რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, 2020 წლამდე მოსკოვი ასობით მილიარდ დოლარს დახარჯავს შეიარაღების მოდერნიზაციისთვის.
ამ წლის დასაწყისში, პარლამენტში გამოსვლისას ბატონმა პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი უცხოეთიდან მომავალ ნებისმიერ საფრთხეს მომზადებული უნდა შეხვდეს.
ასე რომ, 2013 წლისთვის ახალი რაკეტების შექმნაა დაგეგმილი. სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, ეს ამბიციური გეგმები პირველ რიგში კრემლის მიერ რეგიონში თავისი გავლენის შენარჩუნებას და გაძლიერებას ისახავს მიზნად.
ვლადიმირ პუტინის განცხადებით:
“ 730 მილიარდი დოლარი 2020 წლამდე, თითქმის 20 მილიონი დღეში. რუსეთის მთავრობა ზუსტად ამდენს დახარჯავს არმიის გადაიარაღებისთვის.“
ამ პროგრამის ფარგლებში 8 სტრატეგიული ატომური წყალქვეშა ნავი უნდა აიგოს, რომლებიც „ბულავას“ ტიპის რაკეტებით იქნებიან აღჭურვილნი. ამას დაემატება 600 ახალი სამხედრო თვითმფრინავი და ეს-400 და ეს-500 ტიპის ჰაერსაწინაღო თავდაცვის სისტემები.
დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტის პაველ ფელგენჰაუერის განცხადებით, სტრატეგიული ბირთვული იარაღის განახლება რუსეთის ხელისუფლების პირველი რიგის ამოცანაა. მისი თქმით:
“საჭიროა სამხედრო-საჰაერო ძალების, ჰაერსაწინაღო თავდაცვის სისტემების, არმიის რეფორმირება, რადგან დღევანდელი შეიარაღების მხოლოდ 10-15% აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.“
როდესაც რუსეთი მილიადობით დოლარის თანამედროვე შეიარაღებას საზღვარგარეთ ყიდის, არმია ძირითადად საბჭოთა კავშირის დროინდელი იარაღით არის აღჭურვილი.
ბატონი ფელგენჰაუერის განცხადებით, უკანასკნელი 10 წლის მანძილზე მთავრობამ გაზარდა თავდაცვის ბიუჯეტი, მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი. რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ბევრად ჩამოუვარდება საბჭოთა კავშირის პოტენციალს, ის დღესაც იმავე რაკეტებს და თვითმფრინავებს აწარმოებს, მაგრამ ეს ყოველივე გაცილებით უფრო ძვირი ჯდება.
რუსეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სამხედრო ბიუჯეტის გაზრდა საგარეო საფრთხეებთან გასამკლავებლად არის მიმართული. მაგრამ ექსპერტების აზრით, რუსეთის სამხედრო ძლიერების დემონსტრირება კიდევ ერთ მიზანს ემსახურება. საჭიროა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის აღორძინება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოახლოებული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინ.
უცხოეთიდან იარაღის იმპორტი რამდენიმე კომპონენტს შეიცავს. მოსკოვი უცხოური იარაღის შეძენასთან პარალელურად, დასავლურ კომპანიებთან ერთად საერთო პროდუქციის იარაღის წარმოებას აპირებს, რაც პოსტ-საბჭოთა ერაში, თანამედროვე რუსეთში, უბრალოდ ბიზნესის კეთებას ნიშნავს ყოველგვარი იდეოლოგიის გარეშე.