პანდემიის დასასრული

ღორის გრიპი საშიში აღარ არის

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ H1N1 ვირუსის, იგივე ღორის გრიპის პანდემიის დასრულების შესახებ განაცხადა. ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორის დოქტორ მარგარეტ ჩანის თქმით, მსოფლიო აღარ არის პამდემიური განგაშის მეექვსე ფაზაში. მისი განცხადებით, შარშანდელი წელი რთული პერიოდი იყო.

„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მუშაობა გაგრძელდეს და არ მივეცეთ თვითკმაყოფილებას. ასე რომ, მომავალში კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი. ძალიან მნიშვნელოვანია, უკვე ნასწავლი გაკვეთილების ხელახლა გამეორება, რათა მსოფლიო მომავალში შემდგომი პანდემიისთვის უკეთესად მოემზადოს,“ - განაცხადა ჩანმა.

მისი თქმით, პანდემიების და ვირუსების წინასწარმეტყველება შეუძლებელია. ამისათვის, აუცილებელია ფხიზლად ყოფნა. ყურადღება არ უნდა მოდუნდეს. „წინა პანდემიებიდან მიღებული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ვირუსი გააგრძელებს მოქმედებას და გამოიწვევს სერიოზულ დაავადებებს ახალგაზრდა ასაკის ჯგუფებში, სულ ცოტა პოსტ-პანდემიურ პერიოდში,“ - დასძინა ჩანმა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ღორის გრიპის ვირუსი კვლავ განაგრძობს მოქმედებას, თუმცა, სხვადასხვა ხარისხით. ამ მხრივ, რისკის ზონებად დასახელებულია ახალი ზელანდია და ინდოეთი. დოქტორ ჩანის განცხადებით, მსოფლიო ბედნიერია იმით, რომ ვირუსის გავლენა მაღალი აღარ არის და სასიკვდილო მუტაციის ფორმაც გავლილია. ჩანის თქმით, მნიშვნელოვანი იქნება ვაქცინის მიღების გახანგრძლივება და მაღალი რისკის ადამიანებში აცრების ჩატარება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოხსენების მიხედვით, 2009 წლიდან დღემდე ვირუსით მსოფლიოში 18 500 ადამიანის გარდაცვალებაა რეგისტრირებული. დოკუმენტის თანახმად, რეალურად გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა უფრო მეტი იქნება, თუმცა ზუსტი ციფრი რამდენიმე წლის მანძილზე კიდევ არ იქნება ცნობილი.