საერთაშორისო კრიზისების ჯგუფი-"ორმხრივი მოლაპარაკებები აუცილებელია"

საერთაშორისო კრიზისების ჯგუფი-"ორმხრივი მოლაპარაკებები აუცილებელია"

“საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის” მიერ საქართველო-რუსეთის კონფლიქტის სამი წლის თავზე გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ დაძაბულობა ორ მხარეს შორის კვლავაც იზრდება და ამ ვითარებაში, ორმხრივი მოლაპარაკებების წარმოება აუციელებელია. მოსკოვსა და თბილისს წინაპირობების გარეშე, ჯგუფი პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციას აძლევს. ამასთან, ორგანიზაციის მითითებით, მხარეებმა აფეთქებებისა და ტერორიზმში მონაწილეობის ბრალდებების ნაცვლად, რომელსაც მტრული რიტორიკა ახლავს თან, მესამე მხარესთან ერთად ერთობლივი გამოძიება უნდა ჩაატარონ მომხდარის შესახებ. კრიზისების ჯგუფის მოსაზრებით, მოლაპარაკებებს საფუძვლად უნდა დაედოს ის არაერთი საერთო ინტერესის სფერო თუ საკითხი, რომელიც მოსკოვსა და თბილისს გააჩნია.

ვესაუბრებით საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის ევროპის პროგრამების დირექტორს საბინ ფრეიზერს, რომელსაც ბრიუსელში დავუკავშრდით და ამ დოკუმენტის, ისევე როგორც კონფლიქტურ რეგიონში არსებული სიტუაციის შესახებ კომენტარი ვთხოვეთ.

ჩვენს პირველ კითხვაზე თუ როგორ აღიქვამს სტატუს კვოს 2008 წლის ომიდან სამი წლის თავზე, ქალბატონი ფრეიზერი გვპასუხობს:

სამი წლის თავზე, პროგრესი ორმხრივ ურთიერთობებში უმნიშვნელოა. რუსეთი არ ასრულებს სარკოზი-მედვედევის შეთანხმებას და არ გაყავს ჯარები ომამდე დაკავებულ პოზიციებზე. ამასთან, იძულებით ადგილნაცვალ მოსახლეობას საშუალება არ ეძლევა საკუთარ საცხოვრებელს დაუბრუნდეს. ჩვენი აზრით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ჩიხშია შესული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შეიარაღებული დაპირისპირების განახლების საშიშროება არსებობს, მაგრამ დაძაბულობა რჩება როგორც კონფლიქტურ ზონაში, ისე ორმხრივ ურთიერთობებში.“

ამერიკის ხმის ქართული რედაქცია:აღთქმული ვალდებულებების შეუსრულებლობასთან ერთად, რუსეთის ხელისუფლება უარს აცხადებს საქართველოს ამჟამინდელ მთავრობასთან ურთიერთობაზე. ამ ვითარებაში, როგორ წარმოგიდგენიათ ორმხრივი კავშირები და რა სცენარებთან შეიძლება გვქონდეს საქმე კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების კუთხით?

ფრეიზერი: „მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი და საქართველო მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ. ამის წინაპირობა უნდა გახდეს ის საერთო ინტერესები თუ საერთო შეშფოთების საკითხები, რომლებიც ამ ორ მხარეს გააჩნია. ჩვენ ვიცით, რომ თბილისსა და მოსკოვს ურთიერთობებში არაერთი საერთო ინტერესი აქვთ და ამის მაგალითია არსებული , შეზღუდული ხასიათის მოლაპარაკებებია ჟენევის ფორმატში. საერთო ინტერესები მართლაც მოიცავს უსაფრთხოების საკითხებს, ვაჭრობას, ენერგო და ტრანსპორტის სფეროებს და ამ საკითხებზე, კონკრეტუტლ შემთხვევებში შეიძლება ურთიერთობების აგება. ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე, ორმხრივი მოლაპარაკებები რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების მიმართულებით მიმდინარეობდა. ასევე ვნახეთ, რომ მოხდა შეთანხმება საჰაერო რეისების აღდგენასთან დაკავშირებით და ელექტროენერგიის საკითხებში. ჩვენი გუშინ გამოქვეყნებული ანგარიში სწორედ ამ საერთო ინტერესის ირგვლივ მოლაპარაკებებისკენ მოუწდებს მხარეებს ნაცვლად ურთიერთბრალდებებისა ტერორიზმში მონაწილეობისა და აფეთქებების ორგანიზების შესახებ. მოლაპარაკებებმა, რომელიც როგორც დადასტურდა შესაძლებელია, დიალოგამდე უნდა მიგვიყვანოს. ეს კი თავის მხრივ ნდობასა და რწმენას აღადგენს მხარეებს შორის.“

