დევნილების გამოსახლების პროცესი დაიწყო

პირველ რიგში ეს მათ ეხება, ვინც აქამდე საბავშვო ბაღების შენობებში იყვნენ განთავსებულნი.

დევნილების გამოსახლების პროცესი დაიწყო. შიდა ქართლში, პირველ რიგში ეს მათ ეხება, ვინც აქამდე საბავშვო ბაღების შენობებში იყვნენ განთავსებულნი. დევნილები აცხადებენ, რომ ხელისუფლების დაკვეთით, სექტემბრამდე „გასუფთავების პროცესი“ უნდა დასრულდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო დაწესებულებაში მყოფი დევნილები „მანამდელ“ საცხოვრებლებს უნდა დაუბრუნდნენ. „მანამდელი“ საცხოვრებელი კერძო სექტორში განთავსებული ძველი, ანუ 1992 წლის კონფლიქტის დროს დევნილად ქცეული ადამიანისთვის გულისხმობს ნათესავთან დაბრუნებას, ან ბინის დაქირავებას. ახალი დევნილისთვის კი ესაა წასვლა გაურკვეველი მიმართულებით. დევნილთა და განსახლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ისეთ ოჯახებს, რომელთაც წასასვლელი არსად აქვთ, შენობების დატოვებას არ აიძულებენ. იგივეს აცხადებს მანანა ჭამპურიძე, დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელი შიდა ქართლსა და სამცხე–ჯავახეთში.

ოფიციალური წერილი, რომელიც გიორგი ჩუტკერაშვილმა დევნილთა და განსახლების სამინისტროს შიდა ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის წარმომდგენლობიდან მიიღო, იქ, სადაც ქალბატონი მანანა მუშაობს, იუწყება, რომ მან გორში საბავშვო ბაღის შენობა უნდა დატოვოს და წავიდეს მამის სახლში, რომელიც სოფელ ტირძნისშია: „თქვენ ითვლებით კერძო სექტორში ჩასახლებულ დევნილად. დევნილების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის მიხედვით, თქვენი დაკმაყოფილება არ მოხდება მეორე ეტაპის დაწყებამდე. 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც ბუფერული ზონებიდან მოხდა სამხედრო ძალების გასვლა, საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებული იყო დაბრუნებოდა საკუთარ საცხოვრებელ ადგილს.... ოჯახში უსიამოვნების გამო, ჩვენ ვერ დავუშვებთ გამონაკლისს პირველ ეტაპზე თქვენი განსახლების გზით, რადგან ამას მოყვება დევნილ მოსხლეობაში დიდი გაუგებრობა. ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ გყავთ ორი მცირეწლოვანი შვილი, თუმცა ვალდებული ხართ დაუბრუნდეთ თქვენს დროებით საცხოვრებელს ტირძნისში, ან ოჯახში შეუთანხმებლობის შემთხვევაში, დროებით, თქვენს დაკმაყოფილებამდე, გახვიდეთ საცხოვრებლად ქირით, როგორც არაერთი დევნილი ოჯახი“,– ეს გახლავთ ამონარიდი დევნილთა და განსახლების სამინისტროს მიერ გაცემული ოფიციალური წერილიდან. გიორგი ჩუტკერაშვილი დევნილი 1992 წლიდანაა. 2008 წლამდე იგი მამასთან სოფელ ტირძნისში ცხოვრობდა. თუმცა ახლა, კონფლიქტური სიტუაციის გამო მამა უფლებას არ აძლევს მასთან იცხოვროს ოჯახით, სახელმწიფო კი უთითებს, ბინა დაიქირავე, როგორც ამას არაერთი დევნილი აკეთებსო.

ცისმარი მიდოდაშვილიც ეგრეთ წოდებული ძველი დევნილია. ამჟამად ისიც საბავშვო ბაღში ცხოვრობს. ერთად შვიდნი არიან, თავად, მისი მეუღლე, სამი შვილი, რომელთაგან ყველა ომში იღებდა მონაწილეობას, რძალი, და 2 თვის შვილიშვილი. ომის დროს, 2008 წელს ქირით გორში სწორედ იმ სახლში ცხოვრობდა სუხუშვილის ქუჩაზე, რომელსაც ბომბი დაეცა და დაიწვა. მას შემდეგ დევნილიად მეორედ იქცა. ახლა ხელისუფლებისგან დროებით თავშესაფარს ითხოვს. ამბობს, რომ წასასვლელი არსად აქვს, არადა საბავშვო ბაღიდან გამოსახლების შესახებ რამდენიმე ოფიციალურმა პირმა პირადად გააფრთხილა.

საბავშვო ბაღებში შესახლებული დევნილები აცხადებენ, რომ ბაღის დატოვისთვის მიცემული ვადა ხვალ გადის.