ძალადობის საფრთხე თურქეთში

ანკარამ ჩრდილოეთ ერაყში სპეცოპერაცია დაიწყო

რამდენიმე დღის წინ თურქეთის არმიამ ჩრდილოეთ ერაყის ტერიტორიაზე საზღვარი გადალახა და ქურთებით დასახლებულ რეგიონში სპეცოპერაცია დაიწყო. ჩრდილოეთ ერაყში, რომელიც ამბოხებული ქურთისტანის მუშათა პარტიის საყრდენ ტერიტორიად ითვლება, თურქეთის ორი ბრიგადაა გადასროლილი. ოპერაციაში მონაწილეობენ სამხედრო ვერტმფრენები და ავიაგამანადგურებლები.ყოფილი სამხედრო მფრინავი და ამჟამად წამყვანი თურქი ჟურნალისტი მეთეან დემირი ამბობს, რომ ეს ოპერაცია სიუპრიზი არ ყოფილა.

„ოპერაციას დიდი ხანია ველოდით და ეს არის პასუხი ქურთისტანის მუშათა პარტიის ბოლოდროინდელ შეტევებზე, რასაც თურქული საზოგადოების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ამიტომაც თურქეთის მთავრობას და სამხედროებს უნდა ემოქმედათ. თურქი ჯარისკაცები შეტაკებებში თითქმის ყოველდღე იხოცებიან,“ - აცხადებს დემირი.

ბოლო ორი თვის მანძილზე ქურთისტანის მუშათა პარტიის მხრიდან თავდასხმების შედეგად ორ ათეულზე მეტი თურქი ჯარისკაცია დაღუპული.

2008 წლის შემდეგ ეს ჩრდილოეთ ერაყში თურქეთის არმიის, მეორე უმსხვილესი ოპერაციაა. თუკი, 2008 წელს თურქეთის ამ ნაბიჯს ბაღდადშიც და ერაყელი ქურთების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, ამჯერად ანკარას ქმედებას არავითარი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ეს კი ბოლო პერიოდში რეგიონში თურქეთის ურთიერთობების გაძლიერების შედეგად შეიძლება მივიჩნიოთ.

აღსანიშნავია, რომ ივნისის დასაწყისში ერაყელი ქურთების ლიდერი მასუდ ბარზანი თურქეთის დედაქალაქს ეწვია, რაც ისტორიულ ვიზიტად შეფასდა. ერაყელი ქურთების წარმომადგენელი საფინ დიზაი აცხადებს, რომ ქურთულ-თურქულ ურთიერთობებში ახალი ერა დადგა.

„მე მოხარული ვარ, რომ თურქეთის და ერაყის ქურთისტანის ურთიერთობები ასე ვითარდება და თავად თურქეთის შიგნითაც, ქურთული საკითხისადმი ახალი მიდგომაა. მთავრობის ახალი პროექტი კი შეგვიძლია უდიდეს ინიციატივად შევაფასოთ,“ - განაცხადა დიზაიმ.

ახალ ინიციატიავას კი „დემოკრატიული პერსპექტივა“ ეწოდება.

ეს პროექტი გასულ წელს დაიწყო და მისი მიზანი ქურთისტანის მუშათა პარტიასთან კონფლიქტის დასრულებაა. თუმცა, პროექტი შეჩერებულია. სამშაბათს პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოგანმა თურქეთში ქურთების უმსხვილეს ორგანიზაციას - მშვიდობისა და დემოკრატიის პარტიას შეუტია.

„მისი თქმით, ეს ტერორისტულ აქტები შეუწყნარებელია და პოლიტიკოსების მიერ ამ ნაბიჯების გამოყენება მშვიდობას ვერ მოიტანს. უბრალოდ რომ ვთქვათ, მშვიდობა ვერ მოიტანს მშვიდობას. ისინი ვინც პირდაპირ თუ ირიბ კავშირშია ქურთისტანის მუშათა პარტიასთან , ხელს უწყობენ მკვლელობებს,“ - განაცხადა ერდოგანმა.

ზოგიერთი დამკვირვებელი ფიქრობს, რომ ერდოგანის გამოსვლას შესაძლოა ქურთების მშვიდობისა და დემოკრატიის პარტიის აკრძალვა მოჰყვეს. ჟურნალისტი დემირი ამბობს, რომ, ამით „დემოკრატიის ფანჯარა“ შესაძლოა დაიხუროს.

საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რომელიც ერთი წლის შემდეგ გაიმართება, პრემიერ-მინისტრზე ზეწოლის გაძლიერებაა მოსალოდნელი. როგორც ანალიტიკოსები მიუთითებენ, ქურთისტანის მუშათა პარტიის მხრიდან შეტევების გააქტიურებასაც უნდა ველოდოთ, რასაც თურქეთში საზოგადოებრივი მღელვარება უთუოდ მოჰყვება. ამდენად, ანკარა შესაძლოა ძალადობის და მღელვარების უდიდესი საფრთხის წინაშე იდგეს.