ჯირგადან შერიგებამდე

ავღანური სახალხო ყრილობის შეფასებები

ავღანური ჯირგა დასრულდა. სამშვიდობო სახალხო კრების 1600 -მა დელეგატმა პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის გეგმას ერთხმად დაუჭირა მხარი. გეგმა კი ამბოხებულებთან შერიგებას და ავღანეთის კეთილდღეობისთვის ერთად მუშაობას ითვალისწინებს. სახალხო კრებაში ავღანეთის ყველა ფენა იყო წარმოდგენილი: აქ იხილავდით პოლიტიკოსებს, რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებს, ტომების ლიდერებს, სამოქალაქო სექტორის თანამშრომლებს და ავღანელ დევნილებსაც კი. თუმცა ჯირგას გადაწყვეტილებას ავღანეთში ყველა არ უჭერს მხარს.

ეშაქ გაილანი ავღანეთის პარლამენტის წევრი და კარზაის ყოფილი საპრეზიდენტო მეტოქის აბდულა აბდულას მხარდამჭერია. გაილანმა ჯირგას მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა. მიწვევის მიუხედავად ის სახალხო შეკრებას არ დასწრებია. მისი თქმით, ჯირგას გადაწყვეტილებაში ახალი არაფერია. ციხეებიდან ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და გაეროს ემბარგოს სიიდან კონკრეტული პირების ამოღება, - გაილანის მტკიცებით, - ძველი იდეებია.

მისი თქმით, ჯირგას გამართვით და შედეგებით ყველაზე მეტად მოგებული პრეზიდენტი ჰამიდ კარზაია, განსაკუთრებით მის წინააღმდეგ იმ ბრალდებების შემდეგ, რაც კორუფციას და გასული წლის არჩცევნების გაყალბებას შეეხება.

„ამდენი ხალხის მოწვევაა ბატონი კარზაისთვის სასარგებლო გამოდგა. განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ, რადგანაც მისთვის ყველაზე დიდი თავყრილობა იყო, რათა ხალის წინაშე ალაპარაკა,“ -ამბობს გაილანი.

მის მოსაზრებას იზიარებს ავღანეთის პოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ჰარონ მირიც. მას მაგალითად მოყავს რეზოლუციის ის პუნქტები, რაც მომავალ თვეს ქაბულში დიდი საერთაშორისო კონფერენციის დღის წესრიგში უნდა შევიდეს.

„მისი განცხადებით, ავღანეთის საკითხზე წინა კონფერენცია ლონდონში გაიმართა. თალიბანთან რეინტეგრაციის პროექტისათვის ბატონმა კარზაიმ 1 მილიარდი დოლარი მოითხოვა, თუმცა დონორმა ქვეყნებმა მხოლოდ 150 მილიონი გაიღეს. ჯირგას რეზოლუციით კი კარზაი უფრო მეტი დაფინანსების მისაღებად საერთაშორისო თანამეგობრობაზე ზეწოლას ცდილობს,“ - ამბობს მირი.

რეზოლუციის თანახმად უნდა შეიქმნას ავღანური კომისია, რომელიც შერიგების პროცესს იმ ამბოხებულებთან დაიწყებს, ვინც საერთაშორისო ტერორისტებთან კავშირში არაა შემჩნეული. ჯირგას მსვლელობის დროს რამდენჯერმე ერთ-ერთი ამბოხებული დაჯგუფების - „ჰეზბ ე ისლამის“ ლიდერის გულბუდინ ჰეკმატიარის სახელმაც გაიჟღერა. მას მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდეს.

მავლავი ატაულა ჰეკმატიარის ყოფილი თანამებრძოლია. ახლა კი „ჰეზბ ე ისლამის“ პოლიტიკური ფრაქციიდან პარლამენტის წევრია.

მისი თქმით, ჰეკმატიარის დაჯგუფება თალიბანისგან მთლიანად განსხვავებულია და ისინი პოლიტიკური პლურალიზმის, ქალთა განათლებისთვის და არჩევნებისთვის იბრძვიან

გასულ წელს ჰეკმატიარის წარმომადგენლებს პრეზიდენტი კარზაი შეხვდა.

ჰეკმატიარის პირობები კოალიციის ძალების მიერ ავღანეთიდან გასვლა და ახალ არჩევნებამდე დროებითი მთავრობის შექმნა იყო. თუმცა, ჰეკმატიარს 1990-იან წლებში სამოქალაქო ომის დროს ადამიანის უფლებების შელახვაში ადანაშაულებენ. მიუხედავად ამისა, ავღანურ ჯირგას ბევრი დადებით მოვლენად აფასებს და მის გამართვას დიალოგის დაწყების პირველ ეტაპად მიიჩნევს. ერთ-ერთი ასეთია პარლამენტის წევრი ფარუქ მერაინი. მისი განცხადებით, ის მთავრობის მიერ ჯირგას გადაწყვეტილების შესრულებას მიესალმება.

„მშვიდობა არ ეკუთვნის მხოლოდ ერთ ტომს, ან ოჯახს, არც მხოლოდ ერთ რეგიონს. მშვიდობა საყოველთაო უნდა იყოს,“ - ამბობს ფარუქი.

გუშინ პრეზიდენტმა კარზაიმ ჯირგას შემდეგ პირველი ბრძანებულება გამოსცა. კარზაიმ სპეციალური კომიტეტი შექმნა და ჯირგას რეზოლუციის შესრულებაზე მუშაობის დაწყება დაავალა. გადაწყვეტილება კი, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ თალიბანთან შერიგების გზების ძიებას ითვალისწინებს.