უცხოური პრესის მიმოხილვის დღევანდელი გამოშვება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს ეთმობა. მიმოხილვას ვიწყებთ ენ ეპლბაუმის სტატიით, სათაურით „მიესალმეთ ცვლილებებს,“ რომელიც გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ 31 იანვარს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:
„პოლიტიკოსებსა და ბანკირებს სტაბილურობა მოსწონთ. მაგრამ ის ‘სტაბილურობა,’ რომელსაც ჩვენ არაბულ სამყაროში ამდენი ხნის მანძილზე ვემხრობოდით, როგორც აღმოჩნდა, ნამდვილი სტაბილურობა როდი იყო. სინამდვილეში ეს იყო რეპრესია. ის დიქტატორები, რომლებსაც ჩვენ დახმარებას ვაწვდიდით ან სხვაგვარად ვუთმენდით - ზინე ელ-აბიდინ ბენ ალი, ჰოსნი მუბარაქი, სხვადასხვა მეფეები და უფლისწულები - ძალაუფლებას ინარჩუნებდნენ იმის გამო, რომ ისინი ეკონომიკურ განვითარებას აფერხებდნენ, აზრის გამოხატვის თავისუფლებას ახშობდნენ, განათლებას აკონტროლებდნენ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას მტკიცედ ეწინააღმდეგებოდნენ. ყოველ წელს ბერძნულად, ანუ იმ ენაზე, რომელზეც 10 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს, უფრო მეტი წიგნი ითარგმნება ვიდრე არაბულზე, რომელსაც 220 მილიონზე მეტი ადამიანი ფლობს. სხვადასხვა სახის დამოუკიდებელი ორგანიზაციები - პოლიტიკური პარტიებითა და კერძო ბიზნესებით დაწყებული და ქალთა უფლებების დამცველი ჯგუფებითა და აკადემიური საზოგადოებებით დამთავრებული - განუწყვეტელ შევიწროებასა და აკრძალვებს განიცდიან.
ყოველივე ამის შედეგად, ჩვენ ეგვიპტეს კრიზისი მივიღეთ, სადაც, ისევე როგორც სხვა არაბულ ქვეყნებში, საზოგადოების ზედა ფენებში გამაგრებულია მდიდარი და კარგად შეიარაღებული ელიტა, ხოლო დაბალ ფენებს ფანატიკურად განწყობილი და კარგად ორგანიზებული ისლამური ფუნდამენტალისტური მოძრაობა აკონტროლებს. ამ ორ ფენას შორის კი საზოგადოების უდიდესი ნაწილი მდებარეობს, რომელსაც პოლიტიკაში მონაწილეობის არანაირი გამოცდილება არ გააჩნია. სწორედ ეს არის ის ხალხი, რომლის კომერციულ წამოწყებებს კორუფცია და ნეპოტიზმი აბრკოლებს, ხოლო გარე სამყაროსთან კავშირს კი უაზრო კანონები და ბიუროკრატები ზღუდავენ.
ჩვენ გაოგნებულები ვართ, რაც გასაკვირი როდია. გასული ათწლეულის მანძილზე ხომ სხვადასხვა ამერიკული ადმინისტრაციები არაბულ სამყაროში დემოკრატიისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებაზე არაერთხელ საუბრობდნენ. გარკვეული ამერიკული ორგანიზაციები კი, როგორც ოფიციალური ისე არაოფიციალური, დემოკრატიის ეროვნული ფონდის ჩათვლით, ეგვიპტესა და სხვა ქვეყნებში დამოუკიდებელ ადამიანის უფლებების დამცველ აქტივისტებს ეხმარებოდნენ.
ზოგიერთი ამერიკელი ჟურნალისტი, ჩემი კოლეგის ჯექსონ დიელის ჩათვლით, ეგვიპტელ დემოკრატებთან ურთიერთობას ინარჩუნებდა და მათ შესახებ წერდა. მაგრამ ამერიკელი პრეზიდენტებისთვისა და სახელმწიფო მდივნებისთვის, პარტიული წევრობის მიუხედავად, სხვა საკითხები - მათ შორის, ნავთობი, ისრაელი და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა - ყოველთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო. ჩვენი დახმარებით ხორციელდებოდა ეგვიპტეს არმიისა და პოლიციის სუბსიდირება, რაც ეგვიპტელებისთვის კარგად არის ცნობილი. ქაიროში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ხომ სწორედ ამერიკაში წარმოებული ცრემლსადენი გაზის კაფსულები გამოიყენა.“
მიმოხილვას ვაგრძელებთ შეერთებული შტატების პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის სტივენ ჰედლის სტატიით - სათაურით „მუბარაქის პოლიტიკური ბედ-იღბლის ორი შესაძლო შედეგი,“ რომელიც გაზეთ „უოლ სტრით ჯორნალში“ 31 იანვარს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:
„ამჟამად ეგვიპტეში შექმნილი კრიზისის განვითარების ორი შესაძლო სცენარი არსებობს - ქვეყანას მუბარაქის მიერ არჩეული ახალი ადმინისტრაცია გაუძღვება ან მუბარაქი ძალაუფლებას ეგვიპტეს სამხედროების მხარდაჭერით აღჭურვილ გარდამავალ მთავრობას დაუთმობს.
