პოლარიზებული თურქეთი

პოლარიზებული თურქეთი

მიწისძვრა და ქურთული საკითხი მოვლენების ესკალაციას იწვევს

თურქეთში ქურთებით დასახლებულ რეგიონში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრა ქურთულ-თურქულ ურთიერთობებზეც აისახა. მანამდე ქურთმა მეამბოხეებმა რამდენიმე შეტევა განახორციელეს თურქეთის არმიის ნაწილებზე, რის შედეგადაც 24 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. რამდენიმე დღეში კი დამანგრეველმა მიწისძვრამ 500-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 1600-მდე დაშავდა და ათასობით უსახლკაროდ დარჩა. ამ სტიქიის შედეგად ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად გადარჩენილთა მიმართ თურქების მხრიდან ცუდი მოპყრობის ფაქტებიც გამოვლინდა. ამ ვითარების შესახებ დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი დორიან ჯონსი ადგილზე არკვევდა.

იმ დროს, როდესაც ქურთებით დასახლებული ქალაქი ვანის რეგიონის მიწისძვრამ დაანგრია, ქვეყანაში ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ დემონსტრაციები იმართებოდა. თურქები ქურთების მიერ 24 სამხედროს მკვლელობას აპროტესტებდნენ. თურქეთის ტელევიზიაში ცნობილი გადაცემის წამყვანმა მუგე ანილმა მიწისძვრით დაზარალებული ქურთების დახმარების თაობაზე უკმაყოფილება გამოხატა. მისი თქმით, ქურთებმა თავის ადგილი უნდა იცოდნენ.

„ქურთები თურქეთის პოლიციას ქვებს უშენენ და თურქ სამხედროებს კლავენ, ახლა კი, მიწისძვრის შემდეგ ისინი თურქეთის არმიას და პოლიცია დახმარებას თხოვენ,“ - განაცხადა ანილმა.

მისი ეს გამოსვლა ბევრმა გაკიცხა და ანილი იძულებული გახდა ბოდიში მოეხადა. თუმცა, თურქეთის გავლენიანი გაზეთის „მილიეთის“ პოლიტიკური მიმომხილველის ასლა აიდინთასბას განცხადებით, ანილის შეცდომა ის იყო, რომ მან ხმამაღლა თქვა ის, რასაც უამრავი თურქი ფიქრობს.

„მას შემდეგ, რაც ქურთისტანის მუშათა პარტიამ განახორციელა შეტევები რასაც 24 ადამიანი შეეწირა, რასიზმის გარკვეული ელემენტები გამოვლინდა განსაკუთრებით სოციალურ მედიაში. ხალხი ამბობს, რომ მათ არ უნდა ადარდებდეთ მიწისძვრის შედეგები, რადგან ის ვინც დაიღუპა, მათაც არ ადარდებდათ თურქი ჯარისკაცების სიკვდილი. დაჯექით ტაქსში და კითხეთ მძღოლს, რას ფიქრობს ამაზე? შეეკითხეთ ნებისმიერ გამვლელს. ქურთების მიმართ ასეთი აღშფოთება რეალურად არსებობს,“ - ამბობს აიდინთასბა.

თუმცა. მიწისძვრით დაზარალებული ქურთების დასახმარებლად მთელი ქვეყნის მასშტაბით მილიონობით ევრო შეგროვდა. ფულადი თანხის გარდა დაზარალებულებს თბილი ტანსაცმელიც მიაწოდეს, მაგრამ როგორც ამ ქველმოქმედების ორგანიზატორები აცხადებენ, იყო შემთხვევები, როდესაც შეწირული ტანსაცმლის ჯიბეებში ქურთების ქმედების დამგმობი წერილები იპოვეს.

ვითარება იქამდე მივიდა, რომ ამ მოვლენაზე კომენტარი თავად პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოგანმა გააკეთა.

მისი გაცხადებით, დისკრიმინაციის ნებისმიერი ფრაზა, სიტყვა თუ გამოხატულება სინდისის და ადამიანის საზღვრებს ცდება. გადამდგარი გენერალი ჰალდუნ სოლმაზთურქი თვლის, რომ პრემიერ-მინისტრმა სწორი განცხადება გააკეთა. გენერალი, რომელმაც მთელი თავის კარიერა ქურთ ამბოხებულებთან ბრძოლას მიუძღვნა, თვლის, რომ ბოლო პერიოდში ვითარების ესკალაცია მოხდა, რასაც მეამბოხეებთან ბრძოლებში 50-ზე მეტი ჯარისკაცი შეეწირა. ეს კი მისი აზრით, ეთნიკური ვითარების პოლარიზებას უწყობს ხელს.

როგორც დამკვირვებლები ამბობენ, ვანში მომხდარ მიწისძვრას ერთგვარი სიმბოლური ხასიათიც აქვს ქურთულ-თურქულ ურთიერთობებში. ამ კატასტროფამ შესაძლოა თურქეთის გაერთიანებას შეუწყოს ხელი, თუმცა არ არის გამორიცხულ, რომ პოლარიზება კიდევ უფრო გაღრმავდეს.