ინჟინრები ამბობენ, რომ ამ ავტომობილს საწვავის გარეშე სამოცდაოთხი კილომეტრის გავლა ძალუძს. ელექტრო-აკუმულატორი ჩვეულებრივ ელექტროქსელში შეერთების ხარჯზე იტენება. „ჯენერალ მოტორსი“ იმედოვნებს, რომ „შევროლე ვოლტი“ პოპულარული ავტომობილი გახდება.
გაკოტრებისა და კომპანიის მიერ წარმოებული „სატურნის“, „ჰამერის“, „პონტიაკისა“ და „სააბის“ მარკების გაყიდვის შემდეგ „ჯენერალ მოტორსმა“ მთავარი ყურადღება „კადილაკის“, „ბიუიკის“, „ჯი ემ სისა“ და „შევროლეს“ განვითარებას დაუთმო. უცხოურ კომპანიებთან კონკურენციის მცდელობით, წელს მსოფლიოს სხვადასხვა ავტოშოუზე „ჯენერალ მოტორსი“ ბევრად უფრო დახვეწილი და ნაკლები საწვავის მომხმარებელი ავტომობილებით წარსდგა. „შევროლე ვოლტი“ სწორედ ამ სტრატეგიის მთავარი ნაწილია. აკუმულატორის დამზადების სიძვირისგან გამომდინარე ბაზარზე გამოსული პირველი მოდელები „ჯენერალ მოტორსის“ სხვა მარკებთან შედარებით უფრო ძვირადღირებული იქნება. „ვოლტის“ მწარმოებელი ხაზის დირექტორი ტონი პოსავაცი ამბობს, რომ ეს ავტომობილი ფართო მომხმარებლისთვისაა გათვლილი.
„ჯენერალ მოტორსი“ ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არ აცხადებს იმას თუ რა ეღირება „ვოლტი“, მაგრამ ინდუსტრიის მცოდნეების ვარაუდით ფასი ოცდათხუთმეტი ათასი დოლარის ფარგლებში უნდა ვივარაუდოთ. პოსავაცი მიუთითებს, რომ „ვოლტი“ ამერიკის მთავრობის ეკოლოგიურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს და მყიდველს შვიდი ათას ხუთასი დოლარის ოდენობის გადასახადის ეკონომიას ჰპირდება. მისი თქმით, ყოველწლიურად „ვოლტის“ მფობელს საწვავზე ძალზე მცირე თანხის დახარჯვა მოუწევს.
მიმდინარე წლის მიწურულს „ვოლტის“ გაყიდვას პირველად კალიფორნიისა და მიჩიგანის დილერები დაიწყებენ. სხვა შტატებს ავტომობილს მოგვიანებით მიაწოდებენ.
იაპონური „ნისანი“ აცხადებს, რომ ისეთი ელექტრომობილის გამოშვებას აპირებს, რომელიც საწვავს საერთოდ არ გამოიყენებს და მისი ერთი დატენვა 160-ცი კილომეტრის გავლას გახდის შესაძლებელს. ნისანი ამბობს, რომ ეს ავტომობილი გაყიდვაში მიდინარე წლის მიწურულისთვის გამოვა.