია.
დენიერ ტრეისმანიც დარწმუნებულია, რომ პუტინი თავის საგარეო სტრატეგიაში არაფრის შეცვლას არ გეგმავს და არც შიდა ოპოზიციასთან აპირებს ურთიერთობის შერბილებას. ეს კი კომერსანტისთვის მიცემული ინტერვიუდან აშკარად ჩანს. ინტერვიუდან, რომლის დროსაც ვლადიმირ პუტინმა 180 კილომეტრიანი მანძილი დაფარა და თან გზის ხარისხს ამოწმებდა. იმ დროს, როდესაც ვლადიმირ პუტინი ავტომობილის საჭესთან იჯდა, საქართველოს პრეზიდენტი თვითმრინავის შტურვალს მართავდა და აჭარაში შესრულებულ, სამუშაოებს ჰაერიდან ამოწმებდა. როგორც ჩანს პიარტექნოლოგიები ყველასთვის საერთოა.