ამერიკის ხმის ქართული რედაქცია: შესაძლებლად მიგაჩნიათ თუ არა ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურება 2014 წელს, სოჭში დაგეგმილი ოლიმპიური თამაშების მოახლოებასთან ერთად?

ფრეიზერი: „პოტენციალი ნამდვილად არსებობს აქაც. ჩვენ გაგვახარა იმ ფაქტმა, რომ კრიზისების ჯგუფის ანგარიშის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა კომენტარი, რომ მართალია პრეზიდენტ სააკაშვილთან მოლაპარაკებებს რუსეთი არ აპირებს, მაგრამ მოსკოვისთვის იმავდროულად მისაღებია საქართველოსთან რიგ საკითებზე საუბარი. ჩვენი განცხადების შემდეგ, კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, სადაც ნათქვამი იყო, რომ თბილისს რუსეთის მთავრობასთან ნებისმიერ საკითხზე მოლაპარაკების წარმოება სურს. ისე რომ, როგორც ეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მაგალითზე მოხდა, მოლაპარაკებები შესაძლებელია და ორივე მხარე მზად არის ასეთი რამ განახორციელოს.“

ამერიკის ხმის ქართული რედაქციის კითხვაზე თუ რა უნდა გააკეთოს რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებამ კონფლიქტის ზონაში ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, საბინა ფრეიზერმა შემდეგ გვითხრა:

ფრეიზერი: „ჟენევის მოლაპარაკებები ჯერჯერობით ამის ერთადერთი საშუალებაა. განსაკუთრებული პროგრესი ამ შეხვედრებს არ მოჰყოლია, თუმცა არსებობს ფორუმი, სადაც უსაფრთხოების ინციდენტებზე რეაგირების მექანიზმები რეგულარულად დგება. ამ შეხვედრების შედეგად, ხშირად ევროკავშირის მონიტორებს საშუალება აქვთ შევიდნენ კონფლიქტურ რაიონებში და გამოიძიონ ესა თუ ის ინციდენტი. ამდენად, ვფიქრობ, რომ ადგილზე ამ მრავალმხრივ მოლაპარაკებებს გარკვეული შედეგი აქვს. დავძენ, რომ უნდა გაგრძელდეს ამ ფორმატში მუშაობა რა თქმა უნდა ოსებისა და აფხაზების მონაწილეობით.“

ამერიკის ხმის ქართული რედაქცია: და ბოლოს, საიდან უნდა დაიწყოს ქართულმა სახელმწიფომ რუსეთთან ურთიერთობა, რამდენად უწყობს ხელს ამ პროცესს ის პოლიტიკური დისკურსი და რეალობა, რომელიც ამჟამად ქართულ მხარეზე შეინიშნება?

ფრეიზერი: „ორმხრივი დიალოგისთვის ნამდვილად საზიანოა როცა საქართველოში რუსეთის მტრის იმიჯი იქმნება. ასევე, უარყოფითი გავლენა აქვს ფაქტებს, როცა ხალხს რუსეთზე ჯაშუშობის იარლიყს ანიჭებენ. რათქმა უნდა, ამ ქვყნებში არიან ჯაშუშები. თუმცა ვითარებას ხელს არ უწყობს როცა ოპოზოციას, სამოქალაქო საზოგადოებას, ჟურნალისტებს პრო-რუსულ განწყობებში და ჯაშუშობაში ედებათ ბრალი. ამგვარად არ უნდა ხდებოდეს აღნიშული ჯგუფების დისკრედიტირება. ჩვენი აზრით, ბევრად უფრო ჯანსაღი იქნება, თუ მთავრობის წევრები, ჟურნალისტები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოში დაიწყებენ ღია დიალოგს და ყველა ერთად დაიწყებს იმაზე ზრუნვას თუ როგორ ჩატარდეს მომავალი წლის არჩევნები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ განხორციელდეს ქვეყანაში საარჩევნო რეფორმა.“