პირველი სცენარის თანახმად, პრეზიდენტი მუბარაქი კრიზისს გაუძლებს. საპრეზიდენტო არჩევნები სექტემბერში უნდა გაიმართოს. ჯერჯერობით წარმოუდგენლად მეჩვენება, რომ არსებული გარემოებების ფონზე პრეზიდენტი მუბარაკი ან მისი შვილი გამალი მიიღებს დასკვნას, რომ დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭის ყრას რაიმე აზრი აქვს. ამდენად პრეზიდენტი მუბარაქი მის მიერ არჩეულ ახალ ადმინისტრაციას გაუძღვება. აქ მთავარი საკითხავია, ის გადასცემს თუ არა ძალაუფლებას სხვა არმიის ნდობით აღჭურვილ ავტორიტარულ ფიგურას მუბარაქი, თუ მნიშვნელოვნად შეცვლის კურსს და მოახლოვებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ქვეყანაში ჭეშმარიტი დემოკრატიული გარდაქმნის მიზნით გამოიყენებს.
მეორე სცენარის მიხედვით კი, პრეზიდენტი მუბარაქი ხელისუფლებიდან წავა და მას ეგვიპტეს სამხედროთა მხარდაჭერით აღჭურვილი გარდამავალი მთავრობა შეცვლის. თუ ეს მოხდა, მაშინ საპრეზიდენტო არჩევნების მეოხებით, შესაძლებელი გახდება ძალაუფლების გადაცემა ისეთი მთავრობისთვის, რომლის ლეგიტიმურობა ხალხს ეყრდნობა.
მე მჯერა, რომ, თუ ეგვიპტელი ხალხი ნამდვილი არჩევანის წინაშე დადგა, ის თავისუფლების დემოკრატიულ მომავლს აირჩევს და არა ექსტრემიზმით აღსავსე ისლამისტურ მომავალს. იმ შემთხვევაში, თუ "მუსლიმთა საძმო" დაკანონდა, ის ახალ პარლამენტში ადგილებს უდავოდ მოიპოვებს, მაგრამ უფრო მოსალოდნელია, რომ ეგვიპტეს შემდეგი მთავრობა მუსლიმთა საძმოს გავლენის ქვეშ არ იქნება. ეს იქნება არა-ისლამისტური მთავრობა, რომელიც თავისუფალი და დემოკრატიული ეგვიპტეს აშენენაბს შეუდგება.
ამგვარი მთავრობა ბევრ საკითხთან დაკავშირებით, შეერთებულ შტატებს ნამდვილი გამოწვევების წინაშე დააყენებს, მაგრამ ეს მაინც კარგი შედეგი იქნება. დიდი მოსახლეობისა და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ეგვიპტე ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ყოველთვის ლიდერობდა. ახლა ეგვიპტეს გაუჩნდა შესაძლებლობა არაბულ სამყაროში თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ მიმართული მოძრაობის ლიდერი გახდეს.“
უცხოური პრესის მიმოხილვას ვასრულებთ როს დუთატის სტატიით - სათაურით „ჩვენთვის ცნობილი ეშმაკი,“ რომელიც გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსში“ 30 იანვარს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:
„მანამ მსოფლიო ჰოსნი მუბარაკის შემდეგ ეგვიპტეს ბედ-იღბალზე ბჭობს, ამერიკელები შემდეგზე უნდა დაფიქრდნენ - სავსებით შესაძლებელია, რომ ეგვიპტეში მუბარაკს რომ არ ებატონა ბოლო 30 წლის მანძილზე, ნიუ იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენები დღესაც იდგებოდა."
ეგვიპტეს მუსლიმთა საძმოს წევრების დაპატიმრების, წამებისა და განდევნის მეოხებით, მუბარაკმა თავის ქვეყანაში ისლამური რევოლუციის ყველანაირი შესაძლებლობა გამორიცხა, მაგრამ ამგვარი ძალისხმევით მან ეგვიპტელი ისლამისტების რადიკალიზაციას შეუწყო ხელი. შედეგად ოსამა ბინ ლადენის მარჯვენა ხელი და, როგორც ამბობენ, ალ ყაიდას ნამდვილი ლიდერი აიმან ალ-ზავაჰირი ეგვიპტეს პოლიტიკური ასპარეზიდან გლობალურ ჯიჰადში გადაინაცვლა.
იმავდროულად მუბარაქის ურთიერთობა ვაშინგტონთან ჯიჰადისტების მსოფლმხედველობას გამუდმებით ადასტურებს. მუბარაკის მმართველობის დროს სხვა ქვეყნებთან შედარებით, ეგვიპტე ამერიკისგან მხოლოდ ისრაელზე ნაკლებ სახსრებს ღებულობდა. პოლიტიკური და ეკონომიკური სტაგნაციით იმედგაცრუებულ ბევრ ახალგაზრდა ეგვიპტელს სძულს, როგორც დიქტატორი - ისე მისი მფარველები შეერთებულ შტატებში. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ არქიტექტურის სტუდენტი მოჰამედ ატა, რომელიც ამერიკული ავიახაზების რეის ნომერ თერთმეტის პილოტის კაბინაში იჯდა როცა თვითმფრინავი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობას დაეჯახა.“