ცოცხალი ჯაჭვი კრემლის გარშემო

ცოცხალი ჯაჭვი კრემლის გარშემო

რამდენიმე ათასი მოსკოველი კვირას "სადოვოე კალცოზე" ხელჩაკიდებული იდგა

რუსეთში დემოკრატიის მხარდამჭერთა აქცია ამჯერად "სადოვოე კალცოზე" გაიმართა. რამდენიმე ათასმა მოსკოველმა საპრეზიდენტო არჩევნებამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე კრემლს 16-კილომეტრიანი ცოცხალი ჯაჭვი შემოავლო.

აქციაზე სახელწოდებით "დიდი თეთრი რკალი" დემონსტრანტები თეთრი ბაფთებით გამოვიდნენ. მასობრივმა საპროტესტო მოძრაობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთში საშუალო ფენის ოპოზიციური მოძრაობა ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს. თეთრ დროშებზე და ტრანსპარანტებზე ნახავდით წარწერებს "რუსეთი პუტინის გარეშე".

"ჩვენ სამართლიან არჩევნებს მოვითხოვთ" - განუცხადა "ამერიკის ხმას" 32 წლის კომპიუტერული პროგრამების სპეციალისტმა ნიკოლაი შპელოვმა. "არჩევნები რუსეთში უსამართლოდ ტარდება. ტელევიზია მხოლოდ პუტინს აჩვენებს და ეს უსამართლობაა" - ამბობს დემონსტრანტი.

ექსპერტების აზრით ერთ კვირაში დანიშნულ არჩევნებზე კვლავ პრემიერი ვლადიმერ პუტინი გაიმარჯვებს და პრეზიდენტის პოსტს დაუბრუნდება, რომელსაც ის 2000-2008 წლებში ფლობდა.