გუშინ ვაშინგტონში, კარნეგის ცენტრში დასრულდა ორდღიანი კონფერენცია თემაზე „კავკასიის ქვეყნები - დამოუკიდებლობის 20 წელი“. გუშინდელი დღე ადამიანის უფლებების, ეკონომიკის და კონფლიქტების თემებს დაეთმო.
საქართველოში ადამიანების უფლებების მდგომარეობაზე ვრცლად ისაუბრა „ჰუმან რაითს უოჩის“ წარმომადგენელმა ბატონმა გიორგი გოგიამ. მისი თქმით, ხშირად ისმის კითხვა, თუ რა უფრო მნიშვნელოვანია - სახელმწიფოს გაძლიერების პროცესი თუ ადამიანის უფლებები. მან ისაუბრა პოლიციაში, სასამართლოში და საპატიმროებში არსებულ მდგომარეობაზე. ბატონი გოგიას თქმით, მართალია პოლიციაში განხორციელდა რეფორმა, თუმცა სამართალდამცავ სტრუქტურებს აქვთ განცდა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ისინი დაკარგავენ სამსახურებს და შესაძლოა, სწორედ ეს იყოს იმის მიზეზი, რომ ამა თუ იმ საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ ისინი სკანდირებენ „მიშა, მიშას“. ბატონმა გოგიამ აღნიშნა, რომ პოლიციის უფლებები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, ხოლო მათზე კონტროლის მექანიზმები შემცირებულია.
საქართველოს ეკონომიკაზე საკმაოდ ვრცელი მოხსენებით გამოვიდა ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, ამჟამად ეკონომიკური საკითხების ანალიტიკოსი და სტრატეგიის და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის წარმომადგენელი ბატონი ბატონი ვლადიმერ პაპავა. მან ვრცლად ისაუბრა საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ ეკონომიკის სფეროში დაშვებულ შეცდომებზე და იმ მიმართულებებზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ავითარებს. ბატონმა პაპავამ აღნიშნა, რომ ერთერთი მთავარი შეცდომა რაც დაუშვა „ვარდების რევოლუციის“ შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ, იყო პროფესიონალი კადრების სახლებში გაშვება და მათ ნაცვლად შესაძლოა ზოგჯერ განათლებული, თუმცა გამოუცდელი ახალგაზრდების დანიშვნა მაღალ თანამდებობებზე. ასევე ვლადიმერ პაპავამ აღნიშნა, რომ ეკონომიკას ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმებამ.
„ეს იმით ახსნეს, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და ამდენად საქართველოში უნდა იყოს ყველანაირი კონკურენცია და არ უნდა იყოს არანაირი აკრძალვები ბიზნესში. თუმცა, ამის სანაცვლოდ 2007 წელს პრეზიდენტმა სააკაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს პირდაპირ უბრძანა, რომ გაეკონტროლებინა საქართველოში ჯერ მარილის, ხოლო შემდეგ შაქრის ბაზარი. რაც ინსტიტუციონალური შეცდომა იყო. მანამდე 2006 წელს, როდესაც რუსეთმა ქართული ღვინის ბაზარი დახურა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავდაცვის სამინისტროს ქართული ღვინის ახალ ბაზარზე გატანის ბრძანება მისცა, რის შემდეგაც თავდაცვის სამინისტროში შეიქმნა სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი,“ - განაცხადა ბატონმა პაპავამ.
მისი თქმით, საქართველო, როგორც კორუფციისგან თავისუფალი ქვეყანა, ეს არის მითი. ბატონი პაპავას განცხადებით, კორუფცია არ არის მხოლოდ ქრთამის აღების შედეგი. მან აღნიშნა, რომ საქართველოში ჩამოყალიბებულია კორუფციის ახალი ტიპი და ეს არის ელიტური კორუფცია. ამის მაგალითად მან მოიყვანა ის ფაქტი, რომ რევოლუციის შემდეგ საქართველოში ჩამოყალიბდა ფონდი, სადაც ფულის ჩადებას ყოფილ ჩინოვნიკებს აიძულებდნენ. ამის შემდეგ, ეს გავრცელდა ბიზნესზე, როდესაც ბიზნესმენებს აიძულებენ თანხების გადარიცხავს. ასევე, ელიტური კორუფციის მაგალითად ბატონმა პაპავამ დაასახელა ბიზნესის ტოტალური კონტროლი და არაგამჭვირვალე პრივატიზაციის პროცესი. ბატომა პაპავამ ისაუბრა რუსულ კვალზეც ქართულ ეკონომიკაში. მისი თქმით ქართული ბიზნესს და სტრატეგიულ ეკონომიკურ ობიექტებს მეტწილად სწორედ რუსული კომპანიები აკონტროლებენ.
