როგორი იქნება 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში?

როგორი იქნება 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში?

შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საპატიო პროფესორი ბატონი პიტერ რედევეი.

ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტთან არსებულ ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის კვლევის ინსტიტუში გაიმართა შეხვედრა თემაზე „2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გავლენა რუსეთის დღევანდელ პოლიტიკურ ცხოვრებაზე.“ შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საპატიო პროფესორი ბატონი პიტერ რედევეი.

გამოსვლის დასაწყისში რედევეიმ აღნიშნა, რომ რუსეთის პრემიერ მინისტრის ვლადიმირ პუტინის ძალაუფლება ორ ერთამანეთისგან განსხვავებულ მომხრეთა ბანაკს ემყარება. პირველი ბანაკი პრეზიდენტ ბორის ელცინის ადმინისტრაციის გარკვეულ ყოფილ წევრებს აერთიანებს, რომლებიც დასავლეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობას ემხრობიან. ხოლო მეორე ბანაკში ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები შედიან, განსაკუთრებით სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც დასავლეთის მიმართ მტრულად არიან განწყობილნი. ამდენად, პუტინს ამ ორი ურთიერთ დაპირისპირებული დაჯგუფების ინტერესების დაბალანსება უხდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ პუტინის პრეზიდენტობის დასაწყისში „სილოვიკებად“ ცნობილ მხარდამჭერთა ეკონომიკური გავლენა საკმაოდ შეზღუდული იყო ელცინის ადმინისტრაციის ყოფილ წევრებთან შედარებით, რომლებმაც წინა ათწლეულის მანძილზე დიდძალი ქონება და აქტივები მოიპოვეს.

„ჩემი აზრით, პუტინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ მიღწევას წარმოადგენს ის გარემოება, რომ მან საკუთარ მომხრეთა მეორე ჯგუფი ანუ ‘სილოვიკები’ პრივილეგიებით, დოვლათითა და ძალაუფლებით დააჯილდოვა, მაგრამ იმავდროულად პიველი ჯგუფის წევრები ანუ ელცინის ადმინისტრაციის ყოფილი მაღალჩინოსნები არ ჩამოიშორა. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ რაც შეეხება მმართველი რეჟიმის შიგნით ძალაუფლებისა და დოვლათის განაწილებას, პუტინმა თავი გამოიჩინა, როგორც არაჩვეულებრივად მოხერხებულმა დამაბალანსებელმა და შუამავალმა “- აღნიშნა პროფესორმა რედევეიმ.

რედევეის მიაჩნია, რომ პუტინი არც ავტორიტარულ და არც ქარიზმატულ ლიდერს არ წარმოადგენს. პუტინი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ ანგარიშვალდებულებას მომხრეთა ორი ბანაკის მიმართ, რადგან მშვენივრად იცის, რომ მათ მასზე მაკომპრომეტირებელი მასალები გააჩნიათ და აუცილებლობის შემთხვევაში ამ მასალებს მის წინააღმდეგ გამოიყენებენ.

„ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებმა ცხადყო, რომ პუტინის პოპულარობა როგორც მმართველ კლასში ისე მოსახლეობაში შესამჩნევად დავარდა. ამას გარდა, პოლიტიკური, ბიზნეს და მედია მოღვაწეები სულ უფრო ხშირად საჯაროდ აცხადებენ, რომ ისინი პუტინის პრეზიდენტად ხელახლად არჩევას ეწინააღმდეგებიან. საჯაროდ ამის შესახებ განცხადებებით გამოვიდნენ ისეთი ფიგურები როგორებიც არიან კასიანოვი, ჩუბაისი, გორბაჩოვი, ალექსანდრე ლებედევი, იურგენსი, ლატინინა, ორეშკინი, ნემცოვი, მილოვი, რიჟკოვი და სხვები"- აღნიშნა რედევეიმ.

რუსი ეკონომისტების ერთი ნაწილის აზრით, პუტინის 11-წლიანი მმართველობის შედეგად, რუსეთი პოლიტიკური ავტორიტარიზმის, გრძელვადიანი ეკონომიკური სტაგნაციისა და საგარეო პოლიტიკის სფეროში საერთაშორისო იზოლაციის ჩიხში აღმოჩნდა.

"ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის კითხვაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ჩრდილოეთ კავკასიის ფაქტორი რუსეთის 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, პროფესორმა რედევეიმ შემდეგი პასუხი გასცა:

„კრემლს ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ რეალისტური პოლიტიკა არ გააჩნია. კრემლში არ იციან რა მოიმოქმედონ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. მედვედევის იდეები შეიძლება ამჟამინდელი პოლიტიკსგან ოდნავ განსხვავდებოდეს, მაგრამ, როგორც ჩანს, არც ისინი გამოირჩევიან ეფექტურობით. ეს საკითხი პუტინის პერიოდის ყველაზე მტკივნეულ პრობლემად მოიაზრება. აშკარაა ის, რომ პუტინი ამ პრობლემას ადეკვატურად ვერ გაუმკლავდა. მაგალითად, გამოდგება თუნდაც ის, რომ ჩეჩნეთის დიქტატორად რამზან კადიროვის დანიშვნამ მოსკოვს ბევრი პრობლემა შეუქმნა. რაც შეეხება ჩრდილოეთ კავკასიის ფაქტორის გავლენას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ვფიქრობ ის უმნიშნვნელო იქნება იმდენად, რამდენადაც არც პუტინს და არც მედვედევს ამ რეგიონის მიმართ რეალისტური პოლიტიკა არ გააჩნია.“

შეხვედრის მიწურულს "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში პროფესორმა რედევეიმ ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ საქართველოს პოლიტიკა ამგვარად დაახასიათა:

„როცა ლაპარაკია საქართველოს ურთიერთობაზე ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან, ვფიქრობ პოლიტიკის შეცვლას შეიძლება მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვეს. გამოიწვევს თუ არა ამგვარი პოლიტიკა კავკასიის დესტაბილიზაციას, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია. მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის მთავრობა ყველა ღონეს იხმარს, რათა ტერორისტების გადასვლა საქართევლოში არ დაუშვას. იმავდროულად საქართველოს მთავრობამ რუსეთს წარსულში დაპირება მისცა, რომ საქართველო ტერორისტებს თავშესაფარს არ შესთავაზებს. თუმცა რასაკვირველია ლოგიკური იქნებოდა უვიზო რეჟიმის გაფართოება რათა რუსეთის ყველა მოქალაქეს საქართველოში შესვლა შეეძლოს.“