„პრესა წნეხის ქვეშ“

„პრესა წნეხის ქვეშ“

„ამერიკის ხმის“ ახალი პროექტი

პროექტი, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში სიტყვის თავისუფლების და მედიის მიმართ შექმნილ პრობლემებს ეხება, რუსული რედაქციის მიერ ხორციელდება. მისი ავტორი ცნობილი ჩერქეზი ჟურნალისტი ფატიმა ტლისოვაა. პროექტის სახელია „პრესა წნეხის ქვეშ“. ეს არის ბლოგი, სადაც განთავსდება ინტერვიუები და მასალები პოსტსაბჭოთა მედიის პრობლემატიკაზე როგორც ვიდეო და აუდიო, ასევე ბეჭდვური სახით. როგორც თავად ფატიმა ამბობს, ეს პროექტი ეძღვნება ყველა იმ ჟურნალისტს, ვინც ცხოვრობს პოსტაბჭოთა სივრცეში და მის წინააღმდეგ ხორციელდება მუქარები, ზეწოლის სხვადასხვა ფაქტები, განიცდიან ცენზურას თუ თვითცენზურას. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს პროექტი მედიაგარემოს გაუმჯობესებას და ჟურნალისტების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

„რუსეთში არსებული რეჟიმი არ არის აღიარებული, როგორც დიქტატურა, არამედ პირიქით, უფრო მეტად დემოკრატიულად არის ცნობილი, ვიდრე ღია დიქტატურად. მიუხედავად ამისა, პრესა რთულ მდგომარეობაშია, კლავენ ჟურნალისტებს. რატომ მაინც და მაინც ეს ბლოგი? იმიტომ, რომ ჩვენ გინდა შევქმნათ პლატფორმა, სადაც ჟურნალისტებს თავისუფლად შეეძლებათ თავიანთ პრობლემებზე საუბარი. რა თქმა უნდა, ეს იქნება თემატური ბლოგი, თუმცა, ჩვენს გარდა ჟურნალისტებსაც შეეძლებათ თემატიკის შექმნა“

ფატიმას თქმით, რუსულ მედიაში განსაკუთრებული პრობლემები რეგიონებში იგრძნობა, რადგან როდესაც მოსკოვში ან სანქტ-პეტერბურგში მომუშავე რომელიმე ჟურნალისტის წინააღმდეგ რაიმე ფაქტი ხდება, ეს ძალიან მალე ხმაურდება. რუსეთის პროვინციებში კი საქმე სხვაგვარადაა.

არსებობს თუ არა იმის საშიშროება, რომ ფატიმას ბლოგზე სტუმრობის შემდეგ, ჟურნალისტებს უფრო მეტი პრობლემები შეექმნათ და უფრო დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ? ამ შეკითხვაზე ფატიმამ განაცხადა:

„იცით,მე თავად გავიარე ყველა ეს ეტაპი, როდესაც ჩემს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს სიჩუმით ვპასუხობდი. რადგან ვფიქრობდი რომ ასე, ჩრდილში დარჩენით უფრო ადვილი იყო მუშაობა. თუმცა, ამის შედეგად ზეწოლა არ მცირდებოდა. როდესაც მე დავიწყე ამაზე ღიად საუბარი, ზეწოლის ტაქტიკა შეიცვალა და სხვა სახე მიიღო - იყო შანტაჟი, მოტაცება,ფიზიკური ზემოქმედებაც კი“.

ფატიმას თქმით, რუსეთში ერთერთ სერიოზულ პრობლემას მედიაში თვითცენზურა წარმოადგენს, რომელიც უკვე ჟურნალისტებისთვის თავის გადარჩენის ერთადერთ საშუალებად იქცა. რუსულ მედიაში თვითცენზურასთან ერთად საკმაოდ პრობლემურია ცენზურა ხელისუფლების მხრიდან, რომელიც განსაკუთრებით მთავრობის მიერ კონტროლირებად მედიაში იგრძნობა.

„რაც შეეხება თვითცენზურის გამოვლინებას, გასაგებია რაზეც ვსაუბრობთ. ეს არის ის როდესაც ჟურნალისტი თავად ფილტრავს მოპოვებულ ინფორმაციას, საზღვრავს საშიშროების დონეს და აწესებს იმ ზღვარს, რომლის გადაბიჯებაც მას საფრთხეს შეუქნის. საფრთხის დონეებიც სხვადასხვაა. როდესაც კავკასიაში მყოფ ჟურნალისტზე ვსაუბრობთ, სარფთხე შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური განადგურება, ასევე გაუჩინარება. ხოლო თუკი ჟურნალისტი ცენტრალურ მედიაში მუშაობს, მაშინ საფრთხე შეიძლება იყოს სამსახურიდან გათავისუფლება და ხელფასის დაკარგვა“

ფატიმა იმედოვნებს, რომ ეს ბლოგი შეასრულებს სოციალური მედიის როლსაც და ჟურნალისტებს შეეძლებათ საკუთარი ვიდეო-აუდიო თუ ბეჭდვური მასალების გამოგზავნა ამა თუ იმ პრობლემატიკაზე, იმ რთულ ვითარებაზე რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სიტყვის თავისუფლებას შეეხება.