ქართულ ეკონომიკაში დადებით ტენდენციებზე ისაუბრა საქართველო-ამერიკის ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელმა ბატონმა მამუკა წერეთელმა. მან აღნიშნა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ბოლო პერიოდში და ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში გადადგმული ნაბიჯები იძლევა იმის იმედს, რომ ქართულ ეკონომიკას უფრო უკეთესი მომავალი ექნება. თუმცა, უმთავრეს პრობლემად მან დაასახელა უმუშევრობა, რომელიც არა მხოლოდ საქართველოსთვის არამედ რეგიონისთვისაც დამახასითებელია.
ეკონომიკური პანელის დასრულების შემდეგ, ბატონმა ვლადიმერ პაპავამ ჩვენთან საუბარში განაცხადა:
„უკვე რვა წელიწადია რაც ვარდების რევოლუციის გზით მოვიდა სააკაშვილი ხელისუფლება. მათ აჩვენეს მთელი რიგი პოზიტიური ცვლილებები, დაუშვეს საკმაოდ სერიოზული შეცდომებიც, მაგრამ შინაგანი რესურსი ამ რეჟიმს უკვე ამოწურული აქვს. ეს ჩანს ყველაფერში, მათ შორის საკადრო გადაწყვეტილებებშიც. აღსანიშნავია ის არაპროფესიონალიზმი, რომელიც სუფევს მთავრობაში, საპარლამენტო უმრავლესობაში. სწორედ ამიტომ ჩნდება მოთხოვნა საზოგადოებაში, რომ ცვლილებების დრო მოვიდა.“
კონფერენციის მეორე ნაწილი კონფლიქტებს მიეძღვნა. საქართველოში არსებულ კონფლიქტურ კერებზე ვრცლად ისაუბრა სტრატეგიის და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის წარმომადგენელმა ბატონმა არჩილ გეგეშიძემ. მან აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ წარმოქმნილმა კონფლიქტებმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა საქართველოს პოლიტიკა როგორც რეგიონში, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებში.
მისი თქმით, შეცდომაა, როდესაც საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთისგან დისტანცირებას ცდილობს და ამ კონფლიქტებს მხოლოდ რუსულ-ქართული კონფლიქტის ჭრილში განიხილავს. ბატონი გეგეშიძის თქმით, ეს კონფლიქტები ქვეყნის განვითარებისთვის ძლიერ ბარიერს წარმოადგენს.
„ამის ერთერთი მაგალითია იძულებით გადაადგილებულ პირთა დიდ რაოდენობა. ჩვენ გვყავს 250 ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი. ეს ხალხი იქცა პოლიტიკური მანიპულაციების საშუალებადაც ბევრი პოლიტიკური ძალისთვის, პირველ რიგში ნაციონალისტური და რადიკალური ძალებისთვის, რომლებიც წარმატებით ახერხებდნენ საკუთარი მიზნებისთვის ამ ადამიანების ქუჩაში გამოყვანას. 2010 წლიდან მთავრობამ დაიწყო კომპაქტურად ჩასახლებული ადგილებიდან გასახლება და ისინი ამჟამად საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არიან განაწილებული. თუმცა, ეს პრობლემა კვლავ მძიმე ტვირთია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის,“ - განაცხადა ბატონმა გეგეშიძემ.
კონფერენციის დასასრულს ჩვენ კომენტარი ვთხოვეთ შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს საქართველოში ბატონ კენეტ იალოვიცს:
„როდესაც 90-იან წლებში რუსეთში ამერიკის საელჩოში ვმუშაობდი, ჩვენ ვაკვირდებოდით ახალ ქვეყნებს, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოიქმნენ. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით, რომელი მათგანი ვერ გაძლებდა დიდხნას არსებობას. ვფიქრობდით, რომ მათ რიცხვში შესაძლოა ყოფილიყო საქართველოც, რადგანაც დაიწყო სეპარატისტული მოძრაობები, სამოქალაქო ომი, ამას დაემთხვა რუსეთში ფინანსური კრიზისი, საქართველოს პრეზიდენტზე რამდენიმე თავდასხმა, აფხაზეთში მდგომარეობის დაძაბვა 1998 წელს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე საქართველო განეკუთვნებოდა წარუმატებელი ქვეყნების რიცხვს. ამის შემდეგ მოხდა ვარდების რევოლუცია და ომი რუსეთთან. ჩვენ შეგვიძლია კრიტიკულები ვიყოთ ბევრ საკითხში, ისეთი როგორიცაა არასრულყოფილი დემოკრატია, ადამიანის უფლებები, მედიაში მდგომარეობა, ეკონომიკური სიდუხჭირე. თუმცა, ვფიქრობ რომ წინსვლა აშკარაა, მაგრამ ჯერ კიდევ უამრავი პრობლემაა დასაძლევი,“ - განაცხადა ბატონმა იალოვიცმა.
მისი თქმით, საქართველოს შემდგომი განვითარების გზაზე კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება მოახლებული საპარლამენტო და შემდგომ საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარებას.