„ერთი სახელმწიფოს“ შექმნით დამყარებული მშვიდობა

სამშვიდობო პროცესი იმდენად დიდ ხანს იყო გაჩერებული, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია.

გასულ კვირას შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამასა და ისრაელის პრემიერ მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრის შემდეგ, ორივე ქვეყნის ლიდერმა გამოთქვა იმედი, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა დამყარდება. მაგრამ ზოგიერთი ანალიტიკოსი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ სამშვიდობო პროცესი იმდენად დიდ ხანს იყო გაჩერებული, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია და დროა ახალი მიდგომა განხორციელდეს, რომელსაც ისინი „ერთ სახელმწიფოს“ უწოდებენ.

ამ იდეის სათავეებს 1920-იან და 1930-იან წლებში მივყავართ, როცა ებრაელი სიონისტები თავის ბიბლიურ მიწა-წყალზე დაბრუნებას ითხოვდნენ ებრაული სახელმწიფოს დაარსების მიზნით. მაგრამ ებრაული ჯგუფების ერთ ნაწილს მაშინ ძალიან ადარდებდა ის, რომ ამ ტერიტორიაზე დაბრუნებას მომავალში ებრაელებსა და არაბებს შორის ძალადობა მოჰყვებოდა. ისინი აღნიშნავდნენ, რომ აუცილებელი იყო არაბულ-ებრაული კონფედერაციის შექმნა, რომელიც მდინარე იორდანედან ხმელთაშუა ზღვამდე იქნებოდა გადაჭიმული.

ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე სამშვიდობო პროცესის გაყინვის ფონზე, ზოგიერთმა აკადემიკოსმა და პოლიტიკური საკითხების ანალიტიკოსმა კიდევ ერთხელ დაიწყო ეგრეთწოდებული „ერთი სახელმწიფოს“ გადაწყვეტილებაზე საუბარი. ისინი მოუწოდებდნენ ერთი სახელმწიფოს შექმნისკენ, რომელიც ამჟამინდელ ისრაელსა და პალესტინურ ტერიტორიებს გააერთიანებს და თანაბარ მოქალაქეობას მიანიჭებს ებრაელებს, ქრისტიანებს, მუსლიმებსა და სხვებს. ძალზედ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს შემოთავაზება გადაჭრის იმ პრობლემებს, რომელთა მოგვარება ეგრეთწოდებული „ორი სახელმწიფოს“ მიდგომის კონტექსტში შეუძლებელია. სახელდობრ, „ერთი სახელმწიფოს“ მიდგომის მიხედვით ოთხ ნახევარ მილიონ პალესტინელ ლტოლვილს, რომლებიც ამჟამად ისრაელის, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირისა და ღაზას სექტორის გარეთ ცხოვრობენ, დაბრუნების საშუალება მიეცემათ.

ალი აბუნიმა ავტორია წიგნისა სახელწოდებით „ერთი სახელმწიფო: გამბედავი შემოთავაზება ისრაელ-პალესტინური პრობლემის გადაჭრისა.“ იგი აგრეთვე ვებ გვერდ „ელექტრონული ინტიფადას“ თანადამაარსებელია. მისი თქმით, ორ-ეროვნული ერთიანი სახელმწიფოს სცენარი სულაც არ არის არეალისტური დღევანდელ ისრაელში.

„დღეს-დღეობით პალესტინურ ტერიტორიებსა და ისრაელში 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მათ შორის ნახევარს ისრაელის ებრაელი მოქალაქეები შეადგენენ, ხოლო დანარჩენს კი პალესტინელები. ამას გარდა დაახლოებით ერთი მილიონი სხვადასხვა ეროვნებების ნარევს წარმოადგენს, რომელიც არცერთ კატეგორიაში არ შედის. ამ ხალხს მართავს ერთი მთავრობა და ეს არის ისრაელის ხელისუფლება. მთავარი პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ ამ მთავრობას ირჩევს და ექვემდებარება მოსახლეობის ნახევარი,“ აღნიშნა აბუნიმამ.

აბუნიმას სჯერა, რომ არსებობს ბევრი ძალზედ მნიშვნელოვანი მიზეზი რის გამოც ისრაელის მთავრობამ დიდი სერიოზულობით უნდა განიხილოს „ერთი სახელმწიფოს“ გადაწყვეტილება. მისი თქმით, ისრაელი მზარდ საერთაშორისო იზოლაციას განიცდის, რასაც ემატება ის, რომ ქვეყანაში შეინიშნება რელიგიური დაძაბულობა და ისრაელის სახელმწიფოებრიობას უცხოეთიდან ბევრი საფრთხე ემუქრება. აბუნიმა ამტკიცებს, რომ ორ-ეროვნული სახელმწიფო მთელი მოსახლეობის მშვიდობას, უსაფრთხოებასა და ღირსებას უზრუნველყოფს.

ვაშინგტონში მდებარე პალესტინური საკითხების შემსწავლელი ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფის წევრი ჰუსეინ იბიში აღნიშნავს, რომ ეს იდეა არარეალისტურია,რადგან ერთი სახელმწიფოს გადაწყვეტილება სარგებლობას მხოლოდ პალესტინელებს მოუტანს. მისი თქმით:

„ამ წინადადებით ისინი ფაქტობრივად 1948 წლის ომის შედეგების განეიტრალებასა და საკუთარი ქვეყნის დაბრუნებას ცდილობენ. პალესტინური გადმოსახედიდან ეს რასაკვირველია იდეალური სცენარია და კარგი იქნება, თუ ეს მიდგომა განხორციელდება. თუმცა ეს მიდგომა ისრაელის ებრაულ მოსახლეობას არაფერს სთავაზობს.“

კარლო სტრენგერი თელ ავივის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტში მოღვაწეობს. მას მიაჩნია, რომ ისტორიულად დაპირისპირებული ორი ხალხის შერიგება შეუძლებელი იქნება,რადგან ისინი ვერ შესძლებენ ყველაზე მარტივი განსხვავებების გადალახვასაც კი.

„სიმართლე გითხრათ, თუ მე წარმოვიდგენ ახალი ისრაელ-პალესტინური პარლამენტის სხდომის გახსნას, არა მგონია, რომ ისინი რაიმე საერთოს გამონახავენ ისეთ უმარტივეს საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის სახელმწიფო დროშა ან ჰიმნი,“ აღნიშნავს კარლო სტრენგერი.

სტრენგერს მიაჩნია, რომ ორ-ეროვნული სახელმწიფო მალე გაიხლიჩება პოლიტიკური პირველობისთვის გაჩაღებული ბრძოლის გამო.

მაგრამ „ელექტრონული ინტიფადას“ თანადამაარსებელი ალი აბუნიმა აღნიშნავს, რომ „ერთი სახელმწიფოს“ იდეის კრიტიკა უსაფუძვლოა. მას სამხრეთ აფრიკის მაგალითი მოჰყავს.

„ისინი შეშინებულები იყვნენ. მათ ბავშვობიდანვე უნერგავდნენ შავი სამხრეთ აფრიკელების შიშს ანუ სახეზეა იგივე არგუმენტაცია, რომელსაც ისრაელელი ებრაელები დღეს იყენებენ ერთი სახელმწიფოს იდეის წინააღმდეგ,“ ამბობს იგი.

განსხვავებების მიუხედავად, ყველა თანხმდება, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდგომი შეფერხება ძალადობისა და რელიგიური ექსტრემიზმის გაღვივებას შეუწყობს ხელს, რაც ორივე მხარეს დააზარალებს.