კანდიდატები ცხინვალში

ამ დროისთვის დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთში ბლოკირებულია ოპოზიციური საიტები, ცხინვალში მოღვაწე ჟურნალისტების უმეტესობა კი ემიგრირებულია.

ორი კვირის შემდეგ დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, არჩევნებისთვის ყველაფერი მზადაა. ამ ეტაპზე ცხინვალის ტელევიზიით წინასაარჩევნო დებატები მიმდინარეობს.

დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთში პრეზიდენტობაზე პრეტენზიის მქონე 22 კანიდატი აღმოჩნდა, მაგრამ ცენტალურმა საარჩევნო კომისიამ ახალი წესების შემოღებით, უდიდესი უმეტესობის გაცხრილვა მოახერხა. თავდაპირველად ჩატარდა გამოცდა რუსული და ოსური ენის ცოდნაში, შემდეგ კი დეტალურად გადამოწმდა კანიდატების მიერ წარდგენილი მხარდამჭერთა სიები. ერთადერთი ოპოზიციონერი კანდიდატი სერგეი ზასეევი, რომელმაც ლინგვისტური გამოცდის ჩაბარება წარმატებით შეძლო, სწორედ ამ, მეორე ეტაპზე გამოეთიშა საარჩევნო მარათონს. იგი ჯიოევას გვერდით იდგა დეკემბერში აქციებზე, რომლებიც ცხინვალში იმართებოდა. განხეთქილება მათ შორის კი ინაუგურაციის საკითხის თაობაზე მოხდა. ზასეევის აზრით, ოპოზიცია 25 მარტის არჩევნებისთვის უნდა მომზადებულიყო. ჯიოევა კი მიიჩნევდა, რომ ინაუგურაცია ყველაზე სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ზასეევის მოსაზრებები ჯიოევას იდეებს დაშორდა, მან მაინც ვერ მოიპოვა საარჩევნო კამპანიაში ჩაბმის უფლება.

პრეზიდენტობის პოსტის დასაკავებლად დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთში ახლა ოთხი კანდიდატი იბრძოლებს. ესენი არიან დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის სახალხო დამცველი დავით სანაკოევი, სამხრეთ ოსეთის ელჩი რუსეთის ფედერაციაში დიმიტრი მედოევი, კომუნისტი სტანისლავ კოჩიევი და უშიშროების კომიტეტის ექს ხელმძღვანელი ლეონიდ თიბილოვი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ბელა პლიევამ, რომელმაც გასული წლის ნოემბერში ჯიოევა გამარჯვებულ კანიდატად ოფიციალურად დაასახელა, განაცხადა, რომ სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად ყველაფერი მზადაა.

გოგი ხუციშვილი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ არჩევნები ცხინვალში ყოველგვარი გართულებების გარეშე ჩაივლის. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში პროტესტის მუხტი კვლავაც შენარჩუნებლია. „რა თქმა უნდა იქ იქნება აპათიური განწყობა, მაგრამ გამოვრიცხავ, რომ არჩევნები ჩაიშალოს. თუმცა შესაძლოა, მეორე ტურის გამართვა გახდეს საჭირო,“– ამბობს გოგი ხუციშვილი.

ლეონიდ თიბილოვი, პრეზიდენტობის კანდიდატი დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთში საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში თავისუფალი პრესის თემას შეეხო და განაცხადა, რომ ის დამოუკიდებელი და დემოკრატიული ქვეყნისთვის აუცილებლობას წარმოადგენს.

„უკეთესი იქნება გიპასუხოთ, რას გავაკეთებ, თუ მე გავხდები პრეზიდენტი, საერთოდ, დამოუკიდებელი ქვენებისთვის ეს მნიშვნელოვანი საკითხია. პრესის მუშაობა არ უნდა კონტოლდებოდეს ხელისუფლების მიერ. უნდა ჰქონდეთ მათ დამოუკიდებელი მუშაობის საშუალება. თუმცა ინფორმაცია უნდა მომდინარეობდეს ხალხისგან და პრეზიდენტი, თუ სხვა ვინმე როცა გაეცნობა ასეთ მასალას, ობიექტურობის პირობებში, უნდა იყოს სასარგებლო ყველასთვის.

რა თქმა უნდა არის გარკვეული მიზეზები, რის გამოც, თავისუფალმა პრესამ ცხინვალში დაასრულა არსებობა, თუმცა მე მიმაჩნია, რომ ის აუცილებელია. მიმაჩნია ასევე, რომ პირველ რიგში ქვეყანაში უნდა დამკვიდრდეს კანონის უზენასობა და დისციპლინა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთში ბლოკირებულია ოპოზიციური საიტები, ცხინვალში მოღვაწე ჟურნალისტების უმეტესობა კი ემიგრირებულია.