ურთიერთობებში გაუგებრობა წარსულს უნდა ჩაბარდეს

ურთიერთობებში გაუგებრობა წარსულს უნდა ჩაბარდეს

როგორ ფასდება აშშ-ში სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ახლახან დასრულებული პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში?

ხუთშაბათს, 15 ივლისს, ამერიკის ხმის აზერბაიჯანულმა რედაქციამ ინტერვიუ ჩამოართვა სახელმწიფო მდივნის ყოფილ მოადგილეს რიჩარდ არმიტაჯს.

კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა იგი სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ახლახან დასრულებულ პირველ ოფიციალურ ვიზიტს აზერბაიჯანში, ბატონმა არმიტაჯმა ასეთი პასუხი გასცა:

„მე მგონი, რომ შეერთებული შტატების მხრიდან სახელმწიფო მდივნის აზერბაიჯანში ჩასვლა იმის მანიშნებელი იყო, რომ ამერიკას სურს, რომ ამერიკა-აზერბაიჯანის ურთიერთობებში ამ ბოლო დროს წარმოქმნილი გაუგებრობები წარსულს ჩაბარდეს.

მართალია, ორმხრივ ურთიერთობებში გარკვეული სიცივე შეინიშნებოდა, მაგრამ, მე მგონი ეს ახლა დასრულდა. მე იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში ბატონი ალიევი პრეზიდენტ ობამას შეხვდება. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა თავდაცვისა და უშიშროების სფეროში ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე მიმდინარეობს და ახლა საჭიროა, რომ ჩვენი ურთიერთობა პოლიტიკურ სფეროში იგივე დონეზე დადგეს.“

გასული წლის მანძილზე აზერბაიჯანის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა არაერთხელ გამოხატეს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ შეერთებული შტატები მოუწოდებდა სომხეთსა და თურქეთს სახელმწიფო საზღვრის გახსნისკენ. ბაქო მიესალმება თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაციას, მაგრამ აზერბაიჯანისთვის ამ ორმხრივი ურთიერთობების აღდგენა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრას უკავშირდება. შედეგად აზერბაიჯანში შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ორ საკითხს შორის კავშირზე უარის თქმით შეერთებულმა შტატებმა ფაქტობრივად უგულვებელყო აზერბაიჯანის ეროვნული ინტერესები. აი რა განაცხადა ამასთან დაკავშირებით ბატონმა არმიტაჯმა:

„მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო მდივნის კლინტონის აზერბაიჯანში ვიზიტმა გააქარწყლა ის შიშფოთება და შიში, რომელიც ბაქოში სუფევდა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები, საფრანგეთსა და რუსეთთან ერთად, აქტიურად არის ჩაბმული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში, რომელიც ჰელსინკის პრინციპებს უნდა დაეყრდნოს. შეერთებულ შტატებს იმის იმედი ჰქონდა, რომ თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაციასთან დაკავშირებული პროტოკოლები დადებით გავლენას მოახდენდა მთიანი ყარაბაღის საკითხზე, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენ სამწუხაროდ საპირისპირო შედეგი მივიღეთ.“

რაც შეეხება ამერიკა-აზერბაიჯანის ურთიერთობებში არსებულ პრობლემებს, ბატონმა არმიტაჯმა მოიყვანა დაკავებული ბლოგერების მაგალითი, რაც იმის მანიშნებელია, რომ ადამიანის უფლებების დაცვა აზერბაიჯანში კვლავინდებურად შეერთებული შტატების მთავრობის შეშფოთებას იწვევს. ამას გარდა, თურქეთ-სომხური ურთიერთობების ნორმალიზაციის მიმართ შეერთებული შტატების მხარდაჭერამ, ორმხრივ ურთიერთობებში დაძაბულობა გამოიწვია.

როგორც ცნობილია, აზერბაიჯანში შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობაზე, თითქმის ერთი წლის მანძილზე არავინ ინიშნებოდა. ცოტა ხნის წინ ამ თანამდებობაზე მეთიუ ბრაიზა დაინიშნა. კითხვაზე შესძლებს, თუ არა მეთიუ ბრაიზა ამერიკა-აზერბაიჯანის ურთიერთობების გაუმჯობესებას, ბატონმა არმიტაჯმა ასეთი პასუხი გაგვცა:

„იგი შესანიშნავად ერკვევა კავკასიის რეგიონში და ამდენად მე ვფიქრობ, რომ მას არ უნდა გაუჭირდეს. როგორც მოგეხსენებათ, მის დანიშნვას გარკვეული პოლიტიკური ხასიათის სირთულეები უკავშირდებოდა, რაც უწინარეს ყოვლისა მის წინა გამოცდილებით იყო განპირობებული. აქ მე ვგულისხმობ სომხეთის წინააღმდეგობას და ბრაიზას ახლო ურთიერთობას საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. მაგრამ ასეა თუ ისე, მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს საკუთარი ელჩების დანიშნვის უფლება გააჩნია და მე ვფიქრობ, რომ როცა იგი თავის მოვალეობებს შეუდგება, ის უთუოდ გამოადგება როგორც ბაქოს, ისე ვაშინგტონს.“

ინტერვიუს დასასრულს ბატონმა არმიტაჯმა ამგვარად დაახასიათა ვაშინგტონის შეშფოთება თურქეთის საგარეო პოლიტიკით:

„ვაღიარებ, რომ ეს საკითხი აქ ბევრს ადარდებს. უწინარეს ყოვლისა მე მინდა აღვნიშნო, რომ დიდი ხნის მანძილზე ბევრი ამერიკელი და თურქი კმაყოფილებას გამოთქვამდა იმასთან დაკავშირებით, რომ თურქეთი ნატოს სამხრეთი ფლანგის საიმედო დამცველი იყო. მაგრამ ცივი ომის დროინდელი ეს შეხედულება ახლა წარსულს ჩაბარდა. ამ ცვლილების აღქმა ვაშინგტონში ბევრს დღემდე უჭირს.

აგრეთვე ცხადია, რომ ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანებისკენ მიმართული შეერთებული შტატების პოლიტიკა მოკლევადიან პერსპექტივაში წარუმატებელი იქნება. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თურქეთში ევროპასთან ინტეგრაციის საკითხი დავიწყებას უნდა მიეცეს. ამდენად მე ვფიქრობ, რომ თურქეთი გამოიკვეთა როგორც სახელმწიფო, რომელიც ეკონომიკური აღმავლობის ფონზე კარგად გრძნობს თავის მნიშვნელობას გეოგრაფიულ და პოლიტიკურ კონტექსტში, რაც ნიშნავს სხვადასხვა სახელმწიფოებთან დადებითი და დინამიური ურთიერთობების განვითარებას, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის იმის მანიშნებელი, რომ ანკარამ დასავლურ მიმართულებას ზურგი შეაქცია.“