საბჭოთა ეპოქის გახსენება

საბჭოთა ეპოქის გახსენება

ოცი წლის წინანდელი მოვლენები დასავლელი ჟურნალისტების თვალით

საბჭოთა კავშირის დაშლიდან ოცი წელი სრულდება. ამ ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებით, „ამერიკის ხმის“ რუსული რედაქცია შეეცადა საბჭოთა ეპოქის ბოლო პერიოდი მოსკოვში იმ დროს მომუშავე ჟურნალისტების თვალით წარმოეჩინა. გადაცემაში, რომელსაც „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ანდრე დე ნეშნერა უძღვებოდა, მონაწილეობდნენ: „ამერიკის ხმის“ დირექტორი - დევიდ ენსორი, რომელიც 1992 -95 წლებში მოსკოვში „ეიბისი ნიუსის“ სახელით მუშაობდა, ასევე საბჭოთა პერიოდში მოსკოვიდან პერიოდულად აშუქებდა მოვლენებს. ლუიზ ბრენსონი - 1983-1987 წლებში ლონდონური „სანდი ტაიმსის“ მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელი და მიხაილ გორბაჩოვის შესახებ დაწერილი ერთერთი წიგნის თანაავტორი და მაიკლ დავსი - 80-იან წლებში „ვაშინგტონ პოსტის“ მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელი.

რამდენად მოსალოდნელი იყო, რომ 1985 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლების სათავეში მოსული მიხეილ გორბაჩოვი დაიწყებდა რეფორმების გატარებას?

საბჭოთა ეპოქის გახსენება

„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მედია საშუალებები საბჭოთა კავშირში მკაცრად კონტროლდებოდა. ამდენად რეალურად არ შეეძლოთ ადამიანებს აღექვათ, თუ რას წარმოადგენდა გორბაჩოვი, მანამდე ვიდრე 1985 წლის ერთ მშვენიერ დღეს მან ლენინგრადში არ წარმოთქვა სიტყვა. მე ეს დღე კარგად მახსოვს. ყველა ადამიანი ტელევიზორთან იყო მიმჯდარი. და განსხვავება იყოს ის, რომ გორბაჩოვი საუბრობდა როგორც ნორმალური ადამიანი. ის არ საუბრობდა გრძელი, გაუგებარი წინადადებებით, რაც ახასიათებდა კომუნისტურ პროპაგანდას. მან ძალიან მარტივად თქვა, რომ საბჭოთა კავშირი იყო სახლი, რომელსაც სჭირდებოდა რემონტი. პირველი ნიშანი, რომ გორბაჩოვი დაიწყებდა რეფორმებს იყოს ის, რომ მან კომუნიკაცია დაამყარა ჩვეულებრივ ხალხთან,“ - განაცხადა ლუიზ ბრენსონმა.

სამივე მოწვეული სტუმარი სხვადასხვა დროს მუშაობდა მოსკოვში, თუმცა კომუნისტური ეპოქის გაშუქება სამივეს უწევდა. რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული მათი ჟურნალისტური მოღვაწეობა საბჭოთა პერიოდში? სამივე სტუმარმა განაცხადა, რომ უმთავრესი პრობლემა ეს იყო შიში.

„ვიდრე ბოლო პერიოდზე ვისაუბრებდე, მინდა ცოტა უკან დავბრუნდე - 70-იანი წლების ბოლოს და 80-იანების დასაწყისში, როდესაც ხშირად მიწევდა მოსკოვში სიარული. როცა მე კამერით გავდიოდი ქუჩაში ხალხთან სასაუბროდ, ადამიანებს უბრალოდ ეშინოდათ საუბრის. ეს შიში იგრძობოდა 1988 წელსაც. მაგრამ 1992 წლისთვის რაღაც დიდი გარდატეხა მოხდა. ყველა ადამიანს სურდა ჩემთვის თავის ამბის მოყოლა.ჩვეულებრივ, ეს ტრაგიკული ისტორიები იყო,“ - იხსენებს დევიდ ენსორი.

„ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტმა მაიკლ დავსმა ასევე გაიხსენა 1991 წელს მომხდარი პუტჩის დღები, როდესაც საბჭოთა კავშირში მოხდა უდიდესი გარდატეხა და დემოკრატიის მოთხოვნა უკვე ხალხისგან წამოვიდა. განსაკუთრებული გავლენა მასზე მოახდინა ბორის ელცინის ტანკზე ასვლამ და ხალხისადმი მიმართვამ. ასევე იმან, რომ ის დღეები პირდაპირ ეთერში შუქდებოდა საბჭოთა მედიის მხრიდან და ჟურნალისტებს ქონდათ საშუალება გასაუბრებოდნენ საბჭოთა ნომენკლატურის წარმომადგენლებს, უშიშროების და პოლიციის თანამშრომლებს, მაღალჩინოსნებს და დეპუტატებს.

საბჭოთა ეპოქის გახსენება

შეკითხვაზე, თუ რამ გამოიწვია ელცინის ფიგურის აღზევება, მაიკლ დავსმა განაცხადა:

„ნაწილობრივ ამის მიზეზი იყო თავად მისი პიროვნება და ნაწილობრივ მისი პოლიტიკური ხედვები. მე მახსოვს მის მიერ მოთხრობილი ბავშვობის ისტორია, როდესაც 6 წლის ელცინი შეეწინააღმდეგა მასწავლებელს. მას ეს თვისება ქონდა მაშინაც, როცა გახდა პოლიტიკოსი. ამ თვისებას კი მისთვის პოპულარობის ეფქტი ქონდა. მას გააჩნდა უნარი გაეთავისებინა ჩვეულებრივი ადამიანების პრობლემები. ასევე, ის არ დადიოდა იმ ლიმუზინებით, რითაც სარგებლობდნენ საბჭოთა ლიდერები. მიუხედავად იმისა, რომ ელცინი დიდი აღნაგობის იყო, ის სარგებლობდა ჩვეულებრივი ჟიგულის მარკის ავტომანქანით. მე მახსოვს მისი სახე როდესაც ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს, თუ როგორ ჯდებოდა ჟიგულში და ის მიხვდა, რომ ეს საბჭოთა ადამიანებზე კარგად იმოქმედებდა,“- განაცხადა მაიკლ დავსმა.

ლუიზ ბრენსონის განცხადებით, ელცინსა და გორბაჩოვს შორის დიდი სხვაობა იყო. პირველი ის, რომ გორბაჩოვს სჯეროდა სისტემის, მას სჯეროდა სტალინის. ასევე გორბაჩოვი კომკავშირის მდივანი ძალიან ახალგაზრდა გახდა.

დევიდ ენსორის აზრით ასევე სხვაობა იყო იმაში, რომ ელცინმა აღარ იცოდა, თუ რა უნდა გაეკეთებინა მომავალში. მან იცოდა, რომ ხალხი მზად იყო კომუნიზმის დასრულებისთვის, თუმცა რა იქნებოდა შემდეგში, წარმოდგენა არ ქონდა.

მაიკლ დავსის აზრით, გორბაჩოვმა ნებაზე მიუშვა ის ძალები, რომლის შემდგომი კონტროლიც უკვე შეუძლებელი გახდა. პირველი, ეს იყო სიტყვის თავისუფლების მიცემა. ასევე თავისუფლება მიეცათ ნაციონალისტურ ძალებს, შეუქცევადი პროცესები დაიწყო ბალტიის ქვეყნებში და საქართველოში. პროცესები, რამაც საბოლოო ჯამში დაასრულა კიდეც მიხაილ გორბაჩოვის კარიერა 1991 წლის დეკემბერში, როდესაც საბჭოთა კავშირი უკვე ისტორიის კუთვნილება გახდა.