სლოვენიამ დაამარცხა ალჟირის ეროვნული გუნდი ანგარიშით 1:0 და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის C ჯგუფში პირველობა მოიპოვა.
მატჩის უანგარიშო პირველი ნახევრის შემდეგ, 79-ე წუთზე რობერტ კორენმა შორი მანძილიდან ალჟირის ნაკრების მეკარის ფაუზი შაუშის კარებში გოლი გაიტანა.
უნდა აღინიშნოს, რომ 72-ე წუთის შემდეგ ალჟირის გუნდი ათ კაცამდე შემცირდა,რადგან შემცვლელმა აბდელკადირ ღეზალმა დატოვა მოედანი მეორე ყვითელი ბარათის მიღების გამო. მან სლოვენიის გუნდის საჯარიმო ზონაში ხელით ითამაშა.
დღეს სამხრეთ აფრიკის ქალაქ პოლოკვანეში გამართული მატჩი პირველი იყო ორივე გუნდისთვის. გამარჯვების შემდეგ სლოვენიამ სამი ქულა მოიპოვა და ამჟამად C-ჯგუფში ლიდერობს.
გუშინ შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მატჩი ფრედ დამთავრდა და ორივე გუნდი ჯგუფში ამჟამად მეორე ადგილზეა თითო ქულით.
განამ კი სერბეთს ანგარიშით 1:0 მოუგო და D ